დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-652-900-04 16 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა, თანხის უკან დაბრუნება, ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს ,,თ.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს სს ,,ს.-ის” მიმართ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2004წ. 14-15 იანვარს „ს.-ის“ ცენტრალური ფილიალის მიერ ამ ბანკშივე არსებული სს „თ.-ის“ მიმდინარე ანგარიშიდან უკანონოდ ჩამოჭრილ იქნა 374.893.18 ლარი. ბანკის განმარტებით, აღნიშნულ ქმედებას საფუძვლად დაედო 2003წ. 3 ივლისს „ს.-ის“ ცენტრალურ ფილიალსა და ლიტვის მოქალაქე ს. ვ.-ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება და ამ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „თ.-ის“ მიერ 2003წ. 3 ივლისს გაცემული თავდებობა, რომლის თანახმადაც, ბანკმა მსესხებელს გამოუყო სამომხმარებლო სესხის სახით 500.000 აშშ დოლარი, ხოლო სს „თ.-მ“ თითქოს იტვირთა სახელშეკრულებო ურთიერთობათა შეწყვეტის შემთხვევაში დაეფარა აღნიშნული თანხა საზოგადოების კუთვნილი თანხებიდან.
სს „თ.-ის“ სარჩელის მიხედვით, ზემოაღნიშნული თავდებობისა და მითუმეტეს საკრედიტო ხელშეკრულების შესახებ არ ყოფილა ცნობილი საზოგადოების მაშინდელი დირექტორის ი. ი.-ისათვის, რაც მოსარჩელის განმარტებით, დასტურდება ი.ი.-ის 2003წ. 22 სექტემბრის წერილით.
სს „თ.-ი“ მის მიერ თავდებობის დოკუმენტის გაცემას საეჭვოდ მიიჩნევს იმ მიზეზითაც, რომ ამ ოდენობის თანხის გაცემისათვის ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.9 ,,ზ” ქვეპუნქტისა და წესდების 65 ბ VII ქვეპუნქტის თანახმად საჭირო იყო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, რაც არ გახორციელებულა და რაც სკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
ასევე, მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება, რითაც სს „ს.-ს“ მიეცემოდა უფლება პირდაპირ და ერთპიროვნულად ჩამოეჭრა მასთან არსებული „თ.-ის“ მიმდინარე საბანკო ანგარიშიდან ნებისმიერი ოდენობის თანხები.
სს „თ.-ის“ სარჩელის მიხედვით, მოპასუხის უკანონო ქმედებით მან განიცადა მატერიალური ზარალი 374.893.18 ლარის ოდენობით, რაც უარყოფითად აისახა ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით საბრუნავი სახსრების დეფიციტის გამო საქართველოს ფარგლებს გარედან „თ.-ის“ მიერ საჭირო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესყიდვის დაფინანსებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სკ-ის 59-ე მუხლით და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 55-ე მუხლით მოითხოვდა ბათილად იქნეს ცნობილი „თ.-ის“ 2003წ. 3 ივლისის თადებობა ლიტველ მოქალაქე ს. ვ.-ზე გაცემული სესხის უზრუნველყოფის შესახებ. ასევე, სს „თ.-ს“ სს „ს.-ის“ მიერ აუნაზღაურდეს 2003წ. 14-15 იანვარს ამავე ბანკში არსებული საბანკო ანგარიშიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხა 374.893.18 ლარის ოდენობით.
მოპასუხე მხარემ სს „ს.-მ“ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
„თ.-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ი.ი.-ი, რომ ხელს აწერს 2003წ. 3 ივლისის თავდებობის ხელშეკრულებას, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სს „ს.-მ“ წარმოადგინა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკის მთავარი სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს „ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის“ საექსპერტო დასკვნები, რომელთა თანახმად, სს „თ.-ის“ დირექტორის ი. ი.-ის მიერ 2003წ. 3 ივლისს ხელმოწერილი თავდებობა და საკვლევად გადაცემული სხვა დოკუმენტები (მათ შორის ი. ი.-ის მიერ ბანკთან განხორციელებული მიმოწერა და მის მიერ ნოტარიუსის თანდასწრებით განხორციელებული ხელმოწერები) შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ.
სს „ს.-ი“ ბათილობის საფუძვლად არ მიიჩნევს გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ სს „ს.-მ“, ისე გასცა დიდი ოდენობის სესხი, რომ არ მოუთხოვია სს „თ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ის განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, დირექტორები საზოგადოებას წარმოუდგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.
შეგებებული სარჩელის მიხედვით, 2001წ. 24 სექტემბერს სს „ს.-სა“ და სს „თ.-ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სს „თ.-ს“ გამოეყო კრედიტი 2.000.000 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით. კრედიტს გააჩნდა მიზნობრიობა. კრედიტის ნაწილის 1.500.000 აშშ დოლარი მსესხებელს გამოეყო სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად, ხოლო 500.000 აშშ დოლარი დოკუმენტური ოპერაციების საწარმოებლად, რაც გულისხმობდა ამ თანხის ფარგლებში გრანტების, აკრედიტივების და თავდებობის გაცემას. მოქალაქე ს. ვ.-ზე „თ.-ის“ თავდებობა სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა.
სს „ს.-ის“ განმარტებით, 2003წ. 3 ივლისის თავდებობით სს „თ.-მ“ იკისრა ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი სს „ს.-ის“ წინაშე მოქალაქე ს. ვ.-ს მიერ აღებული კრედიტისათვის, ხოლო სკ-ის 463-464-ე მუხლების შესაბამისად სს „თ.-ი“ და ვ.-ე წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სკ-ის 465-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტორს შეუძლია თავის სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ“. ამიტომ, სწორედ სს „ს.-ს“ ჰქონდა აბსოლუტური უფლება მეორე სოლიდარული მოვალისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება.
სს „ს.-მ“ განახორციელა რა სს „თ.-ის“ ანგარიშებიდან 374.893.18 ლარის ჩამოჭრა, განახორციელა სს „თ.-ის“ მიერ ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებით გათვალისწინებული თანხის მიმართვა მეორე მოვალის დავალიანების დასაფარავად. გარდა სს „ს.-ის“ მიერ სს „თ.-ის“ ანგარიშიდან ჩამოჭრილი 374.893.18 ლარისა. ს. ვ.-სა და ბანკს შორის გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული კრედიტის დასაფარავად „თ.-ს“ როგორც სოლიდარულ მოვალეს დარჩენილი აქვს 351045.02 აშშ დოლარი ძირითადი თანხისა და 40273.40 აშშ დოლარი პროცენტის გადახდის ვალდებულება.შეგებებული სარჩელის მიხედვით, ვინაიდან სს „თ.-ი“ თავისი სარჩელით უარს აცხადებს მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამასთან, წარსულში სს „ს.-მა“ არაერთხელ შეახსენა მას მისი ვალდებულების შესახებ, ამიტომ სს „ს.-ი“ უფლებამოსილია სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე შეწყვიტოს ს. ვ.-სთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება და სს „თ.-ს“ როგორც სოლიდარულ მოვალეს მოსთხოვოს 391.318.42 აშშ დოლარისა (მათ შორის 351.045.02 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 40273.40 აშშ დოლარი პროცენტი) და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს.-მ“ მოითხოვა უარი ეთქვას სს „თ.-ს“ სარჩელზე, დაკმაყოფილდეს მისი შეგებებული სარჩელი და დაეკისროს სს „თ.-ს“ 391.318.42 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის 5.000 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,თ.-ის” სარჩელი გარიგების ბათილად ცნობისა და მისი საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ს.ს ,,ს.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. სს ,,თ.-ს” დაეკისრა 391318 დოლარის გადახდა ,,ს.-ის” სასარგებლოდ.
კოლეგია მიუთითებს: დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2001წ. 24 სექტემბერს სს „ს.-სა“ და სს „თ.-ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად „თ.-ს“ გამოეყო კრედიტი 2.000.0000 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით საპროცენტო განაკვეთი წლიური 18%-ით.
2003წ. 3 ივლისს გაცემული თავდებობის საფუძველზე 2003წ. 10 ივლისს სს „ს.-ის“ მიერ გაცემულ იქნა კრედიტი 497.512.44 აშშ დოლარის ოდენობით.
სკ-ის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია, უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
სკ-ის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა თავდების ვალდებულების შინაარსი და ძირითადი მოვალის მდგომარეობა იძლევა საფუძველს, კრედიტორმა თავდებს წაუყენოს გადახდის მოთხოვნა მოვალისაგან იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.
სასამართლო კოლეგია იზიარებს სს „ს.-ის“ წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი არ გასცემდა კრედიტს, რომ არ ყოფილიყო სს „თ.-ის“ ვალდებულება მისი დაფარვის შესახებ. იგივე გამომდინარეობს თავდებობის დოკუმენტის შინაარსიდან.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ კრედიტი ფაქტობრივად გაცემულ იქნა იმ თანხების ფარგლებში, რაც საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თანახმად გამოყოფილი ჰქონდა სს „თ.-ს“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს.-ს“ სკ-ის 895-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლება ჰქონდა მოვალისაგან იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც მოეთხოვა თავდებისაგან (სს „თ.-ისაგან“) ვალდებულების შესრულება.
საქმეში წარმოდგენილი თავდებობის 2003წ. 3 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, თავდებობით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების ზღვრული ვადა გრძელდება სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების სრულ დაფარვამდე.
საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის თანახმად, 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ სს „თ.-ის“ მიერ თანხის გადახდის ვადა უნდა დაწყებულიყო 2004წ. 1 იანვრიდან და დასრულებულიყო 1 აგვისტომდე.
იმ დროს, როდესაც სს „ს.-მ“ განახორციელა თანხის ჩამოჭრა (2004წ. 14-15 იანვარს) გადახდის გრაფიკის მიხედვით, ბანკის მიმართ უნდა განხორციელებულიყო გაცემული კრედიტის თანხის გადახდა ძირითადი თანხის ნაწილისა და პროცენტის სახით. საბოლოოდ სს „ს.-ს“ სკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, მაშინ შეეძლო საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა ვადაზე ადრე თუ კრედიტის ამღები ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას გადააცილებდა. შეწყვეტა ძალაში შევიდოდა თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდებოდა გადახდა.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კრედიტორი (სს „ს.-ი“) უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები, სასამართლო თვლის, რომ ბანკისათვის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები აშკარაა და ის არ არის მოჩვენებითი. აღნიშნული დასტურდება სს „თ.-ის“ იმჟამინდელი დირექტორის ი. ი.-ის 2003წ. 22 სექტემბრის წერილით, რომლითაც ის საერთოდ უარყოფს 2003წ. თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.
სს „ს.-ის“ მიერ შემოწმებულ იქნა სადავო დოკუმენტებზე არსებული ი.ი.-ის ხელმოწერები ნამდვილად იყო თუ არა განხორციელებული ხელმომწერი პირის (ი.ი.-ის) მიერ, რისთვისაც ბანკმა 2003წ. 3 ივლისის თავდებობის ხელშეკრულებასთან ერთად ი.-ის სხვა ოფიციალური დოკუმენტები წარადგინა საქართველოს შსს საექსპერტო-კრმინალისტიკის მთავარ სამმართველოში და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ მოკვლევათა ცენტრში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ორგანოების მიერ ბანკის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გამოკვლევის შედეგად გაცემულ იქნა სპეციალისტის ცნობა (¹კ/-159/01-კ-160/02 იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის (01.10.2003) (50-51 გვ.) და ექსპერტის ცნობა (საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო ¹5/გრ, 6/დტ. 2.10.2003 წ. 52-65 გვ.) რომელთა თანახმადაც სს „თ.-ის“ დირექტორის ი. ი.-ის მიერ 2003წ. 3 ივლისს ხელმოწერილი თავდებობა და საკვლევად გადაცემული სხვა დოკუმენტები (მათ შორის, ი. ი.-ის მიერ ბანკთან განხორციელებული მიმოწერა და მის მიერ ნოტარიუსის თანდასწრებით განხორციელებული ხელმოწერები) შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ.
სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული ნორმის თანახმად, შესრულების ვადის დადგომამდე ხდება შესაძლებელი ხელშეკრულებაზე უარის თქმა.
სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ნორმა კრედიტორს უფლებას აძლევს ოპერატიულად იმოქმედოს და არ იქონიოს უიმედო შესრულების იმედი, რათა დროზე დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები და მოიძებნოს ახალი პარტნიორი მოგების მიღების მიზნით.
სასამართლო კოლეგია არ იზიარებს სს „თ.-ის“ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2003წ. 3 ივლისის თავდებობის ხელშეკრულება ბათილია იმის გამო, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დასადებად სს „თ.-ის“ მხრიდან საჭირო იყო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, „მეწარმეთა შესახებ“კანონის 9.4 მუხლის თანახმად, დირექტორები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს. აღნიშნული ნორმის თანახმად, საწარმოს დირექტორს ენიჭება უფლებამოსილება საზოგადოების სახელით დადოს გარიგებები. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის მიერ საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ დადებულ იქნა გარიგება, რომელმაც გარკვეული ზიანი მიაყენა საზოგადოებას, ამოქმედდება „მეწარმეთა შესახებ“კანონის 9.7 მუხლით დაწესებული ნორმა დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების წინაშე.
გარდა აღნიშნულისა, სადავო ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი სს „თ.-ის“ წესდების 6.5 (ბ) VI პუნქტის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს აშკარა თანხმობა სჭირდება სესხებისა და კრედიტების აღებას, რომლის ღირებულება აღემატება საწესდებო კაპიტალის 10%-ს. 1999წ. 19 თებერვლის წესდების 3.1 მუხლის თანახმად, სს „თ.-ის“ საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 81.147.886 ლარს, რომლის 10% _ ბევრად აღემატებოდა „თ.-ის“ მიერ გაფორმებული თავდებობით უზრუნველყოფილ თანხას. სს „თ.-ის“ დირექტორს დაახლოებით 8.000.000-ის ფარგლებში ჰქონდა სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვის გარეშე გარიგებების გაფორმების უფლება, საქმის მასალებით კი დადასტურებულია, რომ სს „თ.-მ“ თავდებობით იკისრა 500.000 აშშ დოლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შეთანხმება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ნებარვის გარეშე დადებულ გარიგებად და არ არსებობს სკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი გარიგების ბათილად ცნობის შესახებ.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,თ.-მ”. კასატორი მიუთითებს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.9 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს ,,სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, თუ ისინი არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას.” მოცემულ შემთხვევაში კრედიტის უზრუნველყოფაზე ს.ს. ,,თ.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა არ არსებობს.
სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. სკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა.
,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.5 მუხლის მიხედვით ,,თუ გარიგების კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ საზოგადოებას შეუძლია ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობა. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა 9.5 მუხლთან დაკავშირებით.
,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7 მუხლი საზოგადოებას არ ართმევს 9.5 მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების შესაძლებლობას. კანონმდებელი საერთოდ არ შექმნიდა 9.5 მუხლს, თუ მისი შემცვლელი ისედაც იქნებოდა 9.7 მუხლის სახით.
,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.5 მუხლის მიხედვით ,,თუ გარიგების კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ საზოგადოებას შეუძლია ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობა”.
სასამართლომ საერთოდ აუარა გვერდი იმ საკითხზე მსჯელობას, რომ 2003წ. 3 ივლისის თავდებობა არ ყოფილა რეგისტრირებული თ.-ის კანცელარიაში.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დადგენილებიდან ირკვევა, რომ, მართალია, Uუშუალოდ 2003წ. 3 ივლისის თავდებობის ტექსტზე არსებული ხელმოწერა ი. ი.-ის მიერ არის შესრულებული, მაგრამ იმავე დღის წერილი თავდებობით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე თანხმობის გაცემაზე გაყალბებულია და არ მიეკუთვნება ი. ი.-ს.
თავად ი. ი.-ი კატეგორიულად უარყოფს ვინმე ს. ვ.-ზე თავდებობის გაცემის ფაქტს.
კასატორი მოითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების დამთავრებამდე.
კასატორის საკასაციო მოთხოვნაა, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„მეწარმეთა შესახებ“კანონის 9.4 მუხლის თანახმად, დირექტორები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, საწარმოს დირექტორს ენიჭება უფლებამოსილება საზოგადოების სახელით დადოს გარიგებები. იმ შემთხვევაში თუ დირექტორის მიერ საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ დადებულ იქნა გარიგება, რომელმაც გარკვეული ზიანი მიაყენა საზოგადოებას, ამოქმედდება „მეწარმეთა შესახებ“კანონის 9.7 მუხლით დაწესებული ნორმა დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების წინაშე.
გარე ურთიერთობებში, ანუ მესამე პირებთან ურთიერთობებში გამგეობა და დირექტორატი შეუზღუდავია და არც შეიძლება შეიზღუდოს თავის წარმომადგენლობით უფლებებში. საზოგადოების შიგნით, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობაში კი იგი ვალდებულია მოქმედებდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ე. ი. იმ ფარგლებში რომლებიც დაწესებულია კანონით, წესდებით ან მასთან დადებული ხელშეკრულებით. დირექტორის მიერ საზოგადოების წინაშე თავისი მოვალეობების დარღვევა გავლენას ვერ მოახდენს მესამე პირთა უფლებებზე და ის არ იწვევს მათთან დადებული გარიგებების ბათილობას.
,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის ორგანიზაციულ_სამართლებრივ ფორმებს. სამეწარმეო საქმიანობის მონაწილე სააქციო საზოგადოების მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 55-ე მუხლიც. 55.9 მუხლით განსაზღვრულია საწარმოს საქმიანობისათვის აუცილებელი მოქმედებები, რომელთა განხორციელება დირექტორმა სამეთვალყურეო საბჭოს უნდა შეუთანხმოს. ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ფილიალების შექმნა და მათი ლიკვიდაცია, სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა, საზოგადოების აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სხვა რასაც ეხება 55.9 მუხლი, არ უკავშირდება კონტრაგენტებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოცემული მუხლით დადგენილია საწარმოს შიდა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ფორმები და ის არ წარმოადგენს დირექტორთა შეზღუდვებს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.5 მუხლის მიხედვით ,,თუ გარიგების კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საზოგადოების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ საზოგადოებას შეუძლია ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობა.”
მოცემულ შემთხვევაში არსებობს კანონით დადგენილი პრეზუმფცია. მესამე პირებთან ურთიერთობისას იგულისხმება, რომ დირექტორი მოქმედებს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით და სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა არსებობს.
თუ დადგინდება, რომ გარიგების კონტრაგენტმა იცოდა, რომ დირექტორს არ ჰქონდა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა და იგი მოქმედებდა განზრახ სამეთვალყურეო საბჭოს გვერდის ავლით, ამ გარემოებამ შეიძლება გამოიწვიოს გარიგების ბათილობა.
,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლის შესაბამისად კონტრაგენტი არ არის ვალდებული მოსთხოვოს დირექტორს ხელშეკრულების დადებისათვის სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა.
სკ-ის პირველი მუხლის თანახმად, პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კოდექსი.
სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სკ-ის 861-ე მუხლის თანახმად, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე.
მხარეთა შორის არსებული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, წინამდებარე თავდებობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების მსესხებლის მიერ შეუსრულებლობის შედეგად, მსესხებელსა და კრედიტორს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობათა შეწყვეტის შემთხვევაში ბანკს ენიჭება უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ორგანიზაციის თანხებიდან.
სკ-ის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მოვალის გადახდისუუნარობა იყო აშკარა ან რომ ბანკმა გააფრთხილა ს. ვ.-ე.
უდავოა, რომ ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრა განხორციელდა 2004წ. 14-15 იანვარს, ხოლო ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2003წ. 18 დეკემბერს. დადგენილებით ნათელი ხდება, რომ სს ,,თ.-ი” სადავოდ ხდის თავდებობის ხელშეკრულებას, ხოლო ს. ვ.-ს პიროვნებისა და ადგილსამყოფელის დადგენაც საგამოძიებო მოქმედებების საგანი ხდება.
სკ-ის 405-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, შესრულების ვადის დადგომამდე ხდება შესაძლებელი ხელშეკრულებაზე უარის თქმა. აღნიშნული ნორმა კრედიტორს უფლებას აძლევს ოპერატიულად იმოქმედოს და არ იქონიოს უიმედო შესრულების იმედი, რათა დროზე დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები.
შესრულება, რომ უიმედო იყო ეს შემდგომში განვითარებული მოვლენებითაც დადასტურდა.
სსკ-ის 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე. საქმის წარმოების შეჩერების აუცილებელი პირობა არის მისი განხილვის შეუძლებლობა.
სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.
საკასაციო პალატა ყოველთვის ამოწმებს, გამოიყენა თუ არა საოლქო სასამართლოს კოლეგიამ ან პალატამ კონკრეტული საქმის განხილვისას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა თუ არა იგი. საკასაციო სასამართლო ასევე ამოწმებს, რამდენად სწორად იყო გამოყენებული საოლქო სასამართლოს პალატის ან კოლეგიის მიერ საპროცესო სამართლის ნორმები და არსებული დარღვევების შედეგად ხომ არ იქნა მიღებული არასწორი გადაწყვეტილება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო შებოჭილია საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო დარღვევების ფარგლებით. როგორც გამონაკლისი, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გასცდეს ამ ფარგლებს და თავისი ინიციატივით შეამოწმოს ისეთი საპროცესო დარღვევები, რომლებიც გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსით (სსკ-ის 394-ე მუხლი).
სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომლებიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ ხდება ახალი მტკიცებულებების მიღება, მათი გამოკვლევა და მათ საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
კასატორი ვერ მიუთითებს ვერც ერთ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა. ის გარემოება, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაწყებულია სისხლის სამართლის საპროცესო პროცედურები, არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ გარემოებად, რომელიც ხელს შეუშლის დავაზე საკასაციო პროცედურების ჩატარებას და იმის შემოწმებას, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი თუ _ არა.
აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემული საქმის საკასაციო წარმოება უნდა შეჩერდეს.
სსკ-ის 423-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას ან თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ეს არის ის პროცედურა, რომელიც კანონმდებელმა დაადგინა და რომელიც გამოყენებული შეიძლება იყოს მხარის მიერ საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ ახალი გარემოებების გამოვლენისას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიას უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ს.ს. ,,თ.-ი” იყო და სწორედ მან ჩათვალა საკმარისად მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით სამოქალაქო საქმის წარმოების დაწყება.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თვით კასატორიც დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ის გარემოება, რომ 2003წ. 3 ივლისის თავდებობა არ ყოფილა რეგისტრირებული ,,თ.-ის” კანცელარიაში, არ შეიძლება გახდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტთა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თავდებობაზე ხელმოწერა ეკუთვნის სს ,,თ.-ის” გენერალურ დირექტორს. ამ საკითხის გასარკვევად სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნა თვით მოსარჩელესაც არ მოუთხოვია.
აღნიშნულ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „თ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 31 მარტის გადაწყვეტილება.
სს „თ.-ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.