შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1129აპ. 14 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. წ-ას დამცველის, ადვოკატ კ. შ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. წ-ია, ხობის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 137-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, როგორიცაა გაუპატიურების მცდელობა, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. განაჩენის მიხედვით, გ. წ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. წ-ია 2005 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ქ. ხობში მცხოვრებ თ-საგან ნათხოვარი ავტომანქანა _ “რენო-მოსკვიჩით”, სახ. ¹--, ხობის ¹-- საშუალო სკოლასთან შეხვდა თ. გ-ას და შესთავაზა მას ავტომანქანით გასეირნება, რაზედაც თ. გ-ია დაეთანხმა. იგი ჩაუჯდა მანქანაში გ. წ-ას და ისინი გაემართნენ ---ის მიმართულებით, სადაც გ. წ-ამ ავტომანქანა გააჩერა დაუსახლებელ ადგილას და თ. გ-ას შესთავაზა სქესობრივი კავშირი, რაზედაც მიიღო უარი. გ. წ-ამ თ. გ-ია ძალადობითა და ძალადობის მუქარით გადააწვინა ავტომანქანის წინა სავარძელზე და დაუწყო კოცნა, თან აუწია მაგნიტოფონის ხმას თ. გ-ას კივილის ჩასახშობად. გ. წ-ია ძალით ცდილობდა თ. გ-სათვის გაეხადა ჯინსის შარვალი, რაზედაც იგი უწევდა წინააღმდეგობას, კიოდა და უხმობდა მშველელს. გ. წ-ას ძალადობის შედეგად გაირღვა თ. გ-ას ჯინსის შარვლის წინა ელვის შესაკრავი, მაგრამ ავტომანქანა აღმოჩნდა მოუხერხებელი სქესობრივი კავშირის დასამყარებლად, რის გამოც მან ვერ შეძლო დაზარალებულთან ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარება და თ. გ-ია ავტომანქანიდან ჩავიდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. წ-ას დამცველმა ადვოკატებმა _ კ. შ-ამ და მ. კ-ამ, რომლებიც საჩივრით ითხოვდნენ მსჯავრდებულის გამართლებას შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე:
ა) გასაჩივრებული განაჩენი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, იგი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას;
ბ) საქმეზე გამოძიება ჩატარებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, ცალმხრივად და არაობიექტურად. საპროცესო ნორმების დარღვევით მოხდა საქმის განხილვაც, რასაც შედეგად მოჰყვა უდანაშაულო გ. წ-ას უკანონოდ მსჯავრდება;
გ) თვით დაზარალებულ თ. გ-ას ჩვენებაში არ არის დადასტურებული გ. წ-ას მიერ მისი გაუპატიურების მცდელობა, დანაშაულებრივ ძალადობას გ. წ-ას მხრიდან ადგილი რომ არ ჰქონია, ეს ნათლად ჩანს თ. გ-ას ჩვენებიდან, სადაც ის მიუთითებს, რომ შარვლის ელვაშესაკრავის დაზიანების შემდეგ იგი გადმოვიდა მანქანიდან და ათიოდე მეტრში შეხვდა ველოსიპედით მოსეირნე ხანშიშესული მამაკაცი, რომლისთვისაც მას ძალადობის შესახებ არ მიუმართავს;
დ) გ. წ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობის დამყარების სურვილის გამომჟღავნებას და არა გაუპატიურების რეალურ მცდელობას, რაც თავისთავად არ არის დანაშაული. აქ ადგილი აქვს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების კლასიკურ შემთხვევას, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა;
ე) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თ. გ-ია არ არის გაუპატიურებული, მისი საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის. მას სასქესო ორგანოზე გ. წ-მია არ შეხებია და ძალადობის სხვა რაიმე ნიშანი არ აღენიშნება.
საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ხობის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. წ-ას მიმართ გამოტანილ განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილება: იგი დამნაშავედ ცნო რა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 137-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში, მას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით _ ჩაუთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განუსაზღვრა 3 (სამი) წელი, რის გამოც გ. წ-ია დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. წ-ას დამცველმა, ადვოკატმა კ. შ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმავე მოტივების საფუძველზე, რომლებზეც წინათ მითითებული იყო გ. წ-ას ბრალდების საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. წ-იას მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ თ. გ-ას მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე და სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმითა და ნაწილობრივ თვით მსჯავრდებულის მიერ მიცემული ჩვენებებით საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ. გ-ამ ნამდვილად ჩაიდინა გაუპატიურების, ე.ი. ძალადობით დაზარალებულ თ. გ-სთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობა, ანუ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
ამავე დროს, დაზარალებულ თ. გ-ას ჩვენებებიდან გამომდინარე, სარწმუნო ხდება ის გარემოებაც, რომ, მართალია, მან თავის მხრივ ნამდვილად გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა გ. წ-ას, როცა ეს უკანასკნელი მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა, მაგრამ აღნიშნული ქმედების ჩადენის კონკრეტული ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, ისიც ცხადია, რომ ასეთი წინააღმდეგობა ობიექტურად არ იყო ისეთი სიძლიერის, რომლის დაძლევასაც გ. წ-ია ვერ შეძლებდა. საქმე იმაშია, რომ მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ფიზიკურ შესაძლებლობებს შორის არ არსებობდა მნიშვნელოვანი სხვაობა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, რაც გ. წ-ას აიძულებდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შეეწყვიტა ძალადობა. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქმედების ჩადენისას ისინი იმყოფებოდნენ დაუსახლებელ ადგილზე, რის გამოც გ. წ-ას არ ექნებოდა იმის შიში, რომ ვინმე მიეშველებოდა დაზარალებულს და მას ხელს შეუშლიდა განზრახვის ბოლომდე მიყვანაში. ამასთან, ანგარიშსაწევია ისიც, რომ თ. გ-ამ, რომელიც არ დამორჩილდა გ. წ-ას სურვილს, თავისუფლად შეძლო ავტომანქანიდან გადასვლა. ხოლო თვით დაზარალებულ თ. გ-ას ჩვენების მიხედვით, მის თავს გადახდენილი შემთხვევის შემდეგ, იგი კვლავ ჩაუჯდა ავტომანქანაში გ. წ-ას, რომელმაც ნებაყოფლობით შემოაბრუნა ავტომანქანა და დაუსახლებელი ადგილიდან იგი წაიყვანა ქ. ხობისკენ ისე, რომ მის მიმართ რაიმე ძალადობის განზრახვა აღარ გამოუმჟღავნებია.
ასეთ პირობებში პირველი ინსტანციის სასამრათლოს დასკვნა, რომლის მიხედვით, გ. წ-ას მიერ დანაშაულის შეწყვეტის მიზეზი გახდა დაზარალებულის მხრივ წინააღმდეგობის გაწევა და სქესობრივი კავშირის დასამყარებლად ავტომანქანის სალონის მოუხერხებლობა, რასაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოც, მოკლებულია დასაბუთებულ საფუძველსა და დამაჯერებლობას, რის გამოც ასეთ ვერსიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
ამრიგად, სარწმუნოდ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ, თუმცა მსჯავრდებულმა გ. წ-ამ ნამდვილად ჩაიდინა დაზარალებულ თ. გ-ას გაუპატიურების მცდელობა, მაგრამ მან ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი მის მიერ დაწყებული დანაშაულის დამთავრებაზე, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რაც პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილიდან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღებისას პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, იმავე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების მომენტამდე გ. წ-ას მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის ნიშნებს, კერძოდ, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზარალებულმა თ. გ-ამ, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, განიცადა სექსუალური ხასიათის ძალდატანებითი ზემოქმედება. მაშასადამე, სახეზეა ისეთი დანაშაული, როგორიცაა იძულება _ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური იძულება, საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
განხილული გარემოებების ანალიზის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულ გ. წ-ას ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 564-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. წ-ას მიმართ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, იმავე კოდექსის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები, სახელდობრ: მსჯავრდებულ გ. წ-ია, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, უნდა გათავისუფლდეს ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო, ხოლო მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით _ როგორც იძულება.
მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებებს, რომ გ. წ-ია არის არასრულწლოვანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, პირველად არის სამართალში, ხასიათდება დადებითად და მის ქმედებას დაზარალებულისათვის არ გამოუწვევია რაიმე მძიმე შედეგი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ დანაშაულისათვის მსჯავრდებულს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რომელიც, წინასწარ პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მას უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. წ-ას დამცველის, ადვოკატ კ. შ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ გ. წ-ას მოეხსნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 137-ე მუხლის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და იგი გათავისუფლდეს ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობისაგან მის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო. გ. წ-ას მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით _ როგორც იძულება და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვისა და 20 დღის ვადით.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება გ. წ-ას საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 137-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამნაშავედ ცნობის, მისთვის სასჯელის ზომად 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისა და ამ სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის თაობაზე.
მსჯავრდებულ გ. წ-ას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გათავისუფლებულია პატიმრობიდან, მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი, წინასწარ პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალოს მოხდილად.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.