შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.06.2007
საქმის ნომერი
2კ-312აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

312აპ 4 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

იური ტყეშელაშვილი, მაია ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ კ. ც-ას

ადვოკატ _ ლ. კ-ის

მსჯავრდებულ _ ნ. ო-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ლ. კ-სა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ პ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ნ. ო-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I და 372-ე მუხლის II ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ადიგენის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ნ. ო-ეს, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I და 372-ე მუხლის II ნაწილებით, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 30 ივლისიდან.

განაჩენით ნ. ო-ეს მსჯავრი დაედო მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ. ო-ძე 2005 წლის 1 აგვისტოდან 2005 წლის 10 ნოემბრამდე მუშაობდა ადიგენის რაიონის --- მეურნეობის ადიგენის --- უბნის --ის ---ის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე და მეშვიდე მუხლების თანახმად, წარმოადგენდა მოხელესთან გათანაბრებულ პირს.

2005 წლის აგვისტოში ნ. ო-ძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თავისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად დაუკავშირდა ადიგენის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ თ. ბ-ეს, რომელსაც განუმარტა, რომ მას ჰქონდა წვრილი მორების, ე.წ. ბიგების კანონიერად დამზადების დამადასტურებელი ბილეთები და შესთავაზა მას დახმარებოდა სამცველოს გაკონტროლებაში, რისთვისაც ამ უკანასკნელს გადასცა ხის დასაკონტროლებელი ჩაქუჩი და საღებავი. თავისი დანაშაულებრივი ქმედების გაუმჟღავნებლობის მიზნით, მანვე თ. ბ-ეს დართო სიტყვიერი ნებართვა, რომ მოსახლეობაში თავი გაესაღებინა მეტყევედ.

2006 წლის 11 ივნისს თ. ბ-ძე სისხლის სამართლის ¹-- საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხვის მიზნით დაბარებული იყო ადიგენის შს განყოფილებაში. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა რა ნ. ო-სათვის, დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, ქუჩაში შეხვდა თ. ბ-ეს, რომელსაც დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების განადგურებით იმ შემთხვევაში, თუ იგი გაუმხელდა პოლიციას მათი უკანონო საქმიანობის შესახებ, რითაც თ. ბ-ეს გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში და ბრალდებულის სახით პირველი დაკითხვის დროს უარყო ნ. ო-სთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა.

2006 წლის ივნისში ბრალდებულ თ. ბ-ის მეუღლე ს. ს-ემ ნ. ო-ეს სთხოვა, რომ მისი მეუღლისათვის აეყვანა ადვოკატი. ამის პასუხად ნ. ო-ძე ს. ს-ეს დაემუქრა მისი და მისი ოჯახის წევრების განადგურებით იმ შემთხვევაში, თუ იგი მოწმის სახით დაკითხვის დროს პოლიციის თანამშრომლებს გაუმხელდა თავისი მეუღლის _ თ. ბ-სა და მისი უკანონო საქმიანობის შესახებ, რითაც ს. ს-ეს გაუჩნდა ნ. ო-ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ადიგენის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ნ. ო-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება შეიცვალა მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში და ნ. ო-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I და 372-ე მუხლის II ნაწილებით.

ადიგენის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ლ. ა-ემ და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

პროკურორმა ლ. ა-ემ ითხოვა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილის გადაკვალიფიცირება ამავე მუხლის III ნაწილზე, სასჯელის გამკაცრება და ნ. ო-სათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნ. ო-ის ქმედებით არც თვითონ მას და არც სხვას არ მიუღიათ რაიმე სარგებელი და არც ვისიმე უფლება ან ინტერესი დარღვეულა. დარღვევა არ აღმოჩენილა არც სამცველოში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ხოლო თ. ბ-ძე და ს. ს-ძე წინასწარ გამოძიებაში მოწმის სახით არ დაკითხულან. ამდენად, არ არსებობს სსკ-ის 372-ე მუხლის შემადგენლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ითხოვა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა და მსჯავრდებულის გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ადიგენის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ნუგზარ ოდიკაძის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის სტაჟიორმა პ. მ-მა და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

პროკურატურის სტაჟიორი პ. მ-ლი საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, სასამართლო გამოძიების პროცესში დაზარალებულმა თ. ბ-ემ პირდაპირ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ო-ემ მას რამდენჯერმე გადასცა ხის დასაკონტროლებელი ჩაქუჩი და საღებავი, რათა ამ უკანასკნელს უკანონოდ გამოეყო მოსახლეობისათვის ხე-ტყე, რის საფასურადაც, როგორც სასამართლო პროცესზე თავად თ. ბ-ემ აღნიშნა, ნ. ო-ემ მას გადასცა ერთხელ – 5, ხოლო მეორედ – 10 ლარი. აქედან ნათლად ჩანს, რომ ნ. ო-ემ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ეპიზოდში, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ნ. ო-ის მიმართ სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშულისათვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, მიაჩნია ლმობიერად და თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ნ. ო-ის მხრიდან განხორციელებული მუქარის რეალური საშიშროება და უნდა დაემძიმებინა სასჯელი.

ამდენად, პროკურატურის სტაჟიორმა პ. მ-მა ითხოვა ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესთან შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

ადვოკატი ლ. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

მსჯავრდებული ნ. ო-ძე შესაგებლით ითხოვს მოწმეების ხელახალ დაკითხვას, მათ მიერ მიცემული ცრუ ჩვენებების დასადასტურებლად.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ნ. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-ემ აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და გამოტანილია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით, რამაც იმოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე.

სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. ო-ის ქმედება არასწორად ჩათვალა დანაშაულად და გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. ზემოაღნიშნული ქმედების შესაბამისობა მითითებული ნორმის დისპოზიციასთან _ „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, სასამართლო გამოძიებისას თვით ბრალდების მოწმეებმა გააბათილეს. მათ აღნიშნეს, რომ ნ. ო-ძე, მართალია, მოქმედი ნორმატიული აქტებისა და სატყეო მეურნეობის შინაგანაწესის დარღვევით მოქმედებდა, ასევე უკანონოდ დაიხმარა თ. ბ-ძე (იგივე „---“) სამცველოს გაკონტროლებაში, მაგრამ თავისი ქმედებით ნ. ო-ეს მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული რაიმე გამორჩენა ან უპირატესობა არ მიუღია და არც საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა არ გამოუწვევია, უფრო მეტიც: მოწმეებმა _ გ. გ-მა და ბ. კ-ემ აჩვენეს, რომ 2006 წლის ნოემბერში (ნ. ო-ის პასუხისგებაში მიცემის შემდეგ) ადიგენის სამცველოში გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ ჩატარდა შემოწმება, რა დროსაც რაიმე დარღვევა არ გამოვლენილა. ამდენად, არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საფუძვლად დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ნ. ო-ემ ჩაიდინა მხოლოდ დისციპლინური დარღვევა, რის გამოც იგი დაისაჯა კიდეც და 2005 წლის 10 ნოემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

რაც შეეხება მუქარას, ნ. ო-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. პირიქით, როგორც მოწმეების _ ი. რ-სა და ლ. კ-ის ჩვენებებით დადგინდა, თ. ბ-ის მეუღლე _ ს. ს-ძე აშანტაჟებდა ნ. ო-ეს და აიძულებდა მისი ქმრისთვის ადვოკატის აყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობაში აყვანით ემუქრებოდა. შემდგომში პროკურატურამ მართლაც გააფორმა თ. ბ-სთან საპროცესო შეთანხმება ნ. ო-ის განთქმის სანაცვლოდ, რის შედეგადაც ნ. ო-ძე დააპატიმრეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ლ. კ-ემ ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ნ. ო-ძე დაეთანხმა თავისი ადვოკატის მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი, თავისი ქმედებით მას არავითარი გამორჩენა არ მიუღია. რაც შეეხება მის ქმედებას თ. ბ-სთან მიმართებით, იგი მხოლოდ ეხმარებოდა მას, რათა არ მომხდარიყო ხე-ტყის უკანონო ჭრა. თავად თ. ბ-ის ჩვენებით, ნ. ო-ეს მისთვის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება არ დაუვალებია.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა კ. ც-ამ მხარი დაუჭირა პროკურატურის სტაჟიორის საკასაციო საჩივარს, განაჩენი ნ. ო-ის მიმართ მიიჩნია უკანონოდ და ითხოვა ლმობიერების მოტივით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ნ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან მიაჩნია, რომ მოწმეების გ. გ-ის, ბ. კ-ის, დაზარალებულების თ. ბ-ის, ს. ს-ის ჩვენებებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება აქვთ მიცემული.

პალატა ასევე არ იზიარებს პროკურატურის სტაჟიორ პ. მ-ის მოთხოვნას ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმებისა და კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, რადგან საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას და დამძიმების მოტივით საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისთვის დაბრუნებას.

ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწიენბს რა მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, იმას, რომ იგი პირველად არის სამართალში, შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ნ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 32 მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 6 თვით და მოსახდელად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 6 თვით და მოსახდელად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ლ. კ-სა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ პ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ნ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 6 თვით და მოსახდელად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 6 თვით და მოსახდელად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ო-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.