დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1484აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1484აპ. ქ. თბილისი

24 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ხ. ყ-სა და გ. ქ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განაჩენით:

ხ. ყ-სა და გ. ქ-სათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ხ. ყ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ხ. ყ-ლს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ხ. ყ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან.

გ. ქ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 23,363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით გ. ქ-ლს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ქ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 14 აგვისტოდან.

განაჩენით მსჯავრდებულების _ ხ. ყ-სა და გ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 7 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები ხ. ყ-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ამავე სოფელში მცხოვრებ გ. ჩ-ლს, ჩამოაყალიბეს რა პირთა ჯგუფი, განიზრახეს დანაშაულებრივი გზით დაუფლებოდნენ მოქალაქეების _ ბ. ბ-ის, ლ. ს-სა და შ. ო-ის ქონებას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს აღნიშნული პირები მივიდნენ სოფელ ---ში მცხოვრებ ბ. ბ-ის საცხოვრებელ სახლთან, საიდანაც გაიტაცეს 800 ლარად ღირებული ერთი სული ცხენი. 2006 წლის 11 მაისს რეალიზაციის მიზნით ცხენი წაიყვანეს ახალგორის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ გ. ჩ-თან, რომელსაც სთხოვეს პირუტყვის დროებით შენახვა. უარის მიღების შემდეგ მოპარული ცხენი დააბეს იქვე მდებარე მდინარე ---ის ჭალაში და მიიმალნენ.

მათვე 2006 წლის 9 მაისს სოფელ ---ის საძოვრებიდან ფარულად გაიტაცეს შ. ო-ის კუთვნილი, 600 ლარად ღრებული ერთი სული ცხენი, რომელიც შენახვის მიზნით ანალოგიურად მიიყვანეს გ. ჩ-თან. უარის მიღების შემდეგ მოპარული ცხენი დააბეს იქვე მდებარე მდინარე ---ის ჭალაში და მიიმალნენ.

მათვე 2006 წლის 9 მაისს სოფელ ---ში მცხოვრებ ლ. ს-ის კუთვნილი საქონლის სადგომიდან ფარულად გაიტაცეს 550 ლარად ღირებული ერთი სული ცხენი, რომელიც შენახვის მიზნით ანალოგიურად მიიყვანეს გ. ჩი-თან. უარის მიღების შემდეგ მოპარული ცხენი დააბეს იქვე მდებარე მდინარე ---ის ჭალაში და მიიმალნენ.

ჩადენილი დანაშაულისათვის გ. ჩ-ლი პოლიციამ დააკავა და მის მიმართ არსებული საქმე არსებითად განხილვის მიზნით წარიმართა სასამართლოში, ხოლო ხ. ყ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

დანაშაულებრივი საქმიანობა ხ. ყ-ლს არ შეუწყვეტია და ჩადენილი ჰქონდა რა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სადგომში უკანონოდ შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ზემოხსენებული მეთოდითა და ხერხით კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა, კერძოდ:

2006 წლის მარტში, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა კასპის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ გ. ქ-ლს, რომელსაც შესთავაზა პერმანენტულად ჩაედინათ სხვადასხვა დანაშაული, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2006 წლის 26 მარტს, თანამზრახველები მივიდნენ სოფელ ---ში მცხოვრებ ვ. ბ-ის საქონლის სადგომთან და მასში შეღწევის გზით ფარულად გაიტაცეს 800 ლარად ღირებული ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს კასპის რაიონის სოფელ ---ში და, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 300 ლარად მიჰყიდეს ვინმე ე. ა-ის, რა დროსაც შეუთანხმდნენ ამ უკანასკნელს, რომ სისტემატურად მოუყვანდნენ მოპარულ საქონელს სარეალიზაციოდ.

2006 წლის 26 აპრილს თანამზრახველები მივიდნენ სოფელ ---ში მცხოვრებ ბ. ჯ-ის საქონლის სადგომთან და მასში შეღწევის გზით ფარულად გაიტაცეს 1200 ლარად ღირებული ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს კასპის რაიონის სოფელ ---ში და შეთანხმებისამებრ 500 ლარად მიჰყიდეს ვინმე ე. ა-ის, ხოლო აღებული თანხა გაინაწილეს.

2006 წლის 6 ივნისს თანამზრახველები მივიდნენ სოფელ ---ში მცხოვრებ ლ. ლ-ის საქონლის სადგომთან და მასში შეღწევის გზით ფარულად გაიტაცეს 1000 ლარამდე ღირებული ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს კასპის რაიონის სოფელ ---ში და შეთანხმებისამებრ 250 ლარად მიჰყიდეს ვინმე ე. ა-ის, ხოლო აღებული თანხა გაინაწილეს.

2006 წლის 15 ივლისს ხ. ყ-ლი და გ. ქ-ლი მივიდნენ მუხრანში მცხოვრებ ქ. -ის საქონლის სადგომთან და მასში შეღწევის გზით, ფარულად გაიტაცეს 1500 ლარად ღირებული ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს კასპის რაიონის სოფელ ---ში და შეთანხმებისამებრ 500 ლარად მიყიდეს ვინმე ე. ა-ის, ხოლო მირებული თანხა გაინაწილეს.

2006 წლის 18 ივლისს თანამზრახველები მივიდნენ მუხრანში მცხოვრებ მ. ჟ-ის საქონლის სადგომთან და მასში შეღწევის გზით ფარულად გაიტაცეს 1200 ლარად ღირებული ერთი სული მსხილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს კასპის რაიონის სოფელ ---ში და შეთანხმებისამებრ 500 ლარად მიყჰიდეს ვინმე ე. ა-ის, ხოლო აღებული თანხა გაინაწილეს.

2006 წლის 24 ივლისს თანამზრახველები მივიდნენ სოფელ ---ში მცხოვრებ ნ. ჩ-ის საქონლის სადგომთან და მასში შეღწევის გზით ფარულად გაიტაცეს 1900 ლარად ღირებული ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს კასპრის რაიონის სოფელ ---ში და შეთანხმებისამებრ 600 ლარად მიჰყიდეს ვინმე ე. ა-ის, ხოლო აღებული თანხა გაინაწილეს.

2006 წლის 1 აგვისტოს თანამზრახველები მივიდნენ სოფელ ---ში მცხოვრებ ჯ. რ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიზე, საიდანაც ფარულად გაიტაცეს 1500 ლარად ღირებული ორი სული მსხილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს კასპის რაიონის სოფელ ---ში და შეთანხმებისამებრ 500 ლარად მიჰყიდეს ვინმე ე. ა-ის, ხოლო აღებული თანხა გადაინაწილეს.

დანაშაულებრივი საქმიანობა ხ. ყ-სა და გ. ქ-ლს არ შეუწყვეტიათ და ჩადენილი ჰქონდათ რა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სადგომში უკანონოდ შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კვლავ განაგრძეს დანაშაულებრივი საქმიანობა, კერძოდ:

2006 წლის 6 აგვისტოს ხ. ყ-ლი შეიარაღდა ,,კალაშნიკოვის» სისტემის ავტომატურ ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო გ. ქ-ლი კი _ გასაშლელი ჯიბის დანით, მორიგი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მიზნით მათ მოიმარჯვეს ნიღბები და მოძრაობდნენ სოფელ ---იდან სოფელ ---ის მიმართულებით მდინარე ---ის ხეობაში, რა დროსაც --- საამქროს ტერიტორიაზე შენიშნეს ,,მერსედესის» მარკის, 320 ტიპის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ სოფელ ---ში მცხოვრებნი _ მძღოლი დ. ნ-ვი, თ. ე-ვი, მ. ა-ვი, რ. ა-ვი, ბ. ა-ვი და ლ. ბ-ვი. აღნიშნულის დანახვაზე ხ. ყ-მა და გ. ქ-მა განიზრახეს ყაჩაღურად, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით დასხმოდნენ თავს ავტომანქანაში მსხდომ პირებს. იმავდროულად მათ შეამჩნიეს, რომ ავტომანქანაში მყოფი პირები უკვე აპირებდნენ წასვლას, რა დროსაც დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბოროტმოქმედებმა გაიკეთეს ნიღბები და უკვე დაძრული ავტომანქანის მძღოლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვეს ავტომანქანის გაჩერება. საჭესთან მჯდომი დ. ნ-ვი არ დაემორჩილა მოთხოვნას და დააპირა გაქცევა, რა დროსაც ხ. ყ-მა, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნითა და ანგარებით, ისე, რომ არ მოერიდა სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, განიზრახა მძღოლის მოკვლა, რის გამოც მოიმარჯვა ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანისა და მძღოლის მიმართულებით, დამიზნებით რამდენჯერმე ისროლა, რითაც დ. ნ-ვს მიაყენა გულმკერდის ღრუსა და მხრის სახსრის უკანა მიდამოში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა, რითაც დ. ნ-ვს მიაყენა გულმკერდის ღრუსა და მხრის სახსრის უკანა მიდამოში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა რითაც დაუზიანა მარცხენა ფილტვი და გული, რის შედეგადაც, განვითარებული გულის ტამპონადით, ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდა ამისა, ავტომანქანაში მჯდომმა ლ. ბ-მა გასროლილი ტყვიის ასხლეტის შედეგად მარცხენა ფეხის წვივის არეში მიიღო მსუბუქი დაზიანება, ვეღარ შეძლო ავტომანქანის დამორჩილება და დაეჯახა იქ არსებულ ხეს. აღნიშნულის შემდეგ ხ. ყ-მა ავტომანქანაში მჯდომი პირების შესაშინებლად ჰაერში მრავალჯერ გაისროლა, გ. ქ-თან ერთად მივიდა ავტომანქანასთან და იარაღის მუქარით გადმოიყვანეს და დააწვინეს მიწაზე. დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანის მიზნით ხ. ყ-მა გარდაცვლილ დ. ნ-ვს მარცხენა ხელის მტევნის ზედაპირზე მიაყენა კიდევ ერთი ჭრილობა, ნების ძვლის დაზიანებთ, რათა დარწმუნებულიყო ამ უკანასკნელის სიკვდილში.

აღნიშნულის შემდეგ ხ. ყ-მა და გ. ქ-მა დ. ნ-ის გვამს მოხსნეს 1416 ლარად ღირებული ოქროს სამაჯური, 1770 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი, 708 ლარად ღირებული ბრილიანტის ბეჭედი, 1770 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „ნოკია“, ავტომანქანიდან ამოიღეს 1416 ლარად ღირებული ,,პანასონიკის» მარკის მაგნიტოფონი, დ. ნ-ის მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, ტექნიკური პასპორტი და 40 ლარი. გარდა ამისა, ბოროტმოქმედებმა ბ. ა-ვს სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცეს 400 ლარად ღირებული „ნოკიას“ მარკის ტელეფონი, თ. ე-ვს _ 400 ლარად ღირებული „მოტოროლას“ მარკის მობილური ტელეფონი, რ. ა-ვს _ 40 ლარად ღირებული საზაფხულო ფეხსაცმელი, რის შემდგომაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ხ. ყ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი. განაჩენში მოყვანილი დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არესებულ მტკიცებულებებთან. საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება; კასატორის მოსაზრებით, წარდგენილი ბრალდება არის უსაფუძვლო და იგი სრულიად უდანაშაულოა. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეფარდებული სასჯელი _ უვადო თავისუფლების აღკვეთა აშკარად შეუსაბამოა მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. მსჯავრდებული ხ. ყ-ლი ალტერნატიული მოთხოვნის სახით შუამდგომლობს სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებული გ. ქ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

დაზარალებული თ. ნ-ვი შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ჩვენებებით, მოწმეების _ ნ. ნ-ის, ი. ბ-ის, გ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმებით, გ. ქ-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ასევე მისი ნათესავის _ მ. ხ-ის ჩვენებითა და მისი ბინის ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, საგნის ამოსაცნობად წარდგენის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, ხ. ყ-სა და გ. ქ-ის სატელეფონო საუბრების მოსმენის ჩანაწერებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით მსჯავრდებულების _ ხ. ყ-სა და გ. ქ-ის მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ხ. ყ-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, მსჯავრდებულ გ. ქ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელები.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ყ-ლს საქართველოს სსკ-ის 23,363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და ხ. ყ-ლს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა; ხოლო მსჯავრდებულ გ. ქ-ლს საქართველოს სსკ-ის 23,363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მსჯავრდებულ ხ. ყ-ილს საქართველოს სსკ-ის 23,363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ ხ. ყ-ლს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 23,363-ე მუხლის მეორე ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მსჯავრდებულ გ. ქ-ლს საქართველოს სსკ-ის 23,363–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.

მსჯავრდებულ გ. ქ-ლს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 23,363-ე მუხლის მეორე ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.