შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
793აპ ქ. თბილისი
15 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განაჩენზე ი. პ-ის, ი. ჯ-სა და გ. კ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გ. კ-ძე, _ დაბადებული ..... წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობაში თანამონაწილეობა, ე.ი. თანამონაწილეობა სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამავე განაჩენით ი. პ-ი, _ დაბადებული ..... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი; და ი. ჯ-ი, _ დაბადებული ...წლის ...., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გ. კ-ს, ი. პ-სა და ი. ჯ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ი. პ-ი 2002 წლის 4 თებერვალს გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით და შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. ჯ-ი 2005 წლის 14 ივლისს გასამართლდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად აღნიშნულისა, ი. პ-ი და ი. ჯ-ი არ დაადგნენ გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინეს ახალი დანაშაული, კერძოდ: ი. პ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მეზობლებს _ ი. ჯ-სა და გ. კ-ს. მათ იცოდნენ რა, რომ თანასოფლელ გ. ჯ-ს ჰყავდა მსხვილფეხა პირუტყვი, გადაწყვიტეს მისი საქონლის მოპარვა. 2006 წლის 9-დან 10 ივნისის ღამეს ისინი მივიდნენ გ. ჯ-ის სახლის ეზოში, სადაც დაბინავებული იყო საქონელი. ი. პ-მა და ი. ჯ-მა, წინასწარი მოლაპარაკებისამებრ, სამი წლის დეკეული წაიყვანეს სოფლის განაპირას, სადაც გ. კ-ძე მივიდა დ. ჯ-ის ავტომანქანით, მიიტანა დანა, წყალი და მიეხმარა მათ დეკეულის დაკვლაში. ი. პ-მა და ი. ჯ-მა გაატყავეს დეკეული, ხორცი გაამზადეს წასაღებად, ჩააწყვეს დ. ჯ-ის ავტომანქანაში და გადაიტანეს ქ. თბილისში სარეალიზაციოდ. იმავე ღამეს ქ. თბილისის ცენტრალურ ბაზარში ი. პ-მა ხორცი 480 ლარად მიჰყიდა დაუდგენელ პირს, აღებული თანხიდან 50 ლარი გადაუხადა მძღოლს _ დ. ჯ-ს, 110 ლარი მისცა ი. ჯ-ს, დარჩენილი თანხიდან ნაწილი უნდა გადაეხადა გ. კ-სათვის, რომელიც ვერ ნახა, ამიტომ ეს თანხა ვერ გადასცა და გახარჯა საჭიროებისამებრ.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. კ-სა და ი. პ-ს განესაზღვრათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი. ჯ-ს კი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა 2005 წლის 14 ივლისის განაჩენით სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეფარდებული 2 წლით პირობითი მსჯავრი, 1 წლით პირობითი მსჯავრი შეეცვალა 1 წლით თავისუფლების აღკვეთით; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, ი. ჯ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2006 წლის 11 ივლისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულმა გ. ჯ-მა და მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა.
დაზარალებულმა გ. ჯ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულებისათვის 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
ადვოკატმა ზ. რ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გ. კ-ის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ განაჩენის დადგენისას დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; განაჩენი გ. კუჭაიძის მიმართ კი დადგინდა ამ ნორმათა დარღვევით.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გ. კ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დ. ჯ-ი ი. პ-მა თვითონ წაიყვანა მისი სახლიდან, მას კი ერთი ბოთლი წყლის მიტანა სთხოვა; გ. კ-მ წყალი მიუტანა და მანქანაში ჩაჯდა, ამიტომ რაზე ისაუბრეს ი. პ-მა და დ. ჯ-მა, მას არ გაუგია; აღიშნული ჩვენება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ი. პ-მაც და განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელმა ბ. ქ-მა, რომელსაც ცუდი ურთიერთობა აქვს გ. კ-სთან, სცემა და ისე დააწერინა გ. კ-ის საწინააღმდეგო ჩვენება; ი. პ-ის ჩვენება ასევე დაადასტურა ი. ჯ-მაც. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ და ვერ დაასაბუთა ვარაუდი, რომ გ. კ-მ ჩაიდინა დანაშაული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ზ. რ-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და გ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, რასაც ეთანხმება მსჯავრდებული გ. კ-ც.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულ გ. ჯ-ის, მოწმეების _ ჟ. ჯ-ის, ბ. ქ-ის, პ. კ-სა და დ. ჯ-ის, ასევე _ თავად მსჯავრდებულთა ჩვენებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ გ. კ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ი. ჯ-ს საბრალდებო დასკვნით ბრალი არ ედებოდა არაერთგზის ქურდობის ჩადენაში. ამის მიუხედავად იგი ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითაც, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 450-ე მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან ი. ჯ-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ ნაწილში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 177-ე მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას და სააპელაციო პალატის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს ამ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი.
გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანია და სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, გარდა აღნიშნულისა, არ დარღვეულა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განაჩენიდან ი. ჯ-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ ნაწილში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გასაჩივრებული განაჩენიდან ი. პ-სა და ი. ჯ-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, ხოლო გ. კ-ის მიმართ _ სსკ-ის 25-ე,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის გიორგი კუჭაიძის, ი. პ-სა და ი. ჯ-სათვის დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.