შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 22.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1227აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1227აპ ქ. თბილისი

22 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. პ-ს, კ. ო-სა და ა. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ თ. ა-ს, ლ. კ-სა და ნ. ფ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მაისის განაჩენზე ზ. პ-ის, კ. ო-სა და ა. კ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:

1. ა. კ-ი, _ დაბადებული ........ წლის ...., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე;

2. კ. ო-ი, _ დაბადებული ....... წლის .., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე;

3. ზ. პ-ი, _ დაბადებული ..... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებითა და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს დიდი ოდენობით ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობა არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ასევე _ ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ ყალბი საკრედიტო და საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება და გამოყენება, ჯგუფურად და არაერთგზის; ასევე _ კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციაში, ე.ი. მანქანა-მატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე, ეგმ-ის სისტემასა და მათ ქსელში ასახულ ინფორმაციაში არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის მოპოვება გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ. პ--ს შორის. ვ. პ-ი, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 5 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ვ. პ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მას დაუდგინდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

ა. კ-ს, ზ. პ-სა და კ. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ა. კ-მა, კ. ო-მა, ზ. პ-მა და ვ. პ-მა ერთად განიზრახეს ყალბი საკრედიტო და საანგარიშსწორებო ბარათების დამზადება და მათი გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საბანკო დაწესებულებებიდან სხვისი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით, არაერთგზის ფარული დაუფლება. მათ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, არამართლზომიერად შეაღწიეს კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციაში და დაეუფლნენ მონაცემებს სხვადასხვა საზღვარგარეთული ბანკის მიერ თავიანთ მომხმარებლებზე გაცემული პლასტიკური ბარათების ნომრებისა და თითოეულ ასეთ ნომერზე მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდების, ე.წ. „პინ-კოდების” შესახებ, რაც საკმარისი იყო საქართველოში მოქმედი საბანკომატო ქსელის მეშვეობით ხსენებულ ბარათებზე რიცხული თანხების დასაუფლებლად.

აღნიშნული განზრახვით ვ. პ-მა თავისი თანამშრომლებისაგან მოიპოვა ვადაგასული პლასტიკური ბარათები. მათ ტექნიკური საშუალების გამოყენებით ბარათების მაგნიტურ ზოლში შეიტანეს საზღვარგარეთული ბანკების ბარათების ნომრები, რითაც გააყალბეს ისინი და მათი გამოყენებით საქართველოში მოქმედი სს „თიბისი ბანკის“, სს „ბანკი რესპუბლიკას“, სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“, სს „ბანკი ქართუს“, სს „ბაზისბანკისა“ და სს „საქართველოს ბანკის“ საბანკომატო ქსელებიდან არაერთგზის განახორციელეს დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება და დაუფლების მცდელობა. სულ ა. კ-ი, კ. ო-ი, ზ. პ-ი და ვ. პ-ი ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით დიდი ოდენობით დაეუფლნენ: „Iსტ Pაციფიც ჩრედიტ Uნიონ“-ის 300 აშშ დოლარს, „Bანკ ოფ Aმერიცა, Nატიონალ Aსსოციატიონს”-ის 8255 ლარს და 27720 აშშ დოლარს, „Eნსიგნ Fედერალ ჩრედიტ Uნიონ”-ის 3500 ლარს და 18550 აშშ დოლარს, „ჟP Mორგან ჩჰასე Bანკ N.A.-Dებეტ”-ის 720 ლარს და 400 აშშ დოლარს, „Nევადა Fედერალ ჩრედიტ Uნიონ”-ის 5650 ლარს და 1100 აშშ დოლარს, „შუნ ჭესტ Fედერალ ჩრედიტ Uნიონ”-ის 1455 ლარს, „თრავის ჩრედიტ Uნიონ”-ის 500 დოლარს, „ჭასჰინგტონ Mუტუალ Bანკ, F.A.”-ის 5400 აშშ დოლარს, „ჭელლს Fარგო Bანკ, Nატიონალ Aსსოტიატიონ”-ის 5750 ლარს და 21450 აშშ დოლარს, „ჭესცომ ჩრედიტ Uნიონ”-ის 500 აშშ დოლარს. ე.ი. სულ 25330 ლარს და 75920 აშშ დოლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარდა ამისა, ა. კ-მა 2003 წელს საკუთარ სახელზე დაამზადა და იყენებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹სპ023237 ყალბ მოწმობას. კ. ო-მა არაერთგზის, 2003 წელს საკუთარ სახელზე დაამზადა და იყენებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹სპ022237 ყალბ მოწმობასა და 2001 წელს დამზადებულ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ¹117 ყალბ საკრედიტო ბარათს. ზ. პ-მა 2000 წელს საკუთარ სახელზე არაერთგზის დაამზადა და იყენებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ¹017 ყალბ სააკრედიტაციო ბარათს.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. კ-ს, კ. ო-სა და ზ. პ-ს საბოლოოდ მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოთ: ა. კ-სა და ზ. პ-ს _ 2005 წლის 1 ოქტომბრიდან, კ. ო-ს კი _ 2005 წლის 2 ოქტომბრიდან. ამავე განაჩენით კ. ო-სა და ზ. პ-ს მიმართ სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ხოლო ა. კ-ს მიმართ _ სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მა. მან ითხოვა მსჯავრდებულების გამართლება სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის მე-19,177-ე, 177-ე და 210-ე მუხლებით _ მათთვის 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

ა. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ის გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ა. კ-ი, კ. ო-ი და ზ. პ-ი გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ა. კ-ი, ზ. პ-ი და კ. ო-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, თითოეულს მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ ზ. პ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ა-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი მკაცრია, რადგან ზ. პ-ი არ არის ნასამართლევი; ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს; დაცვას მიაჩნია, რომ სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება არ არის გამაგრებული და დადასტურებული საქმის მასალებით; აღნიშნული ბრალდება ემყარება მხოლოდ ეჭვებს, რომ პლასტიკურ ბარათებზე ჩასაწერად მოპოვებული ინფორმაცია მოპოვებული იყო ზ. პ-ს „ეგმ” სისტემაში შეღწევით, რაც მას არ შეეძლო, რადგან არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი თ. ა-ძე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. პ-ს მიმართ სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ხოლო სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ მინიმალური სასჯელის შეფარდებას.

კასატორი _ მსჯავრდებულ კ. ო-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია როგორც კვალიფიკაციის, ისე _ სასჯელის ნაწილში; სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა კ. ო-ს ქმედება საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, რადგან მუხლის ეს რედაქცია ამკაცრებს სასჯელს, მაშინ, როცა 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის მინიმუმად ითვალისწინებდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, ამასთან, ეს ნაწილი თავისთავად მოიცავს 177-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებს და დამატებითი კვალიფიკაცია საჭირო აღარ იყო; კ. ო-ი სააპელაციო სასამართლოში მოითხოვდა სსკ-ის 284-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მოხსნას, რადგან დამტკიცდა, რომ მსჯავრდებულებს უკვე მზა ინფორმაციას ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტ პეიჯერის საშუალებით აწვდიდა ინკოგნიტო პირი; ამასვე ითხოვენ საკასაციო პალატის წინაშეც; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კ. ო-ი პირველადაა სამართალში; ხასიათდება დადებითად; გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიები ორგანოებში, ითანამშრომლა და ხელი შეუწყო გამოძიებას; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ამიტომ მისთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ლ. კ-ძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 მაისის განაჩენის შეცვლას, კ. ო-სათვის სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ამორიცხვას, მის მსჯავრდებას 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით და მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, ასევე _ სსკ-ის 362-ე მუხლით მსჯავრდებაზე მითითების ამორიცხვას.

მსჯავრდებულების _ ა. კ-სა და ზ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ფ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა სსკ-ის 284-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, რადგან წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს არ არსებობდა არც ერთი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ზ. პ-მა და ა. კ-მა პლასტიკური ბარათების გაყალბებისათვის საჭირო ინფორმაცია მოიპოვეს კანონით დაცულ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით; ეჭვი კი უნდა გადაწყვეტილიყო მსჯავრდებულების სასარგებლოდ და მათ მიმართ უნდა შეწყვეტილიყო სისხლისსამართლებრივი დევნა; სასამართლო პროცესზე განსასჯელმა ვ. პ-მა განმარტა, რომ ის ინფორმაციას მოიპოვებდა ხაკერული გზით, ამ მზა ინფორმაციას კი კონსტანტინე ოსიპოვის სახელზე გახსნილი ელექტრონული მისამართისა და ელექტრონული პეიჯერის საშუალებით აწვდიდა დანარჩენ განსასჯელებს, ა. კ-მა და ზ. პ-მა არ იცოდნენ, ვინ იყო ინფორმაციის მომპოვებელი და მიმწოდებელი; ვ. პ-ი ინკოგნიტო პირის სახელით მოპოვებული ინფორმაციის სანაცვლოდ მათგან ითხოვდა მოპარული თანხის 70%-ს, რომელიც ანგარიშის ნომერზე ჩასარიცხად მიჰქონდა ქ. კიევში და ეს თანხები მას ჰქონდა თავისსავე ვირტუალურ ანგარიშზე; კ. ო-მა განმარტა, რომ მან არც კი იცოდა, რა სისტემით მოიპოვებდა ინფორმაციას და შესაძლოა, აღწევდა კანონით დაცულ კომპიუტერულ სისტემაში; სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მსჯავრდებულთა ჩვენებები იმის მტკიცებულებად, რომ ა. კ-სა და ზ. პ-ს არ ჩაუდენიათ სსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება; სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ და საქმეზე მტკიცებულებად დართულ ექსპერტიზის ცნობაზე, რომელიც ადასტურებს, რომ ელექტრონული ფოსტა და ელექტრონული პეიჯერი არ წარმოადგენს კანონით დაცულ კომპიუტერულ სისტემას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ნ. ფ-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულების _ ა. კ-სა და ზ. პ-ს სასარგებლოდ, მათ მიმართ სსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო სსკ-ის მე-19,177-ე, 177-ე და 210-ე მუხლებით ჩადენილი დანაშაულისათვის _ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრების მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს არ ჩაუდენიათ სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. ის გარემოება, რომ რომელიმე მსჯავრდებულს უშუალოდ არ შეუღწევია ეგმ-ის სისტემაში, მოცემულ შემთხვევაში გავლენას ვერ მოახდენს ა. კ-ს, კ. ო-სა და ზ. პ-ს ქმედების კვალიფიკაციაზე.

მსჯავრდებულმა ვ. პ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ მან, ა. კ-მა, კ. ო-მა და ზ. პ-მა გადაწყვიტეს პლასტიკური ბარათების ბილიკებისა და მათი კოდების შესახებ ინფორმაციის კომპიუტერის მეშვეობით მოპოვება. მანვე მიუთითა, რომ ყველას საერთო აზრი ჰქონდა და ითვალისწინებდნენ მათი ქმედებების შედეგს (ტ. 4, ს.ფ. 94-97).

სასამართლოში კ. ო-ც განაცხადა, რომ შეთანხმდნენ ინფორმაციის მოპოვების, ჩაწერისა და გამოყენების შესახებ (ტ. 4, ს.ფ. 97).

პალატა აღნიშნავს, რომ ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად განსაზღვრული იყო 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები სასჯელად ითვალისწინებენ 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი. ამასთან, შეიცვალა დანაშაულის კატეგორია. ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ახალ სისხლის სამართლის კანონს აქვს უკუძალა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი (ტ. 4, ს.ფ. 479).

რამდენადაც სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი.

კ. ო-ის ადვოკატი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და სააპელაციო პალატამ კ. ო-ი უკანონოდ ცნო დამნაშავედ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

პალატა კასატორის ამ მოტივს ვერ გაიზიარებს, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ სამივე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაშიც (ტ. 4, ს.ფ. 350).

რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის სამართლიანობას, პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელთა დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობები, მხედველობაში მიიღო ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგიც.

სსსკ-ის 565-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესაც და მიიჩნევს, რომ მათთვის დანიშნული სასჯელები არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.

ამასთან, “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულები უნდა გათავისუფლდნენ სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და, შესაბამისად, უნდა შეუმსუბუქდეთ სასჯელები.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულებს საბოლოო სასჯელები დანიშნული აქვთ ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით და ვინაიდან ეს საკითხი არ არის დაკონკრეტებული, ხოლო ერთ-ერთი მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება სასჯელთა ნაწილობრივ შეკრებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ზ. პ-ის, კ. ო-სა და ა.კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ თ. ა-ის, ლ. კ-სა და ნ. ფ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, არმენ კაზარიანი, კონსტანტინე ოსიპოვი და ზავენ პოღოსოვი გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

გასაჩივრებული განაჩენიდან ა. კ-ის, კ. ო-ა და ზ. პ-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და მითითება სასჯელთა ნაწილობრივ შეკრებაზე;

ა. კ-ს, კ. ო-სა და ზ. პ-ს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით განესაზღვროთ 6-6 (ექვს-ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ა. კ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; კ. ო-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. პ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.