ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 31.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1405აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1405აპ ქ. თბილისი

31 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 იანვრის განაჩენით კ. ჩ-ძე, _ დაბადებული ....... წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება; ასევე _ ხულიგნობა, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით; ასევე _ ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება, შეძენა და გამოყენება და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადასვლა, რაც გამოიხატა შემდეგში:

კ. ჩ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა „აკს-ის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი მას თან ჰქონდა 1994 წლის 29 სექტემბერს, ქ. თბილისში, ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე, სხვა დანაშაულის ჩადენის დროს, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კ. ჩ-ძე 1994 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 09.30 საათზე, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე და, ატარებდა რა თავის მიერ უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს, შეხვდა ნაცნობს, აწ გარდაცვლილ ზ. ს-ს, რომელთანაც იმყოფებოდა კონფლიქტურ ურთიერთობაში. ამ მოტივით მათ შორის მოხდა შეკამათება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. კ. ჩ-მ, საზოგადოების თვალწინ, ხმამაღლა უცენზურო სიტყვებით აგინა ზ. ს-ს და იწევდა მისკენ საცემად. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ზ. ს-ა შეეცადა, გასცლოდა შემთხვევის ადგილს. კ. ჩ-ძე და მისი მეგობარი ა. ა-ი გამოეკიდნენ ზ. ს-ს იარაღიდან ჰაერში სროლით. კ. ჩ-მ იარაღი გადასცა ა. ა-ს, რომელმაც ისროლა ზ. ს-ს მიმართულებით. ტყვია მოხვდა ზ. ს-ს მარჯვენა დუნდულოს ზედა ნაწილში, შეაღწია მუცლის ღრუს ორგანოებში, გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა და მიღებული დაზიანების შედეგად ზ. ს-ა იმავე დღეს გარდაიცვალა ქ. თბილისის ¹1 საავადმყოფოში.

1994 წლის 29 სექტემბერს, ზემოაღნიშნული დანაშაულის შემდეგ, კ. ჩ-ძე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

1994 წლის ოქტომბერში კ. ჩ-მ, დაუდგენელ პირთა დახმარებით, ქ. ქუთაისის მმაჩის ბიუროს სახელით გააკეთა ყალბი დაბადების მოწმობა ¹320945, რომ, თითქოს, იგი არის გ. პ-ი, ეროვნებით ბერძენი. აღნიშნული ყალბი დაბადების მოწმობის საფუძველზე 1994 წლის 10 ოქტომბერს შსს ქ. თბილისის სავიზო, საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილებაში მის სახელზე გაიცა პასპორტი სერიით 99 ¹0100302, გ. პ-ს გვარზე და იმავე თვეში, აღნიშნული ყალბი პასპორტის გამოყენებით, კ. ჩ-ძე, გ. პ-ს გვარით, უკანონოდ გადავიდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და საცხოვრებლად ჩავიდა საბერძნეთში.

აღნიშნული ქმედებისათვის კ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კ. ჩ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 ივნისიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. ჩ-მ და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ბ-მა.

მსჯავრდებულმა კ. ჩ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატმა ო. ბ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: კ. ჩ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ კ. ჩ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უკანონოა სასამართლოს მიერ სასჯელთა სრულად შეკრება, რადგან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განმარტებით, 2006 წლის 29 დეკემბრამდე ჩადენილ დანაშაულებზე სასჯელების სრულად შეკრების წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ამსუბუქებს პირის მდგომარეობას; სასამართლო განაჩენის დადგენისას მტკიცებულებად იყენებს მოწმეების _ დ. გ-ს, გ. მ-ს, დ. ჯ-ს და ე. ა-ს ჩვენებებს, რომელთაგან გინების ფაქტს არავინ ადასტურებს, გარდა ე. ა-სა, რომლის ასავალ-დასავალი ვერ დადგინდა, რათა დაკითხულიყო სასამართლოზე; გასათვალისწინებელია, რომ ამ საქმის ორივე ძირითადი გამომძიებელი _ შ. ც-ძე და თ. გ-ი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი; საყურადღებოა ისიც, რომ დანაშაულის იარაღი არ არის ამოღებული; დაუდგენელია, სწორედ იმ იარაღიდან მოხდა თუ არა საბედისწერო გასროლა; უცნობია, მიეკუთვნებოდა თუ არა ავტომატი ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

კასატორის აზრით, კ. ჩ-ს მიერ ზ. ს-ს გაყვანა ხალხისაგან მოფარებულ ადგილას გამორიცხავს მსჯავრდებულის მხრიდან ხულიგნობის ჩადენის მოტივსა და მიზანს; არც ერთი მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს კ. ჩ-ს მიერ იარაღის უკანონოდ ტარებისა და ხულიგნობისათვის განაჩენის დადგენის აუცილებელ, უტყუარ მტკიცებულებას.

ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ კ. ჩ-ძე 1994 წლის 29 სექტემბერს, მომხდარი შემთხვევის შემდეგ, ჩვეულებრივი, სსრკ-ს პასპორტით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით, გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. იმ დროს რუსეთ-საქართველოს შორის იყო უვიზო მიმოსვლა, ასე, რომ მას საქართველოს საზღვარი არ დაურღვევია; მხოლოდ ამის შემდეგ დაამზადა მსჯავრდებულის ბაბუამ ყალბი დაბადების მოწმობა, საზღვარგარეთის პასპორტი და გაუგზავნა კ. ჩ-ს საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად; საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაცემებით, 1995 წელს მათი მეშვეობით მოხდა ყალბი დაბადების მოწმობის ლეგალიზება; ამ მომენტისათვის კ. ჩ-ძე უკვე საბერძნეთში იყო და ასპარეზობდა სპორტული კლუბის _ „ოლიმპიაკოსის” სახელით; 1995 წლის 19 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ პირეას სასამართლოს განაჩენით დაისაჯა კ. ჩ-ძე სწორედ ამ ყალბი დაბადების მოწმობისა და პასპორტის გამოყენებისათვის; ე.ი. მას ყალბი დოკუმენტის დამზადება, შეძენა და შენახვა არ ჩაუდენია, ხოლო გამოყენებისათვის მან საბერძნეთში უკვე მოიხადა სასჯელი; გარდა ამისა, საქმეში არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კ. ჩ-ემ 1994 წლის ოქტომბერში ყალბი საბუთების გამოყენებით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ზ. ს-ს ახლობლებს უკანონო დახმარებას უწევდა საქართველოს უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი მდივანი ნ. ს-ა; ბერძენი მოსამართლეების გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვლელობაში თანამონაწილეობის გამო არ მოითხოვა კ. ჩ-ს ექსტრადიცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატ ი. ბ-ს მიაჩნია, რომ კ. ჩ-ის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა, რის გამოც ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ფ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ბ-ი შესაგებელით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს საკსაციო საჩივივარი იმ მოტივით, რომ იგი უსაფუძვლოა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია და ეყრდნობა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, კერძოდ:

მოწმე დ. გ-მ სასამართლოს განუმარტა, რომ აწ გარდაცვლილ ზ. ს-ს ახლდა ბაზრობაზე. მათ შორის ორი უცნობი პირი ჩადგა. ერთ-ერთმა ზ-ს ხელი მოუქნია, ხოლო მეორემ _ ავტომატიდან სროლა დაიწყო. იქ რამდენიმე შეიარაღებული პირი მივიდა, ზ. ს-მ მოახერხა გაქცევა და ხალხს შეერია. სროლა გაგრძელდა და მალევე შეიტყო, რომ ზ. ს-ა დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს (ტ. 4, ს.ფ. 31-33).

მოწმე დ. ჯ-მა განმარტა, რომ 1994 წლის 29 სექტემბერს, დილით იმყოფებოდა ისნის ბაზრობაზე, რომლის დაცვის სამსახურშიც მუშაობდა. დღის საათებში მოხდა აურზაური, გარბოდნენ ჩ-ძე და ა-ი. გაისმა სროლი ხმა. ზუსტად ახსოვს, რომ იმ დღეს კ. ჩ-ს ჰქონდა იარაღი და გარბოდა (ტ. 4, ს.ფ. 39-40).

წინასწარი გამოძიებისას მოწმე ე. ა-მა განაცხადა, რომ მოესმა ავტომატიდან 3-4-ჯერ გასროლის ხმა. დაინახა, რომ ახალგზრდა ბიჭს მისდევდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლები _ ზ. გ-ძე და კ. ჩ-ძე. ამ უკანასკნელს ხელთ ავტომატი ჰქონდა და ხმამაღლა იგინებოდა. საპირისპირო მხრიდან გამოჩნდა ა. ა-ი, რომელსაც კ. ჩ-მ ავტომატი გადაუგდო. ა. ა-მა იარაღი ფეხში მიარტყა გაქცეულს, რა დროსაც გავარდა ტყვია და ახალგაზრდა ბიჭი წაიქცა. მოგროვდა ხალხი და დაჭრილი წაიყვანეს საავადმყოფოში (ტ. 1, ს.ფ. 49-50).

აღნიშნული ჩვენება საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე (ტ. 4, ს.ფ. 62; 66).

თავად მსჯავრდებულმა სასამართლოში განაცხადა, რომ იჩხუბა ზ. ს-სთან და შემდეგ დაედევნა მას. იარაღი ჰქონდა ა. ა-ს და მასვე გაუვარდა. კ. ჩ-მ თავი დამნაშავედ ცნო ყალბი საბუთის გამოყენებასა და ჩხუბში (ტ. 4, ს.ფ. 97-101).

ამასთან, ,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 1995 წლის 2 ივნისის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კ. ჩ-ს მიმართ უნდა შეწყდეს საქმე სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული მუხლები შეესაბამება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 84-ე მუხლის 1-ელ ნაწილს, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 214-ე მუხლს, რომლებითაც საბრალდებო დასკვნით დაკვალიფიცირდა კ. ჩ-ს ქმედება და ეს მუხლები სასჯელად ითვალისწინებდნენ თავისუფლების აღკვეთას არა უმეტეს 5 წლის ვადით. დადგენილია, რომ კ. ჩ-მ ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები ჩაიდინა 1994 წლის ოქტომბერში, ,,ამნისტიის შესახებ" ზემოაღნიშნული კანონის ძალაში შესვლამდე და არც საბრალდებო დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ კ. ჩ-ძე იყენებდა ყალბ პირადობის მოწმობას 1995 წლის 2 ივნისის შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 1995 წლის 2 ივნისის კანონის მე-2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 1995 წლის 2 ივნისის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კ. ჩ-ს მიმართ შეწყდეს საქმე სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და საბოლოოდ კ. ჩ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.