შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 29.07.2008
საქმის ნომერი
2კ-1440აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1440აპ 29 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე(თავმჯდომარე,)

იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ლევან გზირიშვილს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 9 თვის ვადით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 9 თვე შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით მას მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აგრეთვე, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. ზემოაღნიშნული, გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, გამოიხატა შემდეგში: ლ. გ-მა, მცხოვრებმა ქ. ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ¹----ში ოჯახთან ერთად, განიზრახა მისი მეუღლის თ. ი-ს დედის _ ნ. ლ-ს კუთვნილი ფულადი თანხის _ 500 ლარის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ხსენებული თანხა თ. ი-ს მიბარებული ჰქონდა მისი დედისგან, რის შესახებაც ლ. გ-სათვის წინასწარ იყო ცნობილი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2006 წლის 5 ნოემბერს, ლ. გ-მა ისარგებლა რა მეუღლის სახლში არ ყოფნით, ბავშვის სათამაშო ყუთიდან ფარულად დაეუფლა ზემოაღნიშნულ ფულად თანხას _ 500 ლარს, რაც დახარჯა ქ. ახალციხეში, ორბელიანის ქ. ¹---ში მდებარე ბარში კომპიუტერული თამაშების დროს. 2006 წლის 5 ნოემბერს ხსენებული თანხა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგედ ამოღებილი იქნა ბარიდან. აღნიშნული ქმედებით, ლ. გ-მა დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებით, ლ. გ-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა _ 500 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, 2006 წლის 4 ნოემბერს მან განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერების შემცვლელი მცენარე ,,მარიხუანა”, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით.

აპელანტი, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო. გ. თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ლ. გ-ს მიმართ გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანას და სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ ლ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის ზომად, 59-ე მუხლის გამოყენებით 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურორის მოთხოვნა, ცვლილება შევიდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენში, კერძოდ: ლ. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის ზომად, სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ლ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ლ. გ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის განკარგულებით მსჯავრდებული ლ. გ. შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ჟ» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ლ. გ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულებისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის განკარგულების საფუძველზე ლ. გ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულებისათვის, გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.