შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
860აპ.08 21 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივნის _ ო. დუმბაძის
პროკურორ _ ქ. ჩომახაშვილის
მსჯავრდებულ _ გ. დოლმაზოვის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით გ. დ-ს _ ბრალი ედებოდა საქართველოს სისხილს სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
გ. დ-ის ბრალდების საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, რომელმაც მისი ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე, ხოლო სასჯელის ზომად განუსაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ზომად შეიკრიბა და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, აგრეთვე _ ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
იმავე განაჩენით გ. დ-ან ერთად მსჯავრდებულ იქნენ გ. კ-ი და ზ. ა-ი, რომლებიც ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მათ სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა _ თითოეულს 5 (ხუთი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა _ თითოეულს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენით გ. დ-ს მსჯავრი დაედო: ქურდობისათვის, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და გამოძალვისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო გ. კ-სა და ზ. ა-ს მსჯავრი დაედოთ გამოძალვისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შედმეგში:
2006 წლის 8 ოქტომბერს გ. დ-მა, იმყოფებოდა რა თბილისში, ............... განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. დ-ი მივიდა ....... ქუჩის ¹32-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლთან, გადავნიდან უკანონოდ შეაღწია ეზოში და შემდეგ _ საცავში, რის შემდეგაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცხოვრებელი სახლის საცავში ფარულად დაეუფლა გ. ტ-ის კუთვნილ სამუშაო ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით გიორგი დოლმაზოვმა დაზარალებულ გ. ტ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 745 ლარის ოდენობით.
2007 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 10.00 საათზე, თბილისში, ........... ქ. ¹10-ში მცხოვრები ზ. კ-ე და გ. დ-ი .............. ტაქსით წავიდნენ თბილისში. დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტოირაზე გ. დ-მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ზ. კ-ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. ახლობელთან დარეკვის საბაბით მან ზ. კ-ეს სთხოვა ტელეფონი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც ზ. კ-ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი 385 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ გ. დ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობრებს _ გ. კ-სა და ზ. ა-ს და მათთან ერთად განიზრახა ზ. კ-ის კუთვნილი ტელეფონის სანაცვლოდ მისგან ფულადი თანხის, 150 ლარის გამოძალვა. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად დასახელებული პირები მივიდნენ ზ. კ-ესთან და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მისგან მოითხოვდნენ 150 ლარის გადაცემას.
სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. კ-მა და ზ. ა-მა ჩაიდინეს გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების ან ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად. კერძოდ, გ. კ-შვილმა, გ. დ-მა და ზ. ა-მა დაზარალებულ ზ. კ-ეს კუთვნილი მობილური ტელეფონის სანაცვლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით მოსთხოვეს 150 ლარის მათთვის გადაცემა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის პროკურორმა ს. ჯ-მა, მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ვ. მ-მა და ვ. ქ-ემ, მსჯავრდებულმა გ. დ-მა.
აპელანტი _ პროკურორი ს. ჯ-ი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, კერძოდ, კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში შემდეგი ცვლილების შეტანას მსჯავრდებულთა საუარესოდ: მსჯავრდებულ გ. დ-ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ _ საქართველოს სკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების საფუძველზე სასჯელის ზომად 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე _ 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე _ 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელების შეკრებასა და საბოლოოდ გ. დ-ის მიმართ 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას; გ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას; ზ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე მის მიმართ სასჯელის ზომად 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. აპელანტი თავის მოთხოვნას საფუძვლად უდებდა იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გ. დ-ის, გ. კ-ისა და ზ. ა-ის მიმართ არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან საქმეში არსებული დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მსჯავრდეუბლებმა ჩაიდინეს ყაჩაღობა და არა _ გამოძალვა.
მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ვ. მ-ი და ვ. ქ-ე ითხოვდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. დ-ის, გ. კ-ისა და ზ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. აპელანტებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მიაჩნდათ უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან, მათი აზრით, იგი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულებებიდან და დადგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების საფუძველზე; გამოიძება ჩატარებულია კანონის უხეში დარღვევებით და სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები.
მსჯავრდებული გ. დ-ი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. აპელანტი თავის მოთხოვნას საფუძვლად უდებდა იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მის მიმართ არის მკაცრი, არასამართლიანი და არაკანონიერი, ემყარება ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებს; საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2008 წლის 17 აპრილის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტთა მოთხოვნები, ხოლო თბლიისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. დ-ის, გ. კ-ისა და ზ. ა-ის მიმართ დატვოა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. დ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, შედმეგი მოტივებიდან გამომდინარე: აღნიშნული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან არ გამომდინარეობს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებიდან და დადგენილია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების საფუძველზე; საქმეზე წინასწარი და სასამართლო გამოძიება ჩატარებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევებით; არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობები, რამაც ხელი შეუშალა ჭეშმარიტების დადგენას და რის გამოც იგი მსჯარვდებულ იქნა უსაფუძვლო ბრალდებებით.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას კასატორმა _ მსჯავრდებულმა გ. დ-მა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ მას არ ჩაუდენია მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები. ქურდობა მოხდა მისი სახლიდან 200 მეტრის დაშორებით, მაგრამ აღნიშნული დანაშაული მას არ ჩაუდენია, ხოლო დაზარალებულ ტ-შვილის კუთვნილი ჩაქუჩი მასთან სახლში როგორ აღმოჩნდა, არ იცის. რაც შეეხება თაღლითობას, მან მიუთითა, რომ, როდესაც ის და დაზარალებული ზ. კ-ძე თბილისში იმყოფებოდნენ, ეს უკანასკნელი იყო ძალიან მთვრალი, რის გამოც მას შესთავაზა, რომ თავისი ტეელეფონი შესანახად მისთვის გადაეცა, რათა არ დაეკარგა, რასაც შემდეგ დაუბრუნებდა, რაზედაც ზ. კ-ძე დაეთანხმა. მათ თავისი ნებით გადასცა მას ტელეფონი. ამი სშემდეგ მას ტანხა დასჭირდა, რის გამოც ზ. კ-ძის ტელეფონი დააგირავა 150 ლარად, რასაც შემდეგში გამოისყიდდა და პატორნს დაუბრუნებდა, მაგრამ ამასობაში დააკავეს. გ. დ-მა ასევე უარყო გამოძალვის ჩადენა და აღნიშნა, რომ მას ზ. კ-ძის მიმართ არავითარი გამოძალვა არ ჩაუდენია. იგი არ უარყოფს, რომ ტელეფონის თაობაზე მასთან კამათი მოუხდა, მაგრამ მისთვის რაიმე თანხა არ მოუთხოვია, რასაც ადასტურებენ მოწმეები. საბოლოოდ მსჯავრდებულმა გ. დ-მა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ქ. ჩ-მა აღნიშნა, რომ კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. ამასთან, იგი თავის საკასაციო საჩივარში და საკასაციო პალატის სხდომაზე ავითარებს ერთმანეითსგან განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ პოზიციებს, რაც მიუთითებს მისი მოთხოვნის უსაფუძვლობაზე, ხოლო მისი ბრალდება გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ დანაშაულებრივ ქმედებებში არის დასაბუთებული და კანონიერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ პროკურორმა ქ. ჩ-მა ითხოვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ გ. დ-ის, გ. კ-ის, ზ. ა-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნშინული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. დ-მა ნამდვილად ჩაიდინა ქურდობა საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დადასტურებულია საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც სააპელაციო სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რის გამოც ამ ნაწილში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. დ-ის მიერ დაზარალებულ ზ. კ-ძის კუთვნილი მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები არ გააანალიზა და არ შეაფასა ერთნაირი ყურადღებით, რის გამოც დაუშვა უზუსტობა როგორც ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისას, ისე მათი შეფასებისას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულ ზ. კ-ძის ჩვენება, რომლის სასამრათლოში დაკითხვა ვერ მოხერხდა მისი გარდაცვალების გამო, ხოლო ამ ჩვენების მიხედვით, გ. დ-მა მას ტელეფონი გამოართვა იმ საბაბით, რომ სურდა დაერეკა თავისი ნაცნობისათვის, მაგრამ მისგან ტელეფონის მიღების შემდეგ იგი აღარ დაუბრუნა და წავიდა შემთხვევის ადგილიდან. იმავე ფაქტის თაობაზე გ. დ-ი განმარტავს, რომ მან ზ. კ-ძეს ტელეფონი გამოართვა იმიტომ, რომ იგი ძლიერ მთვრალი იყო და ამიტომ შეიძლებოდა ტელეფონი დაეკარგა. ამიტომ მან უთხრა ზ. კ-ეს, რომ ტელეფონი მისთვის გადაეცა შესანახად, რასაც შემდეგ დაუბრუნებდა. ზ. კ-ე დასთანხმდა და გადასცა მას ტელეფონი, რომელიც წაიღო სახლში, ხოლო შემდეგ, ვინაიდან ფული დასჭირდა, ზ. კ-ის კუთვნილი ტელეფონი აგმოიყენა პირადი მიზნებისათვის, კერძოდ, იგი დააგირავა. ამასთან, მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რაც ასევე დასტურდება აწ გარდაცვლილ ზ. კ-ის ჩვენებითაც, რომ გ. დ-ს მისთვის ტელეფონი აღარ დაუბრუნებია.
მოცემულ შემთხვევაშ, მხოლოდ დაზარალებულ ზ. კ-ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ გ. დ-მა მას ტელეფონი გამოსტყუა და შემდეგ კი შემთვხევის ადგილიდან მიიმალა, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ასეთი ვერსიის უტყუარად მიჩნევისათვის, მით უმეტეს, როდესაც არსებობს გ. დ-ის საწინააღმდეგო ჩვენება იმავე ფაქტის თაობაზე და ეს ჩვენება არ არის არყოფილი სხვა მტკიცებულებით. ამრიგად, თუკი ერთობლივად შევაფასებთ დაზარალებულ ზ. კ-ძის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებას, რომელიც აგმოკვლეულ იქნა სასამართლოში, და ასევე მსჯავრდებულ გ. დ-ის ჩვენებას, დადგენილად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ დაზარალებულმა ზ. კ-ემ თავისი მობილური ტელეფონი შესანახად მიანდო გ. დ-ს, რომელმაც აღნიშნული სხვისი მოძრავი ნივთი შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, როდესაც განკარგა იგი, როგორც პირადი საკუთრება და გაასხვისა, ხოლო მისი ღირებულება ზ. კ-ის აღარ აუნაზღაურებია. მაშასადამე, განხილულ ეპიზოდში მსჯავრდებულ გ. დ-ის ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, კერძოდ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც აღნშინულ ნაწილში მსჯავრდებულ გ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი დანაშაული, როგორიცაა გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, რადგან ამ ნაწილში დაზარალებულ ზ. კ-ძის ჩვენება, რომლითაც გ. დ-ი იმხილება ხსენებულ დანაშაულში, არსებითად არის უარყოფილი შემთვხევის თვითმხილველი მოწმეების _ ნ. ს-შვილისა და გ. ჭ-ძის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე და სასამართლოში მიცემული ჩვენებებით. მითითებული პირები იყვნენ აწ გარდაცვლილ ზ. კ-ძის მეგობრები. აღნშინული ჩვენებები ძირითად ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზარა, მაგრამ არ მისცა მათ ჯეროვანი და ობიექტური შეფასება. მართალია, ასევე არსებობს მოწმე ც. ზ-ის მიერ წინასწარი გამოძიების მიცემული ჩვენება, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოში საქმის განხილვისას, და მოწმე თ. ჩ-ის ჩვენება, რომლებიც საფუძვლად დაედო გ. დ-ის ბრალდებას, მაგრამ მათი ჩვენებების საფუძველს წარმოადგენს აწ გარდაცვლილ ზ. კ-ის აშკარად წინააღმდეგობრივი ჩვენებები დაგანცხადებები, რის გამოც ისინი სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ ნაწილობრივ სხვა, ობიექტური მტკიცებულებებით მათი დაუდასტურებლობის გამო. ასე რომ, ვერ იქნება დადგენილად მიჩნეული, რომ უშუალოდ გ. დ-ი ახორციელებდა გამოძალვას ზ. კ-ის მიმართ. ასეთ პირობებში, როდესაც ბრალდება ფაქტობრივად დაფუძნებულია ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებზე, ეჭვი, რმოელიც არ არის სრულად და უტყუარად დადასტურებული, უნდა გადაწყდეს იმ პირის სასარგებლოდ, ვისაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა.
განხილულ გარემოებათა გამო ვერ დაკმაყოფილდება მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მისი უდანაშაულოდ ცნობის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მთლიანად შეწყვეტისა და პატიმრობიდან განთავისუფლების თაობაზე, რადგან საამისოდ არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით გადაამოწმა ასევე მსჯავრდეუბლების _ გ. კ-ისა და ზ. ა-ის მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ. საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის «ო» ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებული გ. კ-ი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 ნოემბრის ¹780 განკარგულებით შეწყალებულ იქნა და იგი გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან, ასევე მსჯავრდებული ზ. ა-შვილი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 აპრილის ¹276 განკარგულებით შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან. გასაჩივრებული განაჩენი მათი მსჯავრდების ნაწილში, რომლითაც გ. კ-სა და ზ. ა-ს დაკისრებული აქვთ აგრეთვე დასატებითი სასჯელი _ ჯარიმა თითოეულს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
საბოლოოდ, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯარვდებულ გ. დ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, შესაბამისად, განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ამ ნაწილში გ. დ-სათვის დამატებითი სასჯელად 3000 (სამი ათასი) ლარის დანიშვნის თაობაზე. ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. დ-ს ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ გ. დ-ის, გ. კ-ისა და ზ. ა-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.