შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 12.02.2009
საქმის ნომერი
2კ-1250აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1250აპ 12 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენით:

გ. გ-ას ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და გამართლდა.

გ. გ-ა, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით _ ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება _ 1 წლით, 332-ე მუხლის I ნაწილით _ ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება _ 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. გ-ას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთიან ანგარიშზე _ საქართველოს ეროვნული ბანკი კოდი _ .............., ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში ¹................, სახაზინო კოდი _ .................. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით.

გ. გ-ას დაეკისრა მოსარჩელე, დაზარალებული მხარის _ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ 4660 ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ გ. გ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

გ. გ-ა 1994 წლის 31 ოქტომბრიდან 2001 წლის 22 იანვრამდე, შემდეგ კი 2001 წლის 23 ოქტომბრამდე მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ........... ხობის რაიონული .......... და ითვლებოდა მოხელედ. მის სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენდა ხობის რაიონი.

გ. გ-ას 1998 წლის 18 მარტს ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის შ. ს-ის რეზოლუციით შესასრულებლად დაეწერა ხობის რაიონული გამგეობიდან ხობის რაიონულ სასამართლოში შემოსული 1998 წლის 17 მარტის ¹928 მომართვა, ხობის რაიონის სოფელ ........... სახელმწიფო მეურნეობის მიერ ............. მერიიდან 1996 წლის მარტი-აპრილის თვეებში სესხის სახით აღებული 29998 ლარის ძირითადი თანხისა და 5000 ლარის სარგებლის .............. მერიისათვის დაუბრუნებლობის გამო უდავო წესით გადახდის აღსრულების თაობაზე.

გ. გ-ამ აღნიშნული წერილობითი მომართვის საფუძველზე, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» სსრკ-ის 1985 წლის 15 ნოემბრის ინსტრუქციის 131-ე და 133-ე პუნქტების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, 1998 წლის 19 მარტს უკანონოდ აღწერა და დააყადაღა .......... სახელმწიფო მეურნეობის ყველა ძირითადი საშუალება, სულ 31 ერთეული, ფულადი თანხით _ 40100 ლარი, რითაც მან უხეშად დაარღვია ზემოხსენებული სააღსრულებო წარმოების ინსტრუქციის 131-ე პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, თუ სახელმწიფო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამეურნეო ანგარიშზე და არა ჰქონდათ დავალიანების დასაფარავად საკმარისი ფულადი თანხები, გადახდევინება შეიძლებოდა მოვალის კუთვნილი ქონებიდან, გარდა საწარმოების შენობა-ნაგებობების, მოწყობილბებისა და სხვა ქონებისა, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ძირითად საშუალებებს _ სათესლე და საფურაჟე ფონდებს, აგრეთვე სხვა საბრუნავ ფონდებს იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური საქმიანობისათვის, ხოლო ამავე «სააღსრულებო წარმოების» ინსტრუქციის 131-ე პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელმა სიძნელის წარმოქმნის შემთხვევაში მოსამართლის წინაშე უნდა აღძრას საკითხი აღსრულების წესის და მითითებების შესახებ, კონკრეტულად მოვალის რომელი ქონებიდან უნდა მოხდეს გადახდევინება, რაც გ. გ-ას მოცემულ შემთხვევაში არ გაუკეთებია.

1998 წლის 27 მარტიდან 1999 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ თავისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად უკანონოდ გაყიდა ........ სახელმწიფო მეურნეობის კუთვნილი, მის მიერ დაყადაღებული 31 ერთეული ძირითადი საშუალებიდან 11 ერთეული, კერძოდ: 1998 წლის 27 მარტს ხობის რაიონის სოფელ ......... მცხოვრებ რ. გ-ას 5000 ლარად მიჰყიდა მეურნეობის ადმინისტრაციული სახლი, 4000 ლარად _ სასიმინდე ფარდულის ორი მესამედი და 1000 ლარად _ საწყობის შენობა.

1998 წლის 30 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ....... მცხოვრებ მოქალაქე გ. ტ-ს 334 ლარად მიჰყიდა «.....» მარკის ტრაქტორი, გამოშვებული 1986 წელს, ძარის ¹......, ძრავის ¹......, რომლის ძირითადი საბალანსო ღირებულება გაყიდვის პერიოდში შეადგენდა 800 ლარს, რითაც მან ......... სახელმწიფო მეურნეობას მიაყენა 466 ლარის ზიანი; სოფელ ............. მცხოვრებ თ. გ-ეს 483 ლარად მიჰყიდა 1988 წელს გამოშვებული «....» მარკის ტრაქტორი, ძარის ¹....., ძრავის ¹......, რომლის ძირითადი საბალანსო ღირებულება გაყიდვის პერიოდში შეადგენდა 1300 ლარს, რითაც მან .............. სახელმწიფო მეურნეობას მიაყენა 817 ლარის ზიანი; სოფელ ............ მცხოვრებ რ. შ-ეს 457 ლარად მიჰყიდა 1987 წელს გამოშვებული «ბტგ-80» მარკის ტრაქტორი, ძარის ¹............. ძრავის ¹.........., რომლის ძირითადი საბალანსო ღირებულება გაყიდვის პერიოდში შეადგენდა 1200 ლარს, რითაც მან .............. სახელმწიფო მეურნეობას მიაყენა 743 ლარის ზიანი.

მანვე 1998 წლის 31 დეკემბერს სოფელ ........ მცხოვრებ ტ. მ-ს 400 ლარად მიჰყიდა 1987 წელს გამოშვებული «იუმგ-ე» მარკის ტრაქტორი, ძარის ¹............., ძრავის ¹............, რომლის ძირითადი საბალანსო ღირებულება გაყიდვის პერიოდში შეადგენდა 700 ლარს, რითაც მან ............. სახელმწიფო მეურნეობას მიაყენა 300 ლარის ზიანი.

მანვე 1998 წლის 18 იანვარს ქ. ქობულეთში მცხოვრებ, აწ გარდაცვლილ გ. პ-ს 300 ლარად მიჰყიდა 1988 წელს გამოშვებული, ძარის ¹.............. «ტ-150» მარკის ტარქტორი, რომლის ძირითადი საბალანსო ღირებულება გაყიდვის პერიოდში შეადგენდა 1400 ლარს, რითაც მან ............ სახელმწიფო მეურნეობას მიაყენა 1100 ლარის ზიანი, ხოლო მის მიერ იმავე დღეს შედგენილ აქტზე მიუთითა, რომ თითქოს აღნიშნული «ტ-150» მარკის ტრაქტორი შეისყიდა სოფელ ............... მცხოვრებმა ს. შ-მ; ქ. ფოთში მცხოვრებ მ. ბ-ს 400 ლარად მიჰყიდა «კავზის» მარკის ავტობუსი ძარის ¹............., ძრავის ........., რომლის ძირითადი საბალანსო ღირებულება გაყიდვის პერიოდში შეადგენდა 1200 ლარს, რითაც მან ........ სახელმწიფო მეურნეობას მიაყენა 800 ლარის ზიანი.

მანვე 1999 წლის 8 თებერვალს სოფელ ............ მცხოვრებ თ. გ-ს 100-100 ლარად მიჰყიდა ერთი სათესი «სპმ-8» და ერთი ტრაქტორის მისაბმელი (ჯამში 200 ლარი), რომელთა ძირითადი საბალანსო ღირებულება გაყიდვის პერიოდში შესაბამისად შეადგენდა 400 და 234 ლარს. აღნიშნული ქმედებით მან ............. სახელმწიფო მეურნეობას მიაყენა 434 ლარის ზიანი, რის შესახებაც მან შეადგინა სათანადო აქტები. მან ............. სახელმწიფო მეურნეობის ხსენებული 11 ერთეული ძირითადი საშუალებები გაყიდა 12574 ლარად, მაშინ, როდესაც დასახელებული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება გაყიდვის პერიოდში შეადგენდა 17234 ლარს. მან აღნიშნული უკანონო მოქმედებით, ხსენებული 11 ერთეული .......... სახელმწიფო მეურნეობის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებაზე დაბალ ფასში გაყიდვის შედეგად .............. სახელმწიფო მერუნეობას მიაყენა 4660 ლარის ზიანი.

გ. გ-მ 1999 წლის 18 იანვარს და 1999 წლის 8 თებერვალს საგვიჩიოს სახელმწიფო მეურნეობის კუთვნილი ძირითადი საშუალებების _ 300 ლარად გაყიდული «ტ-150» მარკის ტრაქტორის, 400 ლარად გაყიდული «.....» მარკის ავტობუსის, 100 ლარად გაყიდული ერთი «სპმ-8» ტრაქტორის სათესის და 100 ლარად გაყიდული ერთი ტრაქტორის მისაბმელის შედეგად მყიდველების _ თ. გ-ის, მ. ბ-ას და აწ გარდაცვლილ გ. პ-საგან, «სააღსრულებო წარმოების» შესახებ სსრკ-ის 19... წლის ... ნოემბრის ინსტრუქციის 251-ე, 252-ე და 253-ე პუნქტების დარღვევით მიღებული ფულადი თანხა _ სულ 900 ლარი, აღსრულების 5%-ის გამოკლებით, ე.ი. 855 ლარი აღნიშნული «სააღსრულებო წარმოების» ინსტრუქციის 250-ე მუხლის შესაბამისად, არ ჩარიცხა ........... რაიონული სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შემდგომში დანიშნულებისამებრ წარსამართავად, მიითვისა აღნიშნული თანხა და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის, რაც მას დღემდე ანაზღაურებული არა აქვს.

ამდენად, მან თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მიითვისა ......... სახელმწიფო მეურნეობის 11 ერთეული ძირითადი საშუალებების გაყიდვის შედეგად მიღებული 855 ლარი, ასევე დასახელებული მეურნეობის კუთვნილი 11 ერეთული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებაზე დაბალ ფასებში უკანონოდ გაყიდვის შედეგად მას მიაყენა 4660 ლარის ზიანი, რამაც .......... სახელმწიფო მეურნეობის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

გ. გ-ას სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის რეზოლუციით 2006 წლის 12 ივლისს შესასრულებლად დაეწერა ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ბ. ჭ-ს სასარგებლოდ, მოპასუხე მ. ც-სა და თანამოპასუხე ა. ც-საგან სოლიდარულად 270 ლარის გადასახდელად დაკისრების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2001 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 12 საათზე, მას ხობის რაიონული სასამართლოს შენობაში, თავის სამუშაო ოთახში, თანამოპასუხე ა. ც-მ მისცა მოსარჩელე ბ. ჭ-სთვის გადასაცემად ვალის ნაწილი _ 200 ლარი. იგი ა. ც-ას შეპირდა, რომ აღნიშნულ ფულად თანხას ჩარიცხავდა «სააღსრულებო წარმოების შესახებ 1999 წლის 16 აპრილის კანონის და მასში 2000 წლის 13 ივლისს, 5 დეკემბერს, 2001 წლის 19 ივლისს შესული ცვლილებების 82-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რის შემდეგაც ბ. ჭ-ა დასახელებულ ფულად თანხას მიიღებდა, რის თაობაზეც მან ა. ც-ას მისცა ოფიციალური ცნობა დამოწმებული პირადი ხელმოწერით და აღმასრულებლის მრგვალი ბეჭდით. მან თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით აღნიშნული ფულადი თანხა _ 200 ლარი არ ჩარიცხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე და არ გადასცა მოსარჩელე ბ. ჭ-ს, არამედ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა არაერთგზის მიითვისა და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის, რითაც ფიზიკურ პირს _ დაზარალებულ ჭ-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო იმ მოტივით, რომ ბრალდება არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს; საქმეში დევს მხოლოდ მოწმეთა და ე.წ. დაზარალებულთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები; სასამართლოს, როგორც მინიმუმი, უნდა ემოქმედა ყველა ეჭვის განსასჯელის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან გამომდინარე და უნდა გამოეყენებინა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მე-10 მუხლის ნორმა; სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა მისი ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას, მოცემული საქმის ყველა ეპიზოდთან მიმართებით კერძოდ, _ საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის ნორმა, რომლის თანახმადაც _ «დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას»; ყოველივე ზემოაღნიშნულის სათანდო შეფასებისა და ანალიზის შემდეგ სასამართლოს მისი დამნაშავედ ცნობისა და, შესაბამისად, მსჯავრის დადების მომენტში აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 7 წელიწადზე მეტია იმყოფება სამართლებრივ განუსაზღვრელობაში, რამაც უარყოფითი ასახვა ჰპოვა მისი, როგორც ახალგაზრდა ადამიანის, საზოგადო და პროფესიულ განვითარებაზე; მოსამართლის ბრძანების საფუძველზე არ შემოწმებულა საბანკო ანგარიშები და ზერელად დაედო მსჯავრი თანხის მითვისების ნაწილში, როგორც ........ საბჭოთა მეურნეობასთან, ასევე ბ. ჭ-სთან დაკავშირებულ ეპიზოდებში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. გ-ას განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულები, რადგან საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების _ ს. შ-ის, მ. ბ-ას, თ. გ-ის, ბ. შ-ას, ბ. ჭ-ასა და მოწმეების _ ლ. ნ-ას, ბ. კ-ას, რ. შ-ის, გ. ტ-ძის, ა. გ-ის, ტ. მ-ის, ვ. ბ-ას, რ. გ-ას, შ. ს-ის, ლ. ა-ას, ა. ც-ასა და მ. კ-ას ჩვენებებით; წარმოდგენის ოქმით; ხობის გამგეობის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით; ქ. ქუთაისის მერიის განკარგულებით; აქტებით, საინვენტარიზაციო აღწერილობითა და გადახდის ქვითრებით; სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციიდან ამონაწერით; ხობის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით; სააღსრულებლო ფურცლით; დაყადაღებული ქონების რეალიზაციის აქტებით; გადახდის ქვითრებითა და საჯარო ვაჭრობის აქტით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით მსჯავრდებულ გ. გ-ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა სრულად არის დადასტურებული.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ას ქმედებაში არ დასტურდება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება არაერთგზის, კერძოდ: პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოთა განაჩენებით გ. გ-სათვის მსჯავრდების პირველი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ხობის რაიონის სოფელ .......... სახელმწიფო მეურნეობის კუთვნილი 11 ერთეული ძირითადი საშუალებების გაყიდვის შედეგად მიღებულ 855 ლარს, ასევე დასახელებული მეურნეობის კუთვნილი 11 ერეთული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებაზე დაბალ ფასებში უკანონოდ გაყიდვის შედეგად მიყენებულ 4660 ლარის ზიანის, რამაც ........... სახელმწიფო მეურნეობის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით, ხოლო მსჯავრდების მეორე ეპიზოდი, რომელიც შეეხება ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ბ. ჭ-ას სასარგებლოდ მოპასუხე მ. ც-სა და თანამოპასუხე ა. ც-ას სოლიდარულად დაეკისრათ 270 ლარის გადახდა, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად (ძველი რედაქცია), სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზისად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულ გ. გ-ას მიერ არაერთგზის მართლსაწინააღმდეგოდ სხვისი მოძრავი ნივთის მითვისება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის «ბ" ქვეპუნქტი და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

სააპელაციო სასამართლომ, გ. გ-ას ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი და სამართლიანია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

გასაჩივრებული განაჩენიდან გ. გ-ს მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.