განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1468აპ 3 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ა. პ., _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები ახალქალაქის სამხედრო ქალაქ ......... სახლში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 2 წელი. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და ა. პ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 15 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო, 2007 წლის 24 აპრილის 20 საათიდან _ 2007 წლის 12 ივლისის 13 საათამდე.
განაჩენით ა. პ-ს მსჯავრი დაედო ხულიგნობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ა. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით _ 1 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ:
2007 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 17.00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში მცხოვრები ა. ა. იმყოფებოდა ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, რა დროსაც მას დაეჯახა ო. მ-ს კუთვნილი ავტომანქანა „ბმვ“, სახ. ¹......., რომელსაც მართავდა მ. გ.. მძღოლმა მ. გ-მა გააჩერა ავტომანქანა და გადმოვიდა იმის გასარკვევად, თუ რა დაზიანებები მიიღო ა. ა-მა. იმავე დროს, იქვე გაჩერებული ნ. ი-ს კუთვნილი ავტომანქანა „ნივიდან” გადმოვიდნენ ნ. ი., ა. პ. და მ. პ-ს დაუწყეს ცემა და ლანძღვა-გინება. ჩხუბის ხმაზე შეიკრიბა ხალხი და შეფერხდა მოძრაობა. აღნიშნული ქმედებით ა. პ. და ნ. ი. 5-10 წუთის განმავლობაში ძალადობით გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რის შედეგადაც მძღოლ მ. გ-ს მიაყენეს სხეულის დაზიანებები.
a. პ-სა და ნ. ი-ს ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლოში საქმის განხილვის დროს პროკურორმა მოითხოვა ა. პ-სა და ნ. ი-ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის I ნაწილზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ნ. ი-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაზარალებულთან შერიგების გამო.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. პ-მა. თავის სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულმა ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ: სასჯელად _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთისა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 2000 (ორი ათასი) ლარის შეფარდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. პ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან საჩივრით ითხოვა ზედმეტად მკაცრი, უკანონო განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის, შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით:მსჯავრდებულ ა. პ-ს აღიარებითი ჩვენებით,დაზარალებულ მიხითარ გაბრიელიანის ჩვენებითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. პ-ს მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა იმსჯელოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სამართლიანობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 475-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე.
საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სააპელაციო სასამართლომ გამოკვლეულად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ა. პ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში სათანადოდ არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა. პ-სათვის დანიშნული სასჯელი რამდენად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და პიროვნებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია სასამართლო სხდომაზე განსასჯელის პიროვნული მახასიათებლები და სხვა მტკიცებულებები, რაც სასამართლო სხდომის ოქმითაც არ დასტურდება. საქმის მასალებში მოიპოვება ცნობები განსასჯელის ოჯახური მდგომარეობისა და მისი დახასიათების შესახებ, რასაც შეეძლო კიდევ უფრო ემოქმედა ა. პ-ს სასჯელის სახეზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან საკასაციო ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები გამოიკვლიოს საკასაციო ინსტანციით საქმის განხილვისას, ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. პ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განაჩენი ა. პ-ს მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.