დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ქ. თბილისი
616აპ-10 20 ოქტომბერი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ღ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ის, ასევე _ მსჯავრდებულ ბ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენზე გ. ღ-ისა და ბ. მ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: 1. გ. ღ-ე _ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ე» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ასევე _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; 2. ბ. მ-ე _ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ე» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონო შეღწევით; ასევე _ ყაჩაღობა არაერთგზის, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ასევე _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; 3. მ. შ-ე _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე _ ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით.
ამავე განაჩენით გ. გ-ე და გ. ს-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. შ-ემ განიზრახა ლ. ი-ის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეღწევა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მისი კუთვნილი ქონების ფარულად დაუფლება. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის 26 ივლისს იგი მივიდა ლ. ი-ის ბინასთან და, ისარგებლა რა ოჯახის წევრების სახლში არყოფნით, უკანონოდ შეაღწია ბინაში, სადაც ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებს, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს, რის შემდეგაც მ. შ-ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით მან ლ. ი-ს მიაყენა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მ. შ-ემ განიზრახა არაერთგზის ქურდობის ჩადენა. ამ მიზნით იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. გ-ეს, გ. ს-ეს, ბ. მ-ეს და მათთან ერთად განიზრახა თბილისში, --- ქ. ¹20-ში მდებარე ¹ სკოლაში განთავსებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შეღწევა და იქიდან ხელსაყრელი ნივთების ფარულად დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. გ-ე, გ. ს-ე, მ. შ-ე და ბ. მ-ე 2006 წლის 8 აგვისტოს, ღამის საათებში, მივიდნენ ზემოაღნიშნული სკოლის ეზოში და თანნაქონი ე.წ. „ატმიჩკების» გამოყენებით შეეცადნენ შესასვლელი კარის გაღებასა და შენობაში შეღწევას, რა დროსაც ისინი დააკავეს ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს თანამშრომლებმა, რის გამოც ბოროტმოქმედებმა ვერ შეძლეს თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანა.
ბ. მ-ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ვ. მ-ს, გ. ღ-ესა და ორ პირს და მათ გადაწყვიტეს ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდნენ დიდი ოდენობით ფულად თანხასა და ძვირფას ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი ერთმანეთს შეხვდნენ თბილისში, ე.წ. „ალექსანდრეს ბაღში», სადაც მოილაპარაკეს, რომ 2006 წლის 10 ნოემბერს ყაჩაღურად თავს დაესხმებოდნენ თბილისში, --- ქ. ¹8-ში მცხოვრებ ა. ძ-ეს. ამის შემდეგ მათ გაინაწილეს როლები, კერძოდ: ბინაში თავდაპირველად შევიდოდნენ ვ. მ-ი და ბ. მ-ე, რომლებიც ა. ძ-ეს ეტყოდნენ, რომ ისინი მასთან მშრალი ხიდიდან ვინმე მ-მ გააგზავნა და ამ ხერხით უკანონოდ შეაღწევდნენ ბინაში. ამ მოლაპარაკების შემდეგ ისინი დაიშალნენ, ხოლო 2006 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 9.00 საათზე, შეიკრიბნენ დათქმულ ადგილზე, სადაც კვლავ გაინაწილეს როლები და შეთანხმდნენ, რომ ბ. მ-ესა და ვ. მ-ს ბინაში შეჰყვებოდნენ გ. ღ-ე და მათი კიდევ ერთი თანამზრახველი, რომელმაც მეტი დამაჯერებლობისათვის ვ. მ-ს ჩააცვა წინასწარ მომზადებული თეთრი პერანგი და მუქი ფერის ლაბადა, გაუკეთა სათვალე გამჭვირვალე მინებით, რის შემდეგაც, შეთანხმებისამებრ, დაახლოებით 10.15 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნით შეიარაღებული ბ. მ-ე და ვ. მ-ი მივიდნენ ა. ძ-ის საცხოვრებელი სახლის კართან, დააკაკუნეს და კარის გაღების შემდეგ უთხრეს, რომ ისინი მასთან ვინმე „მ-მ» გააგზავნა ვერცხლის ნივთების შესაძენად. ამ გზით მათ უკანონოდ შეაღწიეს ბინაში, სადაც ბ. მ-ემ თავში ხელი ჩაარტყა ა. ძ-ეს, ხოლო ვ. მ-მა კი მას ხელი ააფარა პირზე. მათ ა. ძ-ეს უბრძანეს, ხმა არ ამოეღო, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აღუკვეთეს თავისუფლება, წინასწარ მომზადებული ე.წ. „სკოჩით» აუკრეს თვალები, პირი და ხელ-ფეხი, რითიც შეუზღუდეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. იარაღისმაგვარი საგნის გამოყენების მუქარით თავდამსხმელები ა. ძ-ისაგან ითხოვდნენ ფულისა და ძვირფასი ნივთების გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში გ. ღ-ე და მისი კიდევ ერთი თანამზრახველი ემუქრებოდნენ მოკვლით. თავდამსხმელებმა ბინიდან გაიტაცეს ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ფული, უცხოური წარმოების გაზის პისტოლეტი, საბჭოთა კავშირისდროინდელი მარკები. გ. ღ-ე, ბ. მ-ე, ვ. მ-ი და მათი თანამზრახველი დაეუფლნენ ა. ძ-ის კუთვნილ, 48980 ლარის ღირებულების ქონებას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
აღნიშნული დანაშაულისათვის საბოლოოდ მიესაჯათ: მ. შ-ეს _ 6 წლით, ბ. მ-ეს _ 23 წლითა და 9 თვით, გ. ღ-ეს _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ. გ-ესა და გ. ს-ეს _ თითოეულს 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მათვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა: მ. შ-ეს, გ. ღ-ეს, გ. გ-ესა და გ. ს-ეს _ 4500-4500 ლარის, ბ. მ-ეს კი _ 9000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ღ-ესა და ბ. მ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 24 აპრილიდან, მ. შ-ეს კი _ 2007 წლის 8 მაისიდან; ბ. მ-ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 8 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მ. შ-ეს _ 2006 წლის 8 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. მ-ემ, მსჯავრდებულ გ. ღ-ის ადვოკატმა შ. ბ-მა, ასევე _ მსჯავრდებულმა მ. შ-ემ და მისმა ადვოკატმა გ. დ-ამ.
მსჯავრდებულ გ. ღ-ის ადვოკატმა შ. ბ-მა, მსჯავრდებულმა მ. შ-ემ და ადვოკატმა გ. დ-ამ სააპელაციო საჩივრებით ითხოვეს განაჩენის გაუქმება და გ. ღ-ისა და მ. შ-ის გამართლება, ხოლო მსჯავრდებულმა ბ. მ-ემ _ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ქმედების სსკ-ის 179-ე მუხლიდან 178-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, ხოლო ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ნაწილში _ მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე პროკურორსა და მსჯავრდებულ მ. შ-ეს შორის, რომლის თანახმად, მ. შ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი შეეცვლება პირობითი მსჯავრით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარი.
ამავე განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის განაჩენი გ. ღ-ის მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო ბ. მ-ის მიმართ შეიცვალა: მას სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა 20 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 9000 ლარის ოდენობით. გაუქმდა ბ. მ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა _ 3000 ლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
კასატორი _ მსჯავრდებულ გ. ღ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ბ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენი გამოტანილია საპროცესო ნორმების მოთხოვნების არსებითი დარღვევებით, კერძოდ: ორივე ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და გამამატყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდეს ვარაუდი. გ. ღ-ის დამნაშავედ ცნობის დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან; მხოლოდ ვ. მ-ის მამხილებელი ჩვენება კი არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად, რადგან საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს მან საერთოდ უარყო გ. ღ-ის მონაწილეობა ა. ძ-ის ეპიზოდში; შემდეგ კი, იმის შიშით, რომ გააუქმებდნენ მასთან დადებულ საპროცესო შეთანხმებას, ვ. მ-მა უარყო სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენება და დაეთანხმა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. აღნიშნულით კი სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ დაინტერესდა.
კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 477-ე მუხლის მოთხოვნები; მოსამართლეს მტკიცებულებად უნდა გამოეყენებინა ბ. მ-ის სასამართლოში და არა _ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები; მართალია, გ. ღ-ემ იცოდა ა. ძ-ეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, მაგრამ მას მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში არ მიუღია, ამიტომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსკ-ის 375-ე მუხლით. წინასწარი გამოძიება და სასამართლო რომ ცალმხრივი იყო, იმითაც დასტურდება, რომ, მიუხედავად მოწმე ლ. ს-ის ჩვენებისა, რომ მან იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების შესახებ, მისი ქმედების დასჯადობის საკითხთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. სასამართლომ გ. ღ-ის მიმართ არ გამოიყენა სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილი; მანვე არ უზრუნველყო ადვოკატი შ. ბ-ი საქმის მასალების გაცნობისა და ასლების გადაღების საშუალებით.
იმის გამო, რომ განაჩენს გ. ღ-ის ბრალდების ნაწილში საფუძვლად დაედო მხოლოდ ვარაუდი, არ დადგენილა დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი და შედეგი, ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა, ამიტომ ადვოკატი შ. ბ-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, გ. ღ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას საქართველოს სსკ-ის 143-ე და 179-ე მუხლებით და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას წინასწარ შეუპირებლად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვით.
კასატორი _ მსჯავრდებული ბ. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა. ძ-ისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მას მონაწილეობა არ მიუღია და სახეზეა ე.წ. „აღმსრულებლის ექსცესი», რომელიც მას ბრალად ვერ შეერაცხება, ამიტომ ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა; იმის გამო, რომ არანაირი იარაღი, გარდა თავად ა. ძ-ის იარაღისა, რომელიც არ იყო ცეცხლსასროლი და სროლისათვის ვარგისი, შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, ამიტომ ქმედებას უნდა მიეცეს სწორი კვალიფიკაცია და ყაჩაღობა გადაკვალიფიცირდეს ძარცვაზე. რაც შეეხება ქურდობასა და ქურდობის მცდელობას, კასატორის აზრით, მას ამ ნაწილში დანიშნული აქვს მკაცრი სასჯელი; ბ. მ-ემ აღიარა დანაშაული, ხასიათდება დადებითად, დაავადებულია მძიმე და განუკურნებელი სენით, ამიტომ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ბ. მ-ე ითხოვს, შეწყდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, მისი ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს 178-ე მუხლზე და დაენიშნოს მსუბუქი სასჯელი, ასევე შეუმსუბუქდეს სასჯელი ქურდობის მცდელობის ნაწილშიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. ღ-ისა და მისი დამცველის საჩივრის მოტივებს, რომ გამამატყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს ვარაუდი და მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან, კერძოდ:
მოწმე ლ. ს-მა სასამართლოს განუმარტა, რომ ალექსანდრეს სახელობის ბაღში გ. გ-ე, გ. ღ-ე, ვ. მ-ი და ბ. მ-ე გეგმავდნენ ა. ძ-ის ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმას. მოგვიანებით გ. გ-ისაგან შეიტყო, რომ ა. ძ-ეს თავის ბინაში თავს დაესხნენ გ. ღ-ე, ბ. მ-ე და ვ. მ-ი. მოწმემ ისიც მიუთითა, რომ გატაცებული ნივთების სარეალიზაციოდ გ. გ-ე და გ. ღ-ე ერთად ჩავიდნენ ბათუმში (ტ. 7, ს.ფ. 80-83).
დაზარალებულ ა. ძ-ის ჩვენებით, ყაჩაღობამდე ესტუმრა გ. გ-ე და გ. ღ-ე. ეს უკანასკნელი გაეცნო სხვა სახელით და უთხრა, რომ სურდა გარკვეული ნივთების შეძენა (ტ. 7 ს.ფ. 96-101).
თავად გ. ღ-ე არ უარყოფს, რომ ალექსანდრეს სახელობის ბაღში გ. გ-ემ შესთავაზა ა. ძ-ის კუთვნილი ნივთების გატაცება, რაზეც უპასუხა: «კაცი ხომ არ უნდა მოკლა და ნივთები ისე ხომ არ უნდა წამოიღო»-ო. იგი ასევე არ უარყოფს, რომ გ. გ-ესთან ერთად ქ. ბათუმში ჩაიტანა და გაყიდა ვერცხლის ნივთები (ტ. 7, ს.ფ. 167-176).
პალატა აღნიშნავს,¸რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება სასამართლოში გამოქვეყნდა თავად ბ. მ-ის შუამდგომლობით, თუმცა ამ ჩვენებას გასაჩივრებული განაჩენი არ ეყრდნობა. რაც შეეხება ბ. მ-ის განმარტებას სასამართლოში, იგი საგულისხმოა იმ მხრივ, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას ბ. მ-ის მიმართ რაიმე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან გ. ღ-ეზე, როგორც ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეზე, თავად განუცხადა გამომძიებელს. სასამართლოში ბ. მ-ემ განმარტა, რომ გ. ღ-ის დასახელებით გამომძიებელი შეცდომაში შეიყვანა, მაგრამ მსჯავრდებულმა ამის მიზეზი ვერ დაასახელა (ტ. 7, ს.ფ. 179).
მოწმის სახით დაკითხულმა ვ. მ-მა საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას დაადასტურა, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა და ბინაში იმყოფებოდა გ. ღ-ეც (ტ.2, ს.ფ. 123-126; ტ. 7, ს.ფ. 134-139).
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებების ობიექტური ანალიზით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ გ. ღ-ემ და ბ. მ-ემ ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ბ. მ-ის საჩივრის მოტივი ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ა. ძ-ისაგან თავდამსხმელები იარაღისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, წამებისა და მოკვლის მუქარით მოითხოვდნენ ფულსა და ძვირფას ნივთებს. ობიექტურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლოა ბ. მ-ის მითითება, რომ დაზარალებულისათვის თავისუფლება არ აღუკვეთავს და რომ ბრალდების ამ ნაწილში ადგილი ჰქონდა ამსრულებლის ექსცესს. აღნიშნულთან დაკავშირებით საფუძვლიანად იმსჯელა სააპელაციო პალატამ. აღსანიშნავია მხოლოდ, რომ ვ. მ-ის განმარტებით, გ. გ-ემ ჯგუფის წევრებს შორის გაანაწილა როლები და უთხრა, რომ თავდასხმისას წებოვანი ლენტიც ჰქონოდათ _ თუ საჭირო იქნება, გამოიყენებთო.
საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, რომ რაიმე ფორმით შეიზღუდა პროცესის მონაწილეთა უფლებები და ამასთან დაკავშირებით გ. ღ-ისა და მისი დამცველის მითითებას პალატა ვერ გაიზიარებს.
ამასთან, გასაზიარებელია მსჯავრდებულ ბ. მ-ის მოთხოვნა ქურდობის მცდელობისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კერძოდ, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. ამდენად, ბ. მ-ეს სასჯელად უნდა დაენიშნოს მის მიერ ჩადენილი ქურდობის მცდელობისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის სამი მეოთხედი _ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, ბ. მ-ის მიმართ გირაოს სახით შეტანილი 3 ათასი ლარის სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში განაჩენის დადგენისას სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, «გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში».
საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გირაოს შემტანი პირის გაფრთხილებას სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული პირობებისა და ვალდებულებების შესახებ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის გამო ბ. მ-ის მიმართ შეფარდებული გირაოს შემტანს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა _ 3 ათასი ლარი.
სააპელაციო პალატის განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-10 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ღ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენი შეიცვალოს: ბ. მ-ეს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 5 (ხუთი) წელი და 9 (ცხრა) თვე შეუმცირდეს 6 (ექვსი) თვით და ამ მუხლით განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
ბ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 19 (ცხრამეტი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 9 000 (ცხრა ათასი) ლარი;
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ბ. მ-ის მიმართ გირაოს სახით შეტანილი 3 000 (სამი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ და აღნიშნული თანხა, კანონით დადგენილი წესით, დაუბრუნდეს მის შემტანს;
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ გ. ღ-ის მსჯავრდების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.