კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
27I-10 ქ. თბილისი
18 თებერვალი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე
სხდომის მდივან _ ო. დ-ს
პროკურორ _ ი. დ-ს
ადვოკატ _ ი. ჟ-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. პ-ს
თარჯიმნის _ ვ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. პ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ... რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. პ-ი, დაბადებული ... ... რესპუბლიკის ქ...., ... რესპუბლიკის მოქალაქე, სამართალში არყოფილი, რეგისტრირებული: ....
... რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ ვ. პ-ს ბრალად ედება ... რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით, 28-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 222-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე 235-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2010 წლის 8 თებერვალს ვ. პ-ი მიცემულ იქნა პასუხისგებაში ზემოაღნიშნული ბრალდებით და 2010 წლის 2 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2010 წლის 3 ივნისს ... რესპუბლიკის ქ.... ... რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე ვ. პ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ... რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. პ-ს დაკავების შემდეგ თბილისის პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას ვ. პ-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით ვ. პ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით და იგი შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ... დაწესებულებაში. ვ. პ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2010 წლის 12 ოქტომბრიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა ... რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ვ. პ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით ... რესპუბლიკის სსკ-ის 28-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 222-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო არ დაკმაყოფილდა ... რესპუბლიკის სსკ-ის 235-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 193-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით.
2010 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ ვ. პ-მ და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება ვ. პ-ს ... რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩა უცვლელად.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი _ ვ. პ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას შემდეგ გარემოებათა გამო:
... ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, რაც ნათელია საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი დასკვნითა და მოხსენებით. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც პირადად უპირისპირდებიან პრეზიდენტ ნ. ნ-ს მიერ დასახულ კურსს ან განეკუთვნებიან პრეზიდენტთან დაპირისპირებული პირების ახლო გარემოცვას.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. პ-ს ექსტრადიციის შესახებ დადგენილების მიხედვით, გადასახადის გადაუხდელობის ნაწილში მისი ქმედება გაიგივებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ორგანიზება, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებულ დანაშაულთან. ხსენებული მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა.
ამრიგად, ამ მუხლის იმპერატიული მოთხოვნის მიხედვით, ვ. პ-ს ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემამდე, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოდ უნდა ჩაჰბარდეს საგადასახადო მოთხოვნა და მას აქვს უფლება, გადაიხადოს დარიცხული თანხა, ან შესაბამისი პროცედურების გამოყენებით მოახდინოს თანხის კორექტირება. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია ოფიციალური მოთხოვნის მიღებიდან მხოლოდ 45 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ. ვ. პ-ს განმარტებით, ეს მისი, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული პირის, არსებითი უფლებაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი იცავს მას სისხლისსამართლებრივი დევნისაგან შეტყობინების ჩაბარებიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში. ვ. პ-ს მსგავსი შეტყობინება არ ჩაჰბარებია, უფრო მეტიც: მისთვის საერთოდ უცნობი იყო ის გარემოება, რომ ... მის მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება. იგი არ ყოფილა უზრუნველყოფილი დაცვის უფლებით, არ ჰქონია შესაძლებლობა, გასცნობოდა მასალებს, განეხორციელებინა კანონით მონიჭებული უფლებები. ამ მუხლის საფუძველზე ვ. პ-ს პატიმრობაში ყოფნა და ექსტრადიცია უკანონოა. მისი ქმედება გადასახადების გადაუხდელობის ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არ არის დასჯადი მისთვის მოთხოვნის ჩაბარებამდე. ამის გარეშე ხსენებული მუხლით საქართველოში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება. შესაბამისად, უკანონოა ამ ქმედებისათვის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა.
ვ. პ-ს მოსაზრებით, მის მიმართ ასევე დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, რომლის მიხედვით, დადგენილებაში ბარლდებულად ცნობის შესახებ უნდა აღინიშნოს გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა.
მასალებში მოიპოვება ვ. პ-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ 2010 წლის 1 ივნისის დადგენილების ასლი. მისი შინაარსი ძალზე ზოგადია: არ არის მითითებული კონკრეტული ტრანზაქცია ან წერილობითი მტკიცებულება; დადგენილებაში ასევე არ არის მითითებული გამოძიების მიერ მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება (მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა, რევიზიის აქტი ან სხვა); დასკვნები მის მიერ თითქოს ჩადენილი ქმედებების შესახებ არაფერს არ ემყარება; მითითებულია მხოლოდ ... დათარიღებული საგადასახადო შემოწმების ¹..., ¹... და ¹... აქტები; როგორც მასალებიდან ირკვევა, მის მიმართ გამოძიება დაიწყო 2010 წლის 11 მაისს, ე.ი. საგადასახადო შემოწმების აქტები შედგენილია გამოძიების დაწყებამდე ერთი წლით ადრე. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით ისინი ვერ იქნება მიჩნეული მტკიცებულებად.
ამრიგად, ვ. პ-ს მოსაზრებით, დადგენილება მისი ბრალდებულად ცნობის შესახებ არის სრულიად დაუსაბუთებელი, მასში მოყვანილი მსჯელობა არ ემყარება არც ერთ მტკიცებულებას. იგი წარმოადგენს უკანონო დოკუმენტს, რომლის საფუძველზე ასევე უკანონოა მისი როგორც პასუხისგებაში მიცემა, ასევე _ ექსტრადიცია. ეს დადგენილება ნათლად ადასტურებს, რომ ვ. პ-ს მიმართ ხორციელდება არა სამართლებრივი, არამედ _ პოლიტიკური დევნა. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სრული არარსებობა.
“სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით, ამნისტირებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლს კვლავ შეეხო ამნისტია 2007 წლის 29 ნოემბრის კანონით, რომლის მიხედვით, ამ დანაშაულის 2007 წლის 15 ნოემბრამდე ჩამდენ პირებს სასჯელი გაუნახევრდათ.
2011 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ ვ. პ-მ და ითხოვა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის შეცვლა გირაოთი _ 100 000 ლარის ოდენობით იმ მოტივით, რომ 2010 წლის 8 დეკემბერს დამატებით დაიკითხა, სადაც მისცა სრული და ობიექტური ჩვენება მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით და მან ითანამშრომლა გამოძიებასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. პ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება შეიცვალა გირაოთი _ 100 000 ლარის ოდენობით და გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2011 წლის 3 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ... რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან მიღებულ იქნა წერილი, რომლის თანახმად ... რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილებით ვ. პ-ს მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა ... რესპუბლიკის სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ... რესპუბლიკის სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-12 პუნქტის საფუძველზე (ქმედითი მონანიება).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ 2011 წლის 14 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ვ. პ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს ექსტრადიციის განხორციელების საფუძველი, კერძოდ:
... რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილებით ვ. პ-ს მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა ... რესპუბლიკის სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ... რესპუბლიკის სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-12 პუნქტის საფუძველზე (ქმედითი მონანიება); ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ 2011 წლის 14 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ვ. პ-ს ... რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატი ი. ჟ-ი და ვ. პ-ი დაეთანხმნენ პროკურორ ი. დ-ს მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა ... რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ვ. პ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით ... რესპუბლიკის სსკ-ის 28-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 222-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო არ დაკმაყოფილდა ... რესპუბლიკის სსკ-ის 235-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 193-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით.
აღნიშნული დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. პ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება შეიცვალა გირაოთი _ ... ლარის ოდენობით და ვ. პ-ი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 3 თებერვალს ... რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ აცნობა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ 2011 წლის 26 იანვარს ... რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელის დადგენილებით ... რესპუბლიკის სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ... რესპუბლიკის სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-12 პუნქტის საფუძველზე ვ. პ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ქმედითი მონანიების გამო. აღნიშნულის საფუძველზე ... რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ითხოვა ვ. პ-ს ექსტრადიციის საკითხის განუხილველად დატოვება.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. პ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულების გამო, რომელთათვისაც მოითხოვებოდა მისი ექსტრადიცია, არ არსებობდა საექსტრადიციო წარმოებისა და ექსტრადიციის განხორციელების საფუძველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მიერ 2011 წლის 14 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ვ. პ-ს ... რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის შეწყვეტის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება ვ. პ-ს ... რესპუბლიკისათვის გადაცემის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩა უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, საქართველოს კანონით ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება ვ. პ-ს ... რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
ვ. პ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.