დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 187-კოლ 4 მაისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
მინაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორის რ. ზ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 19 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით გ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით, გ. ჯ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. დეკემბრის თვიდან თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლე ვ. ქ-ის თავმჯდომარეობით პირველი ინსტანციის წესით იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე განსასჯელ ფ. ბ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 162-ე მუხლის მეორე ნაწილით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 214-ე მუხლით (1960წ. რედ). 2004წ. 11 ოქტომბერს მხარეთა კამათში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ფ. ბ-ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და სასჯელის ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, პირობით 5 წ. გამოსაცდელი ვადით. საკამათო სიტყვის მომზადებისათვის დაცვის მხარემ მოითხოვა დრო და სხდომა გადაიდო 2004წ. 22 ოქტომბრისთვის.
2004წ. 20 ოქტომბერს განსასჯელი ფ. ბ-ძე ტელეფონით დაუკავშირდა თავის ნათესავს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გ. ჯ-ლს, რომელსაც ---ე ვ. ქ-თან აკავშირებდა დიდი ხნის ნაცნობობა და სთხოვა დახმარება მისთვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებაში. გ. ჯ-მა ისარგებლა რა ფ. ბ-ის ნდობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით განიზრახა ამ უკანასკნელის კუთვნილი დიდი ოდენობით ნივთის _ 10000 აშშ დოლარის მოტყუებით დაუფლება და თითქოსდა ---ე ვ. ქ-სათვის ქრთამის სახით გადასაცემად მოსთხოვა ზემოაღნიშნული თანხა. ფ. ბ-ძე დათანხმდა და თავის მხრივ, იმავე დღეს განცხადებით მიმართა სახელმწიფო --- სამინისტროს --- დეპარტამენტს კანონით გათვალისწინებული ზომების გატარების მოთხოვნით.
განცხადების საფუძველზე ფ. ბ-ეს გადაეცა სახელმწიფო --- სამინისტროს --- სამმართველოში შესაბამისი წესით დამუშავებული 10000 აშშ დოლარი, რომელიც მან 2004წ. 21 ოქტომბერს, დაახლოებით 13 საათზე, შეთანხმებისამებრ რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სამუშაო კაბინეტში, გადასცა --- გ. ჯ-ლს, რაც ამ უკანასკნელმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. სამუშაო ოთახის ჩხრეკისას გ. ჯ-სგან ამოღებულ იქნა დამუშავებული კუპიურები.
მსჯავრდებული გ. ჯ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტას იმ მოტივით, რომ:
ა) საქმეზე დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ამ მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან განაჩენი არა თუ უტყუარ მტკიცებულებებს, არამედ საერთოდ არ შეიცავს არავითარ მტკიცებულებას მისი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ;
ბ) განაჩენს საფუძვლად დაედო მოწმის ჩვენება, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო პროცესზე პროკურორისა და სასამართლოს ინიციატივით იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა სასამართლო პროცესზე ფ. ბ-ის გამოცხადება. აღნიშნულით დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც შესაბამის კონკრეტულ პირობებში, მართალია, არ გამორიცხავს მოწმის ჩვენების გამოქვეყნებას, მაგრამ ამავე დროს აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი კატეგორიულად მიუთითებს, რომ: «გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას». ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რასაც ეყრდნობა განაჩენის გამომტანი სასამართლო კოლეგია, არის ის, რომ ფ. ბ-ძე ცნობილია დაზარალებულად. ამ მიმართულებითაც კანონის სრული უგულებელყოფაა.
მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. თ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ჯ-ის გამართლებას. მისი მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არ ემყარება სასამართლო სხდომაზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. უფრო მეტიც, სასამართლოს განაჩენი მთლიანად ეყრდნობა პროკურორის მიერ საბრალდებო დასკვნაში მითითებულ გარემოებებს და განაჩენში არ არის ასახული სასამართლო სხდომაზე გამორკვეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; განაჩენი მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული; განაჩენის სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ გ. ჯ-ის ბრალის დამადასტურებელი ვერავითარი სამართლებრივი და იურიდიული ხასიათის მტკიცებულებები ვერ მოიყვანა.
პროკურორი რ. ზ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ჯ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას ხელახლა განხილვისა და სასჯელის დამძიმების მიზნით. მისი აზრით, სასამართლომ უსწოროდ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლი, კერძოდ, საქმეზე განსაკუთრებული გარემოების არარსებობის გამო ვერ მიუთითა და დაასაბუთა ვერ მსჯავრდებულის რაიმე განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ვ. თ-ემ და ა. ჭ-მა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული გ. ჯ-ლი.
პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. ჯ-ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რომლის მიხედვით უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო გ. ჯ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც აღნიშნული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. საჩივარში მითითებულ ასეთ მოტივაციას საკასაციო პალატა ვერ დაუდებს საფუძვლად მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის გარემოებები, მსჯავრდებულების როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები.
პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო გამოძიებით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი სამართლებრივი ანალიზით დადასტურებულია გ. ჯ-ის ბრალეულობა მისთვის ბრალად შერაცხულ ინკრიმინირებულ ქმედებაში, კერძოდ, თავად მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ჩვენებებით ნაწილობრივ დადგენილია მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ფ. ბ-ემ თეთრი კონვერტი დაუტოვა გ. ჯ-ლს კაბინეტში, მაგიდაზე. მისი წასვლის შემდეგ, გ. ჯ-მა კონვერტი ჩადო ჩანთაში და შეინახა მოსასვენებელ ოთახში. თეთრი კონვერტი, რომელშიც იდო 10 000 აშშ დოლარი ამოღებულ იქნა გ. ჯ-ის სამუშაო კაბინეტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენის მითითებას იმის თაობაზე, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც იგი აღნიშნავს: ფ. ბ-ემ მას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაუტოვა კონვერტი, რომელშიც, მისი ვარაუდით, უნდა ყოფილიყო თანხა, მაგრამ თუ რამდენი, ფ. ბ-ეს მისთვის არ უთქვამს. ხოლო ფ. ბ-ემ თანხა დაუტოვა მოსამართლე ვ. ქ-სათვის საჩუქრის სახით გადასაცემად, რაც მას არ უთხოვია ფ. ბ-სათვის და, რომ მოსამართლე ვ. ქ-იც არაფერს ითხოვდა მისგან. მან იმ მომენტში ვერ შეძლო კონვერტის უკან დაბრუნება, რადგან ფ. ბ-ემ კონვერტი არ წაიღო და დატოვა კაბინეტში, მას კი პროცესი ჰქონდა და იფიქრა, რომ მოგვიანებით თავისი ძმის _ რ. ჯ-ის საშუალებით დაუბრუნებდა კონვერტს ფ. ბ-ეს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმე ფ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან მოსამართლე გ. ჯ-ლს წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გადასცა თეთრი კონვერტი 10 000 აშშ დოლარით, რომელიც ამ უკანასკნელს თავის მხრივ უნდა გადაეცა ---ე ვ. ქ-სათვის, მისი ბრალდების საქმეზე მისთვის არასაპატიმრო სასჯელის ღონისძიების შეფარდების მიზნით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფ. ბ-ის განცხადება მისი პირველი განცხადებისა და მოწმის სახით მიცემული ჩვენების უარყოფის თაობაზე, რასაც ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ მის მიმართ უშიშროების თანამშრომლები იყენებდნენ ფიზიკური განადგურების მუქარას, ვერ იქნება სარწმუნოდ მიღებული, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განაჩენს არასწორად დაედო საფუძვლად მოწმე ფ. ბ-ის ჩვენება, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა სასამართლო პროცესზე პროკურორისა და სასამართლოს ინიციატივით, ვინაიდან ვერ მოხერხდა სასამართლო პროცესზე ფ. ბ-ის გამოცხადება, რითაც მათი მოსაზრებით დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც შესაბამის კონკრეტულ პირობებში, მართალია, არ გამორიცხავს მოწმის ჩვენების გამოქვეყნებას, მაგრამ ამავე დროს აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი კატეგორიულად მიუთითებს, რომ: «გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას».
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლების არსებობისას, სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვის შემთხვევაში აღნიშნული ჩვენება, საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი სამართლებრივი შეფასების შედეგად, შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში ის პოზიცია, რასაც აღნიშნული კანონი გულისხმობს, იმაში მდგომარეობს, რომ თუკი საქმეში არ არსებობს სხვა უტყუარი მტკიცებულებაც პირის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, მხოლოდ ზემოხსენებული წესით გამოქვეყნებული მოწმის ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა დაუშვებელია.
პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულის გარდა, მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია აგრეთვე შემდეგი მტკიცებულებებით: 2004წ. 21 ოქტომბრის ---ე გ. ჯ-ის სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ ჩხრეკისას ---ე გ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი და მისგან ამოღებულ იქნა 100 ცალი 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურები; 2004წ. 19 ნოემბრის კომპლექსური კრიმინალისტიკურ-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ გ. ჯ-ის ხელის თითებზე აღმოჩნდა როდამინური ჯგუფის სპეცფხვნილის კვალი, ხოლო მისგან ამოღებული 100 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურის ზედაპირები დამუშავებულია ანალოგიური ფხვნილით, რომელსაც აქვს საერთო გვარეობრივი და ჯგუფური კუთვნილება ნიმუშების სახით წარმოდგენილ სპეცფხვნილთან, ამასთან, ზემოაღნიშნულ კუპიურაზე აღინიშნება ფარული წარწერა, რომელსაც აქვს საერთო გვარეობრივი და ჯგუფური კუთვნილება შესადარებელი ნიმუშების ფარულ აღნიშვნებთან.
მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქართველოს --- სამინისტროს --- დეპარტამენტის თანამშრომლების, მოწმეების _ გ. ა-ას, ვ. ს-ის, კ. ბ-ის, გ. ქ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ თ. მ-ის, ი. ხ-ას, ვ. ქ-ის, საქართველოს --- სამინისტროს განყოფილების ---ის, მოწმე რ. ა-ას ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
პალატა ვერ გაიზიარებს ასევე პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ გ. ჯ-სათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: გ. ჯ-ლი პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრითაა შებღალული, ხასათდება დადებითად. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გ. ჯ-ლი დაავადებულია მთელი რიგი დაავადებებით, კერძოდ, დაუდგინდა დიაგნოზი: უნივერსალური ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული დაავადება მე-3 სტადია, გულის იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი და არასტაბილური სტენოკარდია.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები შეესაბამებიან საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა, რაც ამავე კოდექსის 562-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველია.
პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მსუბუქი და, შესაბამისად, უსამართლო.
ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 19 სექტემბრის განაჩენი გ. ჯ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 19 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.