შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 302-აპ 31 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 31 მარტის განაჩენზე.
@
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 29 აგვისტოს განაჩენით ბ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 336-ე მუხლის I ნაწილით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ბ. გ-ას მსჯავრი დაედო უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბ. გ-ამ, როგორც ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გამოიტანა უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება და განაჩენები. კერძოდ:
2001წ. 7 სექტემბერს, მან, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მოსარგებლედ ცნობისა და მასზე სანივთო უფლების რეგისტრაციის შესახებ შ.პ.ს. «---ის» განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე განიხილა სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით და განზრახ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს (შპს «---ს») შესაძლებლობა მისცა თავის სახელზე, საკუთრების უფლებით უკანონოდ აღერიცხა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი – 61000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი.
მანვე 2002წ. 6 მარტს, გამოიტანა უკანონო განაჩენი, რომლითაც ქურდობისათვის პირობით მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას, გამოსაცდელ ვადაში ჩადენილი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით) განზრახი დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ნაცვლად განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის რეალური ღონისძიების დადგენის აუცილებლობისა, განმეორებით შეუფარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობითი თავისუფლების აღკვეთა გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
მანვე 2003წ. 6 ოქტომბერს, გამოიტანა უკანონო განაჩენი, რომლითაც ყალბი ვალუტის შეძენა-გასაღებისთვის პირობით მსჯავრდებულ ზ.შ-ას, გამოსაცდელ ვადაში ჩადენილი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით) განზრახი დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, ნაცვლად განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის რეალური ღონისძიების დადგენის აუცილებლობისა, განმეორებით შეუფარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობითი თავისუფლების აღკვეთა გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ.გვაჯავამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006წ. 31 მარტის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 29 აგვისტოსგანაჩენი დატოვა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006წ. 31 მარტის განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ბ.გ-ას დანაშაული არ ჩაუდენია.
პალატის აზრით, წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბ.გ-ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ. გ-ამ, იყო რა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, 2001წ. 7 სექტემბერსსამოქალაქო საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის წესით, შპს «---ს», «ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის არასწორი გამოყენებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონოდ დაუდგინა, რომ ქ.ფოთში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ 65000 მ2 მიწის ნაკვეთზე მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამგვარად ბ.გვაჯავამ, იცოდა რა, რომ შპს «---ი» საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, ასევე იცოდა, რომ სასამართლო უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტების განხილვისას ადგენს ფაქტებს და არა უფლებას, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, ბ.გვაჯავამ შპს «---ს» დაუდგინა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ.გ-ას მიერ განზრახ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შედეგად, შპს «---ს» თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ 61000 მ2 მიწის ნაკვეთზე მიენიჭა საკუთრების უფლება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ბ.გ-ამ, 2002წ. 6 მარტს და 2003წ. 6 ოქტომბერს, ლ.ჭ-ას და ზ.შ-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე გამოიტანა განაჩენები, რომლითაც აღნიშნულ პირებს პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი ახალი განზრახი დანაშაულისათვის განმეორებით შეუფარდა პირობითი მსჯავრი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევებში ბ. გ-ას მიერ განზრახ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რომ თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში ჩაიდენს განზრახ დანაშაულს, პირობითი მსჯავრი უქმდება და მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნება ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციით საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის შეკითხვაზე ბ.გვაჯავამ განმარტა, რომ ის არის მოსამართლე და მისთვის ცნობილი იყო თუ რას ნიშნავს პირობითი მსჯავრის გაუქმება.
რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო აშკარად უსამართლოა.
საკასაციო პალატა, ითვალისწინებს რა მსჯავრდებულის პიროვნებას, კერძოდ იმას, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ და ბ.გვაჯავას სასჯელის სახედ, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა, უნდა განესაზღვროს ჯარიმა, 2500 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა, და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 31 მარტის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ბ. გ-ას, სასჯელის ზომად განსაზღვრული 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს ჯარიმით.
ბ. გ-ას ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 2500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.