შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ 303-აპ 27 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე,ზ. მეიშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. შ-ას, მსჯავრდებულ ლ‚ ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 10 თებერვლის განაჩენზე თ. შ-ას, ლ‚ ქ-ას, ნ. გ-ას, ტ. ა-სა და ვ. მ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 31 ოქტომბრის განაჩენით: 1. თ. შ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და თ. შ-ას საბოლოოდ დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. თ. შ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ შინაპატიმრობა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩა უცვლელად.
2. ლ. ქ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ლ. ქ-სათვის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2004წ. 18 სექტემბრიდან 2004წ. 2 ოქტომბრამდე.
ამავე განაჩენით ნ. გ-ვა და და ვ. მ-ლი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „გ» ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრათ ჯარიმა, კერძოდ, ნ. გ-სა და ტ. ა-ეს 300-300 ლარის ოდენობით, ხოლო ვ. მ-ლს _ 200 ლარის ოდენობით. ხუთივე მსჯავრდებულს სააქციო საზოგადოება „--ას» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 000 ლარის გადახდა, თითოეულს 200-200 ლარის ოდენობით.
განაჩენის მიხედვით, თ. შ-სა და ლ. ქ-ას მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ტ. ა-ეს, ნ. გ-სა და ვ. მ-ლს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მათვე ჩაიდინეს სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 18 სექტემბერს თ. შ-ია, ლ‚ ქ-ვა, ნ. გ-ვა, ტ. ა-ძე და ვ. მ-ლი წინასწარ შეთანხმდნენ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ქ. ფოთში, --- მდებარე სააქციო საზოგადოება „---ას» კუთვნილ ლითონის ბოძებს და ჩაებარებინათ ჯართის მიმღებ პუნქტში.
განზრახვის განსახორციელებლად მათ ვ. მ-ის კუთვნილი ცხენითა და საზიდრით ქ. ფოთში, --- მდებარე სს „---ას» ტერიტორიაზე წინასწარ მიიტანეს ლითონის საჭრელი აპარატი, რომლის გამოყენებით დაჭრეს სააქციო საზოგადოების ტერიტორიაზე არსებული ლითონის კონსტრუქციების საამქროს ბოძები, მაგრამ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს ფოთის შს სამმართველოს თანამშრომლებმა და დააკავეს.
თავიანთი ქმედებით მსჯავრდებულებმა ს.ს. „---ას» მიაყენეს 1 000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ თ. შ-ამ და ლ. ქ-ამ. სააპელაციო საჩივრებით მათ ითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება. სხვა მსჯავრდებულებს განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 10 თებერვლის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 31 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: თ. შ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლამდე და 3 თვემდე. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების, პატიმრობისა და შინაპატიმრობის დრო _ 2004წ. 18 სექტემბრიდან 2006წ. 10 თებერვლამდე _ 1 წელი, 4 თვე და 22 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 10 თვისა და 8 დღის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. თ. შ-ას მიმართ გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული შინაპატიმრობა და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ჩამოერთვა ხელწერილი გამოცხადების ვალდებულების შესახებ.
ლ. ქ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლამდე და 3 თვემდე, აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის დრო _ 2004წ. 18 სექტემბრიდან 2004წ. 2 ოქტომბრამდე _ 14 დღე ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 2 თვისა და 16 დღის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ლ. ქ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა გაუქმდა და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ჩამოერთვა ხელწერილი გამოცხადების ვალდებულების შესახებ.
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება მსჯავრდებულებზე თანხის განაწილების შესახებ და თ. შ-ას, ლ. ქ-ას, ტ. ა-ეს, ნ. გ-სა და ვ. მ-ლს ს.ს. „---ას» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 000 ლარის გადახდა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. შ-ამ, ასევე _ მსჯავრდებულმა ლ. ქ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ-ამ.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ლ. ქ-ვა და ადვოკატი გ. კ-ია ითხოვენ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენთა გაუქმებას და ლ. ქ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მოტივით, რომ ლ. ქ-ას დანაშაული არ ჩაუდენია და განაჩენები არ ემყარება სასამართლო გამოძიების დროს მიღებულ უტყუარ მტკიცებულებებს. კასატორთა მტკიცებით, ლ. ქ-ას არ მიუღია მონაწილეობა ლითონის დაჭრაში. მართალია, იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე სხვა პირებთან ერთად, მაგრამ ვინმესთან წინასწარი შეთანხმება დანაშაულის ჩადენის შესახებ არ ჰქონია და არც დანაშაული ჩაუდენია, რაც დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვა მსჯავრდებულებმა.
მსჯავრდებული თ. შ-ია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ლითონის კონსტრუქციები ეყარა მინდორში, დაუცველ ტერიტორიაზე და იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს ქონება არავის ეკუთვნოდა, შესაბამისად, არ ჰქონია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თ. შ-ია ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. გ-მა მხარი დაუჭირა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ ლითონის კონსტრუქციები ეყარა მინდორში, დაუცველ ტერიტორიაზე და თ. შ-ია დარწმუნებული იყო, რომ ეს ქონება არავის ეკუთვნოდა. ამდენად, თ. შ-ას არ ჰქონია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა.
ადვოკატ მ. გ-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა თ. შ-ამ.
ადვოკატმა ნ. მ-ემ მხარი დაუჭირა თავისი დაცვის ქვეშ მყოფისა და ადვოკატ გ. კ-ას საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ იმ მოტივით, რომ ლ. ქ-ს არ მიუღია მონაწილეობა ლითონის დაჭრაში. მართალია, იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე სხვა პირებთან ერთად, მაგრამ ვინმესთან წინასწარი შეთანხმება დანაშაულის ჩადენის შესახებ არ ჰქონია და არც დანაშაული ჩაუდენია.
ადვოკატ ნ. მ-ის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა ლ. ქ-ამ.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ს. ჩ-ამ საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადასტურებული მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საჩივრების მოტივს იმის შესახებ, რომ ლ. ქ-სა და თ. შ-ას დანაშაული არ ჩაუდენიათ, კერძოდ:
სააქციო საზოგადოება ,,---ას" ---მა, დაზარალებულმა ბ. ბ-ამ წინასწარი გამოძიებისას განმარტა, რომ სააქციო საზოგადოების ტერიტორია მთლიანად შემოღობილია ბეტონის ფილებით. ამ ტერიტორიაზე დგას ლითონის კონსტრუქციების საამქროს მშენებარე ობიექტი. 2004წ. 18 სექტემბერს ბ. ბ-ას დაუკავშირდა თანამშრომელი და აცნობა, რომ აღნიშნული საამქროს ბოძები უცნობმა პირებმა ლითონის საჭრელი აპარატით დაჭრეს და ეს პირები დააკავეს პოლიციელებმა. აღნიშნული ქმედების შედეგად გადაჭრილი იყო ორი ბოძი, რომელთაგან ერთი აღდგენას არ ექვემდებარებოდა, ხოლო მეორე ძირში იყო გადაჭრილი და მისი აღდგენა შესაძლებელი იყო. დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ დანაშაულის შედეგად საწარმოს მიადგა 1 000 ლარის ოდენობის ზარალი და მოითხოვა მისი ანაზღაურება.
დაზარალებულმა ბ. ბ-ამ საქმის განხილვისას განცხადებით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიუთითა, რომ სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, ითხოვა, სასამართლოს გამოექვეყნებინა და ეხელმძღვანელა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, რომლის სიწორეც დაადასტურა. აღნიშნული ჩვენება გამოქვეყნდა სააპელაციო პალატის სხდომაზე.
წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლების სხდომებზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ქ. ფოთის სამმართველოს ---მა პ. ფ-ამ განმარტა, რომ 2004წ. 18 სექტემბერს შეატყობინეს, რომ ქ. ფოთში, --- ქუჩაზე უცხო პირები ჭრიდნენ ჯართს. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ლითონის საჭრელი აპარატით ხუთი პირი ჭრიდა სააქციო საზოგადოება ,,ტუიას" ტერიტორიაზე მდებარე ლითონის კონსტრუქციების საამქროს ბოძებს. აღნიშნული პირები აღმოჩნდნენ თ. შ-ია, ვ. მ-ლი, ტ. ა-ძე, ლ‚ ქ-ვა და ნ. გ-ვა, რომლებიც დააკავეს. პ. ფ-ამ ასევე მიუთითა: ,,ხუთივე პირი საქმიანობდა და ალბათ სამუშაო დანაწილებული ჰქონდათ". პ. ფ-ას მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება, მისივე შუამდგომლობით, გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე.
ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე პ. ა-ამ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შესაბამისად, სააქციო საზოგადოების მეტალის კონსტრუქციის მშენებარე ობიექტის საძირკველზე დამონტაჟებულია ლითონის ბოძები. საძირკველიდან 5 მეტრის მოშორებით აღმოჩნდა მეტალის ორი დაჭრილი ბოძი, რომელთა კიდეებზე მკაფიოდ ჩანს შესადუღებელი აპარატით გაჭრის კვალი. აღნიშნული ნაგებობა დგას სააქციო საზოგადოების სათავო ოფისიდან 200 მეტრის დაშორებით.
2004წ. 18 სექტემბრის ოქმების შესაბამისად, ლ‚ ქ-ას, თ. შ-ას, ვ. მ-ლს, ნ. გ-სა და ტ. ა-ეს ,,წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას" და დააკავეს. ოქმებს ხელი მოაწერეს აღნიშნულმა პირებმაც.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. შ-ია 2003წ. 23 ივლისს გაასამართლა ფოთის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს 2004წ. 11 ნოემბრამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 1821-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ. ქ-ვა 2002წ. 28 მაისს გაასამართლა ფოთის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს 2000წ. 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ლ‚ ქ-ამ, თ. შ-ამ, ვ. მ-მა, ნ. გ-ამ და ტ. ა-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თ. შ-ამ და ლ. ქ-ამ ასევე ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა არაერთგზის.
მსჯავრდებულების ქმედება საქართველოს 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო დღეს მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს.
ამასთან, მსჯავრდებულებს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრათ დაზარალებულის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა, კერძოდ:
დაზარალებულმა ბ. ბ-ამ წინასწარი გამოძიებისას განაცხადა, რომ დანაშაულის შედეგად საწარმოს მიადგა 1 000 ლარის ოდენობის ზარალი და მოითხოვა მისი ანაზღაურება.
საქმის განხილვისას დაზარალებულმა განცხადებით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიუთითა, რომ სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა და ითხოვა, სასამართლოს გამოექვეყნებინა და ეხელმძღვანელა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რომლის ასლი გადაეცემა მოსარჩელეს. დაზარალებული ბ. ბ-ია სამოქალაქო მოსარჩელედ, ხოლო ლ‚ ქ-ვა, თ. შ-ია, ვ. მ-ლი, ნ. გ-ვა და ტ. ა-ძე სამოქალაქო მოპასუხეებად არ იქნენ ცნობილი და სსსკ-ის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულებს არც სარჩელის ასლი გადაეცათ. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულებს ისე დააკისრეს დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულებისათვის დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელს არ მოუთხოვია სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება.
იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულ ბ. ბ-ას, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თ. შ-სა და ლ. ქ-ას წინა განაჩენებით სასჯელად დანიშნული ჰქონდათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო პალატის განაჩენით თ. შ-სა და ლ. ქ-ას მიესაჯათ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილები და საბოლოოდ თ. შ-სა და ლ. ქ-ას განესაზღვრათ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ თ. შ-სა და ლ. ქ-ას სასჯელები დაუნიშნა სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, რომლის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი უნდა იყოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე უფრო მეტი. როგორც აღინიშნა, წინა განაჩენებით აღნიშნულ პირებს განესაზღვრათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 566-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რამდენადაც საქმე განიხილება მსჯავრდებულების საჩივრების საფუძველზე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, მათი მდგომარეობის გაუარესების მოტივით გააუქმოს განაჩენი და საქმე დააბრუნოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.
ნ. გ-ას, ტ. ა-სა და ვ. მ-ლს, მათი პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, განესაზღვრათ სამართლიანი სასჯელი, ხოლო თ. შ-სა და ლ. ქ-ას მიმართ დანიშნული სასჯელები, მართალია, უკანონოა, მაგრამ ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს. ამდენად, დანიშნული სასჯელების ნაწილში სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. შ-ას, მსჯავრდებულ ლ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 10 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ: თ. შ-ას, ლ. ქ-ას, ნ. გ-ას, ტ. ა-სა და ვ. მ-ის ქმედება საქართველოს 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულებისათვის დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.