კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 13-დად 16 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. ლალიაშვილი
განიხილა დაინტერესებული პირის _ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ-ის საჩივრები ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრისა და 2004წ. 16 იანვრის დადგენილებებზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 2 ნოემბერს ქობულეთის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გ. მ-ის მიმართ.
ბრალდების დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით: 2003წ. 2 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს, ქობულეთის ¹-- ოლქის, სოფ. ---ის ¹-- საარჩევნო უბანში დამკვირვებლად მივლინებულ იქნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის გამგეობის წევრი გ. მ-ძე. მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის მიმდინარეობისას გ. მ-ემ ეჭვი შეიტანა ერთ-ერთი ამომრჩევლის, მეუღლესთან ერთად მყოფ, მ. კ-ის კეთილსინდისიერებაში, რომელსაც ორი ბიულეტენი ეჭირა, ხელიდან გამოსტაცა ერთი საარჩევნო ბიულეტენი და შეეცადა მის დახევას. აღნიშნულის გამო მ. კ-სა და გ. მ-ეს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მის ხელთ არსებული ზურგჩანთა ჩაარტყა თავში მ. კ-ეს. ინციდენტმა გამოიწვია ხმის მიცემის პროცესის დაახლოებით ნახევარი საათით შეჩერება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ დარბაზში მიწვეულ იქნა უბნის დასაცავად მობილიზებული პოლიციის თანამშრომელი _ ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა --- პოლიციის ქვეგანყოფილების --- ა. ქ-ძე, რომელიც შეეცადა გ. მ-ის დამშვიდებას და შენობიდან გაყვანას, რა დროსაც გ. მ-ემ მას სახეში ხელი გაარტყა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გ. მ-ძე დააკავეს.
2003წ. 4 ნოემბერს გ. მ-ეს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილითა და 353-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. სასამართლოს ბრძანებით მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.
საქმეზე გენერალური პროკურატურის იმ განყოფილების მიერ ჩატარებული შემოწმებით, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს გამოძიებაზე პროკურატურის ორგანოებში, დადგინდა შემდეგი:
გ. მ-ძე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა დამკვირვებლის სტატუსით და საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ამომრჩევლისგან ეჩვენებინა, თუ რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი ჰქონდა მას ხელში.
საქმის მასალების მიხედვით, სოფ. ---ის ¹-- საარჩევნო უბანში დამკვირვებლის სტატუსით ყოფნისას გ. მ-ემ ეჭვი შეიტანა ამომრჩეველ მ. კ-ის კეთილსინდისიერებაში, რამაც მ. კ-ის მხრიდან გამოიწვია აგრესია.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გ. მ-ემ შესაბამისი ოქმებით დააფიქსირა ის გარემოება, რომ საარჩევნო უბანი არ იყო გამართული, კერძოდ, ხუთი საარჩევნო კაბინის ნაცვლად ფუნქციონირებდა მხოლოდ ორი. ამავე დროს ამომრჩევლები პირადობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე აძლევდნენ ხმას.
ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის უხეშ დარღვევას და გ. მ-ძე, როგორც დამკვირვებელი, ვალდებული იყო, დაეფიქსირებინა ისინი.
ამრიგად, გ. მ-სათვის წარდგენილი ბრალდება, რომ თითქოსდა მან ხელი შეუშალა ამომრჩევლებს თავიანთი ნების თავისუფლად განხორციელებაში, უსაფუძვლოა, ვანაიდან გ. მ-ძე ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და დააფიქსირა დარღვევის ფაქტი, რასაც ამომრჩევლის მხრიდან აგრესია მოჰყვა, ხოლო ხმის მიცემის პროცესი ¹-- უბანში დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაგრძელდა.
რაც შეეხება გ. მ-ის მიმართ წარდგენილ შემდეგ ბრალდებას მის მიერ ხულიგნობის ჩადენის თაობაზე, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ვინაიდან ხულიგნობას, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, არ გააჩნია მოტივი ან მოტივი უმნიშვნელოა. გ. მ-ძე კი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა დამკვირვებლის სტატუსით და მისი ქმედება ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს, კერძოდ, არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.
გარდა ამისა, გ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გამოძიებით უტყუარად დადასტურებული არ არის გ. მ-ის მიერ ა. ქ-სათვის ხელის გარტყმის ფაქტი. აღნიშნულს თვით გ. მ-ძე არ ადასტურებს, ხოლო ამ ფაქტის თაობაზე არ არიან დაკითხული ეუთოს დამკვირვებლები და მათი თარჯიმანი მ. მ-ძე, თვით ა. ქ-ძე კი პოლიციის თანამშრომელია და, შესაბამისად, დაინტერესებული მხარეა, რომლის ჩვენების სისწორე სხვა უდავო მტკიცებულებებით არ დასტურდება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ქ-ეს არ ეცვა პოლიციელის ფორმა და, ამდენად, გ. მ-ეს არ შეეძლო აღექვა იგი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ა. ქ-ეს ინციდენტის შედეგად მიღებული აქვს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც კერძო ბრალდების საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება.
განხილულ გარემოებათა გამო გენერალურ პროკურატურაში, კერძოდ, პროკურატურის ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა თ. მ-მა 2003წ. 27 ნოემბერს გამოიტანა დადგენილება ბრალდებულ გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღოისძიების _ პატიმრობის _ გაუქმებისა და პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლების თაობაზე, ვინაიდან იმავე დადგენილების მიხედვით, გ. მ-ეს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
გენერალურ პროკურატურაში გამოტანილი დადგენილება საქმეზე დაზარალებულებად ცნობილმა ა. ქ-ემ და ო. ტ-ემ გაასაჩივრეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოში. საჩივრებით ისინი ითხოვდნენ ხსენებული დადგენილების გაუქმებას. რაიონულმა სასამართლომ განიხილა საჩივრები და 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილებით დააკმაყოფილა რა ისინი, გააუქმა გენერალურ პროკურატურაში 2003წ. 27 ნოემბერს გამოტანილი დადგენილება, ამასთან, გ. მ-ის მიმართ განაახლა სისხლის სამართლის საქმე და მიუთითა, რომ აღკვეთის ღონიძიება _ წინასწარი პატიმრობა 3 თვის ვადით _ დარჩეს უცვლელად.
ამის Eშემდეგ, 2003წ. 6 დეკემბერს, ქობულეთის რაიონული პროკურატურის ---მა რ. ხ-მა გამოიტანა დადგენილება ბრალდებულ გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, შერჩეული აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის _ გაუქმებისა და პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლების თაობაზე იმ მოტივით, რომ ვითარების შეცვლის შედეგად მის მიერ ჩადენილი ქმედება აღარ არის საშიში, ამასთან, არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
გამომძიებლის მიერ გამოტანილ ამ დადგენილებას იმ მოტივაციის გამო, რომელიც მას საფუძვლად დაედო, არ დაეთანხმა გ. მ-ის დამცველი, ადვოკატი დ. ლ-ტი, რომელმაც საჩივრით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დადგენილების სარეზოლუციო ნაწილიდან იმ მითითების ამორიცხვა, რომელიც შეეხება გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ვითარების შეცვლის გამო, რადგან, მისი აზრით, ასეთ დასაბუთებას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.
ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და 2004წ. 16 იანვრის დადგენილებით უცვლელად დატოვა ქობულეთის რაიონული პროკურატურის 2003წ. 6 დეკემბრის დადგენილება.
გ. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა დ. ლ-მა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრისა და 2004წ. 16 იანვრის დადგენილებების თაობაზე საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლებითაც ითხოვს აღნიშნული დადგენილებების, აგრეთვე ქობულეთის რაიონული პროკურატურის 2003წ. 6 დეკემბრის დადგენილების გაუქმებასა და გენერალური პროკურატურის 2003წ. 27 ნოემბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას, რადგან მიაჩნია, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოსა და პროკურატურის მიერ გამოტანილი ზემოაღნიშნული დადგენილებები აშკარად კანონსაწინააღმდეგო და უსაფუძვლოა.
პალატის სხდომაზე განხილვისას დაინტერესებულმა პირმა გ. მ-ემ, მისმა დამცველმა, ადვოკატმა დ. ლ-მა და პროცესში მონაწილე პროკურორმა ა. ლ-ემ მხარი დაუჭირეს საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება, კერძოდ, გასაჩივრებული დადგენილებების გაუქმება და გ. მ-ის მიმართ გენერალური პროკურატურის 2003წ. 27 ნოემბრის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმნა მხარეებს, მიიჩნია, რომ საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილების თაობაზე შეტანილი საჩივრის განხილვამდე უნდა აღინიშნოს, რომ იმავე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოტანილი ქობულეთის რაიონული პროკურატურის 2003წ. 6 დეკემბრის დადგენილება და ამ დადგენილების თაობაზე ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2004წ. 16 იანვარს გამოტანილი დადგენილება, აშკარად კანონსაწინააღმდეგოა. საქმე ისაა, რომ ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 1 დეკემბერს უკვე იმსჯელა და მას დადგენილების სახით გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, კერძოდ, პროკურატურის ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების მიერ 2003წ. 27 ნოემბერს გამოტანილი დადგენილების გაუქმების თაობაზე. აღნიშნული სასამართლო დადგენილება ექვემდებარება გასაჩივრებას მისი გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. მისი გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2003წ. 11 დეკემბერს. გასაჩივრებისათვის განკუთვნილი დროის განმავლობაში საქმე ინახება რაიონულ სასამართლოში, ხოლო ამ ვადაში საქმეზე არავითარი ახალი გადაწყვეტილების მიღება არ დაიშვება. თუკი საჩივარი არ იქნება შეტანილი, საამისოდ საპროცესო კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რაიონული სასამართლო საქმეს უბრუნებს საგამოძიებო ორგანოს. რადგან 2003წ. 6 დეკემბერს ზემოაღნიშნული სასამართლო დადგენილების გასაჩივრების ვადა არ იყო გასული, ქობულეთის რაიონულ პროკურატურას საქმეზე ახალი დადგენილების გამოტანის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ, როდესაც დაინტერესებულმა მხარემ _ გ. მ-ის დამცველმა დ. ლ-მა, საპროცესო კანონით მისთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად, ქობულეთის რაიონული პროკურატურის 2003წ. 6 დეკემბრის დადგენილების თაობაზე საჩივრით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, ამ უკანასკნელს უნდა გაეუქმებინა იგი, მაგრამ, ნაცვლად ამისა, 2004წ. 16 იანვარს სასამართლომ გამოიტანა ასევე უკანონო დადგენილება, რომლითაც ძალაში დატოვა ქობულეთის რაიონული პროკურატურის ზემოხსენებული უკანონო დადგენილება.
პალატის აზრით, გარდა იმისა, რომ ფორმალური ანუ საპროცესო მხარე არის დარღვეული, ქობულეთის რაიონული პროკურატურის 2003წ. 6 დეკემბრის დადგენილება არასწორია ასევე არსებითად, კერძოდ, ამ დადგენილებაში მითითებულია, რომ გ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით, ვითარების შეცვლის შედეგად აღარ არის საშიში, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ საქმე უნდა შეწყდეს, ხოლო ვითარების შეცვლაში, დადგენილების მიხედვით, იგულისხმება საქართველოს უზენაესი სასამართლს მიერ 2003წ. 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაუქმება.
ხსენებული დადგენილების ასეთი პოზიცია არ არის დასაბუთებული, რადგან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები და არა ყველა შედეგი ჩატარებული არჩევნებისა, თუმცა არჩევნების შედეგების მთლიანი გაუქმებაც კი არ წარმოადგენს ვითარების შეცვლის გამო სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, რის გამოც ვითარების შეცვლაზე საუბარი და ასეთი საფუძვლით გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა სრულიად უკანონოა.
აღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა თვლის, რომ ქობულეთის რაიონული პროკურატურის 2003წ. 6 დეკემბრისა და ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 იანვრის დადგენილებები, რომლებიც გამოტანილია გ. მ-ის ბრალდების საქმეზე, უნდა გაუქმდეს, როგორც უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგო.
რაც შეეხება გ. მ-ის დამცველის, ადვოკატ დ. ლ-ის მიერ გასაჩივრებული ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილების კანონიერებას, რომლითაც გაუქმდა გენერალური პროკურატურის შესაბამისი განყოფილების მიერ 2003წ. 27 ნოემბერს გამოტანილი დადგენილება გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვტის შესახებ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლომ დადგენილების გამოტანისას უხეშად დაარღვია საპროცესო კანონი, სახელდობრ, დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა არ წარმოადგენდა სასამართლოს კომპეტენციას.
უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ, გააუქმა რა გენერალური პროკურატურის 2003წ. 27 ნოემბრის დადგენილება გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, იმავდროულად თავისი დადგენილებით განაახლა
სისხლის სამართლის საქმე გ. მ-ის მიმართ, რაც საპროცესო კანონის მიხედვით, გამოძიების ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივას წარმოადგენს და არა სასამართლოს უფლებამოსილებას. გარდა ამისა, თავის დადგენილებაში ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ დაუშვა სხვა პროცესუალური დარღვევაც, კერძოდ, დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა: “გ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ წინასწარი პატიმრობა 3 თვის ვადით _ დარჩეს უცვლელად”. ჯერ ერთი, გ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, სსსკ-ის 397-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უკვე გაუქმებული იყო იმ მომენტიდან, როდესაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, ხოლო გაუქმებული ანუ არარსებული აღკვეთის ღონისძიების უცვლელად დატოვება არა მარტო საპროცესო კანონმდებლობას, არამედ სამართლებრივ ლოგიკასაც ეწინააღმდეგება. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების თაობაზე მსჯელობისას და გადაწყვეტილების მიღებისას რაიონულ სასამართლოს საერთოდ არ ჰქონდა უფლება, ემსჯელა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, რადგან ასეთ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი უნდა გადაწყდეს ხელახლა მას შემდეგ, რაც შესაბამისი საგამოძიებო ორგანო თავისი დადგენილებით პირის მიმართ განაახლებს სისხლის სამართლის საქმეს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილება უსაფუძვლოა აგრეთვე არსებითი თვალსაზრისითაც, რადგან იგი, ძირითადად, ეყრდნობა მხოლოდ დაინტერესებულ პირთა ჩვენებებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ 2003წ. 2 ნოემბერს ქობულეთის რაიონის სოფ. ---ის ¹-- საარჩევნო უბანში ხმის მიცემისას გ. მ-ის წინააღმდეგ მიმართულ კონფლიქტში. ფაქტია, გ. მ-ემ დაიწყო საარჩევნო ნორმების დარღვევათა დაფიქსირება, ე.ი. როგორც დამკვირვებელმა საარჩევნო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინა რეაგირება აშკარა დარღვევებზე, რამაც გამოიწვია აგრესია მის მიმართ და რასაც მოჰყვა ორმხრივი კონფლიქტი. ამ კონფლიქტში მონაწილეობდნენ ის პირებიც, რომლებიც შემდეგ გ. მ-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი იყვნენ დაზარალებულებად. გამოძიება აღმოჩნდა მიკერძოებული, რადგან არ იყო არავითარი რეაგირება იმ ფაქტებზე, რომ გ. მ-ეს ხელი შეუშალეს დამკვირვებლის ფუნქციის განხორციელებაში, რა დროსაც მის მიმართ ასევე ჩადენილი იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. აღნიშნული ფაქტების თაობაზე საფუძვლიანი სამართლებრივი შეფასება არის მოცემული გენერალური პროკურატურის 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილებაში.
ბოლოს, შეუძლებელია, არ აღინიშნოს იმ უხეშ პროცედურულ დარღვევაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული სასამართლო დადგენილების უკანონობას, კერძოდ: 2003წ. 1 დეკემბერს დაზარალებულთა მიერ შეტანილი საჩივრების განხილვაში არ მონაწილეობდა ბრალდებული გ. მ-ძე და არც მის დამცველი იყო მიწვეული პროცესში მონაწილეობის მისაღებად. სასამართლო წარმოების მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს არავითარი ზომები არ მიუღია, რათა უზრუნველეყო მათი გამოცხადება სასამართლო სხდომაზე, რითაც დაირღვა გ. მ-ის დაცვის უფლება, ხოლო საბოლოოდ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ გ. მ-ის ბრალდების საქმეზე გამოტანილი 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილება, როგორც უკანონო, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაინტერესებული პირის _ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ-ს საჩივრები დაკმაყოფილდეს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის დადგენილება: დაზარალებულების _ ა. ქ-სა და ო. ტ-ის საჩივრების დაკმაყოფილების, გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტისა და ბრალდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის _ გაუქმების თაობაზე გენერალური პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების 2003წ. 27 ნოემბრის დადგენილების გაუქმების, სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლებისა და ბრალდებულ გ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების _ 3 თვის ვადით წინასწარი პატიმრობის _ უცვლელად დატოვების შესახებ გაუქმდეს, როგორც უკანონო.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 იანვრის დადგენილება გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ქობულეთის რაიონული პროკურატურის 2003წ. 6 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შესატანად გ. მ-ის დამცველის, ადვოკატ დ. ლ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს, როგორც უკანონო.
ქობულეთის რაიონული პროკურატურის 2003წ. 6 დეკემბრის დადგენილება ბრალდებულ გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გაუქმდეს, როგორც უკანონო.
გენერალური პროკურატურის _ პროკურატურის ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების 2003წ. 27 ნოემბრის დადგენილება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარასებობის გამო გ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, გ. მ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის _ გაუქმებისა და პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.