განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 31.03.2005
საქმის ნომერი
2კ-59დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
31.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 59-დად 31 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი

განიხილა ბრალდებულ დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ას საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის 2005წ. 4 იანვრის დადგენილება ბრალდებულ დ. ს-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 10 აპრილს ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ---ის მიერ სახელმწიფო სპეციალური ანგარიშიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 164-ე, 213-ე და 214-ე მუხლებით (2000წ. 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2000წ. 20 ივნისს საქმე წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად დაექვემდებარა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

მოცემულ საქმეზე 2000წ. 13 სექტემბერს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დ. ს-ძე, რომელსაც წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, კერძოდ, ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა გერმანული ფირმა “---დან” 1998წ. 24 აგვისტოს მიღებული და საქველმოქმედო _ ჰუმანიტარული ორგანიზაციის _ “---ის” კუთვნილი თანხის _ 14368552 გერმანული მარკის მითვისება.

ვინაიდან ბრალდებული დ. ს-ძე დაემალა გამოძიებას, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 16 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იმავე წლის 25 სექტემბერს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

2003წ. 6 იანვარს ბრალდებული დ. ს-ძე ადვოკატ ა. ჭ-სთან ერთად ნებაყოფლობით გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში. მისი ავადმყოფობის მხედველობაში მიღებით, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 იანვრის ბრძანებით ადრე შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება დ. ს-ეს შეეცვალა პირადი თავდებობით.

2003წ. 4 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეჩერდა დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მოტივით.

2004წ. 21 აგვისტოს ბრალდებული დ. ს-ძე გარდაიცვალა გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, რაც დადასტურებულია ქ. თბილისის გარდაცვლილთა რეგისტრაციის მმაჩის განყოფილების მიერ გაცემული ცნობით.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, 2005წ. 4 იანვარს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა გ. ჩ-ემ გამოიტანა დადგენილება დ. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და 395-399-ე მუხლების საფუძველზე. დასახელებული საპროცესო გადაწყვეტილებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ 1998წ. 24 აგვისტოს დ. ს-ემ გერმანიაში, ქ. უნტერფორინგში რეგისტრირებული და ტელეაპარატურის მომწოდებელი ფირმა “---სგან” ხელზე მიიღო და იმავე დღეს ქ. მიუნხენის “---ში” გაანაღდა 14368552 გერმანული მარკა, რომელიც დ. ს-ემ არ წარადგინა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “---ში” და მიითვისა, ე.ი. ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

დადგენილება პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იმავე დღეს, 2005წ. 4 იანვარს, დაამტკიცა პროკურორმა.

დასახელებული საპროცესო გადაწყვეტილება, როგორც უკანონო, საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა აწ გარდაცვლილ დ. ს- ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჭ-ამ.

მომჩივანი ძირითად მოტივად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ დ. ს-ძე მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობდა დამნაშავედ. ამ ვითარებაში არამარეაბილიტირებელი საფუძვლით, ანუ ბრალდებულის გარდაცვალების მოტივით სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისათვის აუცილებელი იყო მისი ადვოკატის ან ოჯახის სრულწლოვანი წევრის წერილობითი თანხმობა. ასეთი თანხმობა გამომძიებელს არც მოუთხოვია და, შესაბამისად, არც მიუღია.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საჩივარი და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2005წ. 15 თებერვლის დადგენილებით უარი უთხრა მომჩივანს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის 2005წ. 4 იანვრის დადგენილების გაუქმებაზე.

გარდაცვლილი ბრალდებულის _ დ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჭ-ამ აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს როგორც ამ დადგენილების, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის დადგენილების გაუქმებას და შეწყვეტილი საქმის მასალების საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაბრუნებას, წინასწარი გამოძიების განახლების მიზნით.

პალატის სხდომაზე განხილვისას ადვოკატმა ა. ჭ-ამ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. შ-მა მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 თებერვლის დადგენილება დარჩეს უცვლელად, ხოლო მომჩივანს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა შეწყვეტილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული საქმე უნდა შეწყდეს, თუ გარდაიცვალა ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისათვის. აღნიშნული საპროცესო ნორმიდან გამომდინარე, გარდაცვლილი ბრალდებულის ოჯახს უფლება აქვს, მისი რეაბილიტაციის მიზნით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დამთავრება და ამ საქმის გაგზავნა სასამართლოში არსებითი განხილვისათვის. შესაბამისად ამისა, გამომძიებელ გ. ჩ-ეს, რომელმაც შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა დ. ს-ის მიმართ, ამ საკითხზე დადგენილების გამოტანამდე უნდა ეცნობებინა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისა და ოჯახისათვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ, გაერკვია მათი პოზიცია და ამის შემდეგ უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება გარდაცვალების გამო დ. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა თუ მოცემულ საქმეზე გამოძიების ბოლომდე მიყვანისა და საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე.

წინასწარი გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ გამომძიებელს საქმის შეწყვეტის თაობაზე არ უცნობებია არც დ. ს-ის ოჯახისა და არც მისი ადვოკატისათვის, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გარანტირებული მათი უფლება.

საჩივრის საკასაციო პალატაში განხილვის დროსაც დადასტურდა ის, რომ გარდაცვლილ დ. ს-ის ოჯახი და მათ მიერ აყვანილი ადვოკატი ა. ჭ-უა არ ყოფილა გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, გამოტანილი ყოფილიყო დადგენილება არამარეაბილიტირებელი საფუძვლით ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

ადვოკატ ა. ჭ-ას მიერ შეტანილი საჩივრის განხილვის შემდეგ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ, უარყო რა ამ საჩივრის მოთხოვნა, 2005წ. 15 თებერვალს გამოტანილ დადგენილებაში მიუთითა, რომ ბრალდებულ დ. ს-ის მიმართ გამოძიება ჩატარებულია სრული მოცულობით, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით; ამასთან, დამაჯერებლად არის დადასტურებული ბრალდებულ დ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. ამავე დროს, სასამართლოს აზრით, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი არ ავალდებულებს გამომძიებელს, ამ ნორმაში გათვალისწინებული საფუძვლით სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას დაინტერესებულ პირთაგან მიიღოს თანხმობა შემაჯამებელი საპროცესო გადაწყვეტილების გამოსატანად. პალატა ვერ დაეთანხმება სასამართლოს ასეთ დასკვნას, ვინაიდან იგი აშკარად ეწინააღმდეგება დასახელებული საპროცესო ნორმის სამართლებრივად სწორ ინტერპრეტაციას, რამეთუ აშკარად უგულებელყოფს მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

პალატის აზრით, ვინაიდან საგამოძიებო ორგანომ ზემოაღნიშნული დადგენილება გამოიტანა საპროცესო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ამ ეტაპზე სამართლებრივად არ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებითად ხსენებული დადგენილება არის თუ არა კანონიერი და დასაბუთებული.

ზემოთ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ თავის დადგენილებაში გამოთქმული მოტივები, რომლებითაც შეეცადა, დაესაბუთებინა საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილების კანონიერება, მოკლებულია ჯეროვან სამართლებრივ საფუძველსა და დასაბუთებულობას, რის გამოც უნდა გაუქმდეს როგორც სასამართლოს დადგენილება, ასევე საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილება აწ გარდაცვლილი ბრალდებულის _ დ. ს-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისიხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გარდაცვლილი ბრალდებულის _ დ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 თებერვლის დადგენილება ბრალდებულ დ. ს-ის მიმართ 2004წ. 4 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გაუქმდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელ გ. ჩ-ს მიერ 2004წ. 4 იანვარს გამოტანილი დადგენილება გარდაცვლილი ბრალდებულის _ დ. ს- მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

შეწყვეტილი საქმის მასალები დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებისა და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.