შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 06.02.2003
საქმის ნომერი
2კ-16დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.02.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 16-დად 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ლ-ს დონის როსტოვის ვოროშილოვსკის რაიონის სასამართლოს 2000წ. 29 აგვისტოს განაჩენით რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით _ 2 წლით. რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 69-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შეკრების პრინციპით გ. ლ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გ. ლ-ს ექსტრიდაციის შემდეგ თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 26 აგვისტოს დადგენილებით დონის როსტოვის ვოროშილოვსკის სასამართლოს 2000წ. 29 აგვისტოს განაჩენი გ. ლ-ს მიმართ შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან შემდეგი მიმართებით: რფ-ის სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებთან, ხოლო რფ-ის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესით, გ. ლ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული გ. ლ. მიუთითებს, რომ თერჯოლის რაიონის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა სასჯელთა შეკრების, არამედ _ სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ამ მოტივით იგი ითხოვს სასამართლოს დადგენილების შეცვლას და სასჯელის შემსუბუქებას 7 წლამდე.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა.ს-მა კერძო საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს დადგენილება გ. ლ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი გარემოებების გამო:

რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს სასჯელთა დანიშვნის წესს დანაშაულთა ერთობლიობისათვის, განმარტავს, რომ: “თუ დანაშაულის ერთობლიობა შედგება ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, სასჯელთა დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელები”. სწორედ ამ მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დონის როსტოვის ვოროშილოვსკის რაიონულმა სასამართლომ გ. ლ-ს რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები – 7 და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მოსახდელად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილისაგან განსხვავებით, საქართველოს სსკ-ის შესაბამისი _ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სასჯელების მთლიან ან ნაწილობრივ შეკრებებთან ერთად, ითვალისწინებს თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელთა შთანთქმის პრინციპსაც. თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ დონის როსტოვის ვოროშილოვსკის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ. ლ-ს მიმართ შესაბამისობაში მოიყვანა რა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან, სასჯელთა შეკრების წესით გ. ლ-ს განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმავე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლოს შეეძლო, ასევე სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მსჯავრდებულისათვის საბოლოოდ განესაზღვრა სასჯელის ვადა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ.ლ-ს საჩივრის მოთხოვნა თითოეული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელების შთანთქმის პრინციპით 7 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს დადგენილება გ. ლ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მას სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს დადგენილება გ. ლ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში დადგენილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.