საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 290-დად 23 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი
განიხილა დაინტერესებული პირის _ ა. ბ-ს საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ ამ სასამართლოში 2003წ. 24 აპრილს შესული დაინტერებული პირის _ გ. ა-ს საჩივრის თაობაზე მიღებული დადგენილებით ირკვევა შემდეგი:
ა. ბ-მა 1994წ. 25 თებერვალს თბილისის ¹17 სანოტარო კანტორაში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ნოტარიუს გ. ა-საგან მიიღო ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლის თანახმადაც ის გახდა თავისი დის _ თ. ბ-ს კუთვნილი, თემქის დასახლებაზე მდებარე ერთოთახიანი ბინის მესაკუთრე. იმავე დღეს ნოტარიუს გ. ა-ს მიერ ა. ბ-ს სახელით გაფორმდა მინდობილობა ა. ბ-ს დის შვილიშვილზე _ მ. ა-ზე. დასახელებული მინდობილობის საფუძველზე ¹17 სანოტარო კანტორაში 1994წ. 8 მარტს გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ. ა-მ მიჰყიდა მოქ. ი. ც-ს ა. ბ-ს მიერ მემკვიდრეობით მიღებული ერთოთახიანი ბინა ... ¹30-ში.
1994წ. 13 მაისს ¹20 სანოტარო კანტორაში ნოტარიუსმა თ. ვ-მ გააფორმა ასევე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მ. ა-სა და ხ. ვ-ს შორის, რომლის მიხედვითაც გ. ა-მ ამ უკანასკნელს მიჰყიდა ა. ბ-ს კუთვნილი, ... ¹51-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა.
აღნიშნული ბინების გაყიდვის ნიადაგზე ა. ბ-სა და თავის დის შვილიშვილ მ. ა-ს შორის წარმოიშვა უთანხმოება, რის გამოც ა. ბ-მა სხვადასხვა დროს სასარჩელო განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოებს. განცხადებებში ის აღნიშნავდა, რომ ¹17 სანოტარო კანტორაში დოკუმენტების წარდგენისას მას მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა და რა დოკუმენტებზე მოაწერა ხელი, აღარ ახსოვს. მინდობილობა თავის დის შვილიშვილ მ. ა-სთვის არ მიუცია და ამ უკანასკნელმა მისი სიტყვიერი და წერილობითი თანხმობის გარეშე გაყიდა მისი კუთვნილი ბინები.
მინდობილობის გაცემასა და სხვა დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებით ა. ბ. იძლეოდა ერთმანეთის საწინააღმდეგო განმარტებებს, მათ შორის მიუთითებდა იმაზეც, რომ მინდობილობაზე, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიღებასა და სანოტარო მოქმედებათა რეესტრში გატარებაზე ხელმოწერები მას არ ეკუთვნოდა.
ა. ბ-ს სარჩელების სასამართლო განხილვის პროცესში, მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, მ. ა-ს, გ. ა-ს, ა. ჯ-ს, თ. ვ-ს, ხ. ვ-ს, ც. ვ.-გ-ის, ი. ც-ს, თვით ა. ბ-ს ჩვენებებით დადგინდა, რომ ა. ბ-მა თავისი 1994წ. 8 თებერვლის განცხადების საფუძველზე ¹17 სანოტარო კანტორაში 1994წ. 25 თებერვალს მიიღო ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, თავისი დის _ თ. ბ-ს მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ ერთოთახიან ბინაზე, თავისივე ნება-სურვილით გასცა მ. ა-ზე იმავე თარიღით მინდობილობა ერთი წლის ვადით, მისივე თანხმობით გაიყიდა თემქის დასახლებაზე მდებარე ერთოთახიანი ბინა ი. ც-ზე, რომლისგანაც მიღებული თანხიდან გაისტუმრა ვალები და ასევე, მისი თანხმობით და მონაწილეობით გაიყიდა ერთოთახიანი ბინა დიღმის მასივში მოქ. ხ. ვ-ზე.
სასამართლოში საქმის განხილვისას დაინიშნა სასამართლო-კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტმა თ. ა-მა. მისი 1995წ. 10 აპრილის დასკვნით, მ. ა-ს სახელზე გაცემული მინდობილობის ორივე პირზე და ¹17 სანოტარო კანტორის რეესტრებში ა. ბ-ს სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებული იყო ერთი და იმავე პირის მიერ, მაგრამ, შესრულებული იყო თუ არა ისინი ა. ბ-ს მიერ, ამაზე ვერ გაიცა პასუხი, ვინაიდან ექსპერტისათვის გამოსაკვლევად წარდგენილი იყო არასაკმარისი მასალები.
ვინაიდან ექსპერტის დასკვნა არ იყო კატეგორიული, იმავე საექსპერტო დაწესებულებაში ჩატარდა კომისიურ-კალიგრაფიული ექსპერტიზა მინდობილობის ორივე პირზე. ქსპერტიზის დასკვნით ხელმოწერები მათზე ა. ბ-ს არ ეკუთვნოდა. რადგან ექსპერტების დასკვნებს შორის გარკვეული წინააღმდეგობა წარმოიშვა, გარდა ამისა, ორივე შემთხვევაში ექსპერტიზა არ იყო ჩატარებული საქმისათვის საჭირო ყველა დოკუმენტზე, ისინი ჩატარდა არასაკმარისი მასალების საფუძველზე, ამასთან, ექსპერტიზის ჩატარებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული განსაკუთრებული გარემოება, რომ ა. ბ-ს დაქვეითებული ჰქონდა მხედველობა, დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, მაგრამ ა. ბ-ს სარჩელის შემდგომი სასამართლო განხილვის პროცესში განმეორებითი ექსპერტიზა არ ჩატარდა, რადგანაც სასამართლოში მოხდა მხარეთა შეთანხმება (მორიგება) და გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმე ა. ბ-ს სარჩელის საფუძველზე მინდობილობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სსკ-ს 242-ე მუხლის “დ” პუნქტით შეწყდა წარმოებით, ხოლო მ. ა-ს დაეკისრა ა. ბ-ს სასარგებლოდ ერთოთახიანი ბინის შეძენა დიღმის მასივში, იმავე კორპუსში, დაბალ სართულზე, მისი ნივთების დაბრუნება და თემქის დასახლებაზე არსებული ბინის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდა.
აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის _ ა. ბ-ს განცხადებით, 2002წ. 27 ნოემბერს ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹1002872 მოქ. ა. ბ-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე უკანონოდ გაცემული მინდობილობების ნოტარიუსში დადასტურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (1982წ. 29 დეკემბრის რედაქცია), რომელიც გამოსაძიებლად დაექვემდებარა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურას.
ა. ბ-ს საჩივრის საფუძველზე ჩატარდა გამოძიება, რის შედეგადაც, კერძოდ, მ. ა-ს, გ. ა-ს, ა. ჯ-ს ჩვენებებით, განმეორებით ჩატარებული ხემოწერის ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით დადგენილია, რომ ა. ბ-მა თავისი განცხადების საფუძველზე მიიღო ¹17 სანოტარო კანტორაში ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ანდერძით დატოვებულ ერთოთახიან ბინაზე, თავისი ნება-სურვილით იქნა გაფორმებული მინდობილობა დის შვილიშვილზე _ მ. ა-ზე და მისივე თანხმობით გაიყიდა ერთოთახიანი ბინა თემქის დასახლებაზე, აგრეთვე _ თავისი კუთვნილი ბინა დიღმის მასივში.
აღნიშნულ გარემოებათა გამორკვევის შემდეგ, 2003წ. 27 მარტს, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ. მ-მა გამოიტანა დადგენილება ნოტარიუსების _ გ. ა-სა და თ. ვ-ის, აგრეთვე, მოქალაქე მ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო (სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი).
აღნიშნული დადგენილება დაინტერესებულმა პირმა _ გ. ა-მ გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება, რადგან უკანონოდ მიიჩნია თვით მომჩივან ა. ბ-ს მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის არგანხილვა.
ჩატარებული გამოძიების შედეგების გათვალისწინებით გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მიერ ნოტარიუსების _ გ. ა-სა და თ. ვ-ს, აგრეთვე, მოქალაქე მ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე გ. სინჯიკაშვილი) მიიჩნია კანონიერად და 2003წ. 29 აგვისტოს დადგენილებით დაინტერესებულ პირს _ გ. ა-ს უარი უთხრა მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა რაიონული პროკურატურის ზემოხსენებული დადგენილების გაუქმებას.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს დადგენილების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა _ ა. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იგი ითხოვს ამ დადგენილებისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2003წ. 27 მარტის დადგენილების გაუქმებას, რადგან ისინი მიაჩნია უსაფუძვლოდ.
საჩივრის თაობაზე შესაგებელი შეიტანა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ. მ-მა, რომლითაც ითხოვს ა. ბ-სათვის მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე განხილვისას დაინტერესებული პირის _ ა. ბ-ს დამცველმა, ადვოკატმა ც. ს-მ მხარი დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. დაინტერესებული პირი _ ა. ბ. ეთანხმება თავის დამცველს და ითხოვს მის მიერ შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებას.
პროცესში მონაწილე პროკურორი გ. მ. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გააანალიზა საჩივრის მოტივები, შეისწავლა საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, რის შემდეგაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებითა და სასამართლო გამოძიებით დასტურდება, რომ მომჩივანმა ა. ბ-მა თავისი დის _ თ. ბ-ს მიერ გაცემული ანდერძის საფუძველზე თბილისის ¹17 სანოტარო კანტორაში შესრულებული სანოტარო მოქმედებებით ნამდვილად მიიღო მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ქ. თბილისში, თემქის დასახლებაში არსებულ ერთოთახიან ბინაზე. ამასთან, საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებით ისიც დგინდება, რომ ა. ბ-მა აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით თავის დის შვილიშვილზე _ მ. ა-ზე ერთი წლის ვადით თავისი ნება-სურვილით გასცა მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს ნება ეძლეოდა მინდობილობის გამცემი პირის თანხმობით მოეხდინა მისი კუთვნილი ბინის გასხვისება. შესაბამისად ამისა, თემქის დასახლებასა და დიღმის მასივში მდებარე ა. ბ-ს კუთვნილი ბინების გაყიდვა მოქალაქეებზე _ ი. ც-სა და ხ. ვ-ზე მოხდა თვით ა. ბ-ს მონაწილეობით და ეს მოქმედებები არ განხორციელებულა მისი ნების საწინააღმდეგოდ.
გარდა ამისა, ჩატარებული გამოძიებით ვერ დასტურდება, რომ ა. ბ-ს სახელით შესრულებული ხელმოწერები ანდერძით ქონების მიღების განცხადებაზე, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის მიღებაზე, მინდობილობასა და სანოტარო მოქმედებათა რეესტრში გაყალბებულია და აღნიშნული ხელმოწერები მის მაგივრად სხვის მიერ არის შესრულებული.
გამოძიებით ისიც ირკვევა, რომ ა. ბ-ს მ. ა-ს საკმაოდ მოზრდილი ოდენობის თანხა ემართა, რომელიც მას დასჭირდა გარდაცვლილი დის დაკრძალვისა და თავისი მკურნალობის ხარჯების დასაფარავად. შემდგომში ა. ბ-მა ეს ვალი მ. ა-ს დაუბრუნა სწორედ ზემოხსენებული ბინების გაყიდვით მიღებული ფულადი შემოსავლიდან. ნიშანდობლივია ისიც, რომ, როდესაც გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ 2003წ. 27 მარტს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, ა. ბ-ს იგი არ გაუსაჩივრებია სასამართლოში.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს დადგენილება არის საფუძვლიანი და კანონიერი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 242-ე მუხლის მე-6 ნაწლით, 243-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაინტერესებული პირის _ ა. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს დადგენილება დაინტერესებული პირის _ გ. ა-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ¹1002872 სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2003წ. 27 მარტის დადგენილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.