გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
# 98კოლ 29 იანვარი, 2001 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მერაბ ტურავა
მოსამართლეები: თამარ ყრუაშვილი, ნინო გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ თე. ა-ძის, მისი ინტერესების დამცველების – ჩ-შვილისა და ქ-ძის საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც თე. ა-ძე, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 19-78-ე მუხლით, 24, 143-ე მუხლის მესამე ნაწილებით და ერთობლივად მიესაჯა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის თ. ყ-ს მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით თ. ა-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მან დახმარება გაუწია ბანდიტურ ჯგუფს და ორგანიზაცია გაუკეთა ადამიანის მოტაცებას, რაც შემდეგში გამოიხატა:
1993 წლის სექტემბრის პერიოდისათვის ხელვაჩაურის რაიონის დაბა მ-ს მცხოვრებ დ. ა-ძეს ჩამოყალიბებული ჰქონდა ბანდიტური ჯგუფი და იმალებოდა სოფელ ხ-ში. მას, როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ხშირად აკითხავდა თ. ა-ძე, რომელიც იმ პერიოდში იყო ხელვაჩაურის რაიონის პრეფექტი, ხოლო ამ განაჩენით მსჯავრდებული თ. ა-ძე მუშაობდა ბ-ს მერად. ამ შეხვედრების მიზანი ის იყო, რომ თა. ა-ძე სხვადასხვა დავალებას აძლევდა დ. ა-ძეს.
ერთ-ერთი შეხვედრის დროს მან დ. ა-ძეს დაავალა ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის ვ. გ-ძის მოკვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე ახლად და-ნიშნული იყო და ხელისუფლების კურსს ატარებდა. მისი მოკვლა კი მიზნად ისა-ხავდა ხელისუფლების შესუსტებას. მართალია, დ. ა-ძე დაეთანხმა თ. ა-ძეს ამ დავალების შესრულებაზე, მაგრამ მაინც გადაწყვიტა შეხვედროდა მის ძმას, თე. ა-ძეს და მასთან გაერკვია, იყო თუ არა აუცილებელი ვ. გ-ძის მოკვლა. ამ მიზ-ნით 1993 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში ის და მისი ჯგუფის წევრი მ. მ-ავა რამდენიმე დღის ლოდინის შემდეგ დაბა მ-ში შეხვდნენ თე. ა-ძეს, რომელმაც უთხრა, რომ ვ. გ-ძე კი არ მოეკლათ, არამედ მოეტაცებინათ. მანვე, დ. ა-ძის თხოვნის თანახმად, მეორე დღეს იმავე ადგილას მათ მიუტანა ორი ავტომატი, ფული და საბრძოლო მასალა.
ამ დავალების შესრულების მიზნით, დ. ა-ძე, თავის ჯგუფთან ერთად, 2 ოქტომბერს ორი ქუჩის გადაკვეთაზე ჩაუსაფრდა ვ. გ-ძეს, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, აუტეხეს მასობრივი სროლა და მოკლეს იგი.
თე. ა-ძე დააკავეს 1993 წლის 4 ოქტომბერს ძმასთან – თა. ა-ძესთან ერთად, გასამართლებულ იქნა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, სსკ-ის 961-ე მუხლით და 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, ერთობლივად მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა.
თა. ა-ძე, დ. ა-ძესთან ერთად, გასამართლებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 1996 წლის 20 სექტემბერს. განაჩენით მას სსკ-ის მე-19 მუხლის მესამე და 67-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ზომა - სიკვდილით დასჯა.
დ. ა-ძეს დანაშაულთა ერთობლიობით, ასევე, მიესაჯა სიკვდილით დასჯა.
დანიშნული სასჯელები შემდეგში ორივეს მიმართ შეიცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
წინამდებარე სისხლის სამართლის საქმე თე. ა-ძის მიმართ აღიძრა 1999 წლის 6 დეკემბერს ვ. გ-ძის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე - სსკ-ის 19,133.1 მუხლით.
საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო 1999 წლის 12 ნოემბერს აჭარის ა/რ ტელევიზიით გადაცემული სიუჟეტი, კერძოდ, ინტერვიუ მსჯავრდებულ დ. ა-ძესთან, რომელმაც 1993 წლის 2 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის ვ. გ-ძის მიმართ ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილედ ამხილა თე. ა-ძე (დ. ა-ძე და თე. ა-ძე მათ მიმართ განაჩენთა გამოტანის დღიდან სასჯელს იხდიან აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში).
სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, კერძოდ, 1999 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება მსჯავრდებულ პირთა შეწყალე-ბის შესახებ. თ. ა-ძე, რომელიც შეწყალებულთა შორის იყო, არ იქნა დაუყოვნებლივ გათავისუფლებული იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ შეწყალების აქტის აღსრულება ჯერ შეაჩერეს, შემდეგ კი გააუქმეს აჭარის ა/რ სასამართლო ორგანოებმა.
1999 წლის 28 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის დადგენილებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება გაუქმდა თუმცა, იმავე დღეს გაიცა ბრძანება თ. ა-ძის მიმართ სამი თვით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
2000 წლის 21 მარტს ბათუმის სასამართლომ გააუქმა გენერალური პროკურატურის სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის მოადგილის 2 მარტის დადგენილება თ. ა-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და განაახლა გამოძიება.
2000 წლის 2 მაისს საქმე საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში და თ. ა-ძეს მსჯავრი დაედო საბრალდებო დასკვნით წარდგენილ დანაშაულთა კვალიფიკაციით.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მსჯავრდებული თე. ა-ძე და მისი ინტერესების დამცველები მოითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. აღნიშნულის დასასაბუთებლად კი საჩივრებში მიუთითებენ შემდეგ მოტივებზე:
ბრალდების ძირითადი მოწმის, 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით სიკვდილმისჯილის და შემდეგში სასჯელის 20 წლით თავისუფლებააღკვეთით შეცვლილი დ. ა-ძის ჩვენებებში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე გაბათილდა, მაგრამ აღნიშნული სათანადოდ არ შეფასდა;
სასამართლომ არ დააკმაყოფილა თე. ა-ძის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი მოწმეების დაკითხვის შესახებ;
სასამართლო შეეცადა საქმეში დაშვებული უხეში კანონდარღვევების დაფარვას, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო 1993 წლის 4 ოქტომბრიდან, მაშინ, როცა წინამდებარე საქმე აღძრულია 1999 წლის 6 დეკემბერს და ამ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა თ. ა-ძეს შეეფარდა 1999 წლის 28 დეკემბრიდან;
თუ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეს საქმე არ იყო 1996 წელს განხილული სისხლის სამართლის საქმის ახლად აღმოჩენილი გარემოება და იგი სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდია, მაშინ რითი აიხსნება დ. ა-ძისა და მისი ბანდის წევრების ამ `ახალი ეპიზოდის~ მაკვალიფიცირებელი მუხლებით დაუსჯე-ლობა, ე. ი. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება;
სათანადოდ არ შეფასდა სახელმწიფო ბრალმდებლის მოქმედება: ორ სასამართლო სხდომაზე იგი საწინააღმდეგო პოზიციებს ამტკიცებდა, 1996 წლის სექტემბერში მოითხოვდა ვ. გ-ძის მკვლელობაში მონაწილე პირთა სიკვდილით დასჯას, ამჟამად კი ამტკიცებდა, რომ მათ არ უნდოდათ მოკვლა და მათი მიზანი მხოლოდ გატაცება იყო;
დაცვის მხარის პოზიციით, განაჩენი უკანონოა, ის დაყრდნობილია უკანონო გზებით მოპოვებულ, ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე, დაუსაბუთებელია, წინააღმდეგობაშია როგორც თავის თავთან, ისე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან;
განაჩენი და ბრალდება დამყარებულია ბანდიტური ჯგუფის ხელმძღვანელის, რამდენჯერმე ნასამართლევ დ. ა-ძის, მისი ჯგუფის ორი წევრის, 15-15 წლით თავისუფლებააღკვეთილ მ. მ-ვას და თ. ჯ-ძის ჩვენებებზე, რომლებიც საქმის შედეგით დაინტერესებულნი არიან; დაცვა, აგრეთვე, მიიჩნევს, რომ ბრალდების ხელოვნურად შექმნას ხელი შეუწყო მსჯავრდებულ პირთა სასჯელის არასათანადო ადგილზე მოხდამ. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენებით თე. და დ. ა-ძეებს გან-საზღვრული აქვთ სასჯელის მოხდის რეჟიმის კანონით გათვალისწინებული სახეები, ისინი სასჯელს იხდიან აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში. მიუხედავად იმისა, რომ თ. ა-ძე გატარებულ იყო რეგისტრაციაში პრეზიდენტობის კანდიდატად, მას არ მიეცა ჟურნალისტებთან შეხვედრის საშუალება, რის საწინააღმდეგოდ ინტერვიუ ჩამოერთვა დ. ა-ძეს. ეს გათვალისწინებული იყო თე. ა-ძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის გასამართლებლად, მაშინ როცა უშიშროების საგამოძიებო იზოლატორში მყოფ დ. ა-ძეს შეეძლო პირდაპირი, კანონიერი გზით განეცხადებინა დანაშაულში თე. ა-ძის მონაწილეობის შესახებ;
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ დადგენილად ჩათვალეს, რომ დ. და თე. ა-ძეებს შორის იყო ნორმალური ნათესაური ურთიერთობა, რითაც გამორიცხეს დ. ა-ძის მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი თ. ა-ძის მიმართ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მათ შორის იყო არაჯანსაღი დამოკიდებულება: დ. ა-ძეს არ დაუფარავს აღშფოთება თ. ა-ძის შეწყალების გა-მო და დაცვას მიაჩნია, რომ თუ ისინი ნორმალურ ურთიერთობაში მყოფი ნათესა-ვები იყვნენ, რატომ აღშფოთდა დ. ა-ძე. აღნიშნულ გარემოებას კი კრიტიკული შეფასება არ მისცემია წინასწარი და სასამართლო გამოძიების პროცესში;
დაცვა უთითებს იმის შესახებ, რომ წინასწარი გამოძიების და განაჩენის მიერ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი: კერძოდ, როგორ შეიძლებოდა ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის მძევლად აყვანით ან თუნდაც მოტაცებით, ბ-ს მერის ძალაუფლების განმტკიცება;
საკასაციო საჩივარში მითითებულია იმის შესახებაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით უარყოფილ იქნა რა დ. ა-ძის და მისი ბანდიტური ჯგუფის წევრების ვერსია ვ. გ-ძეზე მოტაცების მიზნით თავდასხმის შესახებ და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ. ა-ძე და მისი ჯგუფი მიზნად ისახავდა ვ. გ-ძის მოკვლას, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ წინამდებარე განაჩენმა დადასტურებულად ჩათვალა, რომ თე. ა-ძემ ბანდიტურ ჯგუფს მისცა ვ. გ-ძის მოტაცების დავალება, თუმცა, იგი მოკლულ იქნა `გაუთვალისწინებელი შემთხვევის~ გამო;
სასამართლოს და, მითუმეტეს წინასწარ გამოძიებას, საერთოდ არ გაურკვევიათ რა იყო ის `გაუთვალისწინებელი შემთხვევა~, რაც მიზეზი გახდა ვ. გ-ძის განადგურებისა, - მითითებულია საჩივარში.
დაცვის მხარის აზრით, საერთოდ არ შემოწმებულა ვერსია იმის თაობაზე, რომ თუ თე. ა-ძეს მიცემული ჰქონდა ვ. გ-ძის მოტაცების დავალება, ეს უფრო იოლი შესასრულებელი არ იქნებოდა 1993 წლის 1 ოქტომბერს? როცა ვ. გ-ძის მანქანაში მისი ცოლშვილიც იმყოფებოდა, იგი პარალიზებული იქნებოდა ცოლშვილის ბედით წინააღმდეგობის გაწევისას. აქედან გამომდინარე, დაცვა თვლის, რომ მძევლად აყვანის ვერსია მოგონილია და, ასევე, მოგონილია მასში თე. ა-ძის მონაწილეობაც;
ადვოკატის აზრით, არადამაჯერებელია მოწმე მ. მ-ავას ჩვენება იმის შესახებ, თითქოს იგი ერთ მეტრში მდგომ ავტომანქანასთან (სადაც ისხდნენ თე. და დ. ა-ძეები) ისმენდა თე. ა-ძის საუბარს - დავალებას ვ. გ-ძის არა მოკვლის, არამედ მძევლად აყვანის შესახებ, რადგანაც შეუძლებელია, ის არ შეენიშნა თე. ა-ძეს და არ მორიდებოდა ამ თემაზე სხვათა დასწრებით საუბარს;
დაცვის აზრით, მოწმეების - მ. მ-ავას და თ. ჯ-ძის ჩვენებების სიცრუეზე, არადამაჯერებლობაზე მეტყველებს ის Gფაქტი, რომ მათი ჩვენებები თე. და დ. ა-ძეების შეხვედრის, იარაღის, საბრძოლო მასალის და ფულის გადაცემის ნაწილში ურთიერთსაწინააღმდეგოა. არადამაჯერებელია მათი ჩვენებები იმასთან დაკავშირები-თაც, რომ თითქოს არ იცოდნენ, თუ რა შედეგი მოჰყვა რეალურად მათ მოქმედებას, ამბის გასარკვევად და ძმებთან შესახვედრად წავიდნენ მახინჯაურში, სადაც ერ-თი სახლის აივანზე დაინახეს თ. და თა. ა-ძეები, რომელთა საუბრიდანაც შეიტყვეს ვ. გ-ძის გარდაცვალების შესახებ;
დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ არავითარი შეფასება არ მისცა და განაჩენში საერთოდ არ მოიხსენია მოწმეთ. თ-ძის ჩვენება იმის შესახებ, რომ შემთხვევის ღამეს იგი იმყოფებოდა თე. ა-ძის ბინაში, ქ. ბათუმში, პირადად ესა-უბრა მას, და ამდენად, თ. ა-ძე არ შეიძლებოდა ერთდროულად ყოფილიყო მა-ხინჯაურშიც და ბათუმშიც. დაცვას, ასევე, მიაჩნია, რომ განაჩენით არაა დადგენილი, კონკრეტულად რაში ცნო სასამართლომ თ. ა-ძე დამნაშავედ.
საკასაციო პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, პროკურორის პოზიცია, რომელმაც საქმის წარმოებით შეწყვეტას დაუჭირა მხარი, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, განაჩენის კანონიერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და თ. ა-ძის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი და სასამართლო გამოძიება მოცემულ საქმეზე წარმოებულია კანონიერების უხეში დარღვევით. საქმეში არ მოიპოვება ის უტყუარი მტკი-ცებულებები, რომლებსაც უნდა ეყრდნობოდეს გამამტყუნებელი განაჩენი, ის წინააღმდეგობრივია, ეფუძნება სავარაუდო და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს და საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთა კანონის დარღვევით მიღებულ ჩვენებებს.
მსჯავრდებული თ. ა-ძე წინასწარი და სასამართლო გამოძიების პროცესში წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მიუთითებდა, რომ მის მიმართ ბრალდება ინსპირირებულია და დაინტერესებულ პირთა მსხვერპლია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის ზემოაღნიშნული ვერსია საქმის მასალებით უარყოფილი არ არის. დადგენილია, რომ დ. ა-ძეს, რომელიც თა. ა-ძესთან ერთად მსჯავრდებულ იქნა 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, და რომელიც ვ. გ-ძეზე განხორციელებულ თავდასხმაში კატეგორიულად ამხელდა თა. ა-ძეს, მაშინ არ მიუთითებია ამ დანაშაულში თ. ა-ძის მონაწილეობის შესა-ხებ. ამის თაობაზე მან განცხადება გააკეთა (ინტერვიუ მისცა) 1999 წლის 12 ნოემბერს აჭარის ა/რ ტელევიზიით, ე.ი. შემთხვევიდან 6 წლისა და ერთი თვის შემდეგ. იგი აშკარად და დაუფარავად მიუთითებს იმის შესახებ, რომ განაწყენებული და აღშფოთებულია თე. ა-ძის შეწყალების გამო, რომლის პიროვნება უნდათ “უცოდველ კრავად~ წარმოაჩინონ.
ყოველივე ეს წინასწარ და სასამართლო გამოძიების ორგანოებს ავალდებულებდა, კრიტიკულად შეეფასებინათ მისი ჩვენება, გამოერიცხათ ის წინააღმდეგობა, რაც არსებობდა ამჟამად მიცემულ და 1996 წლის სექტემბრის თვეში ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის, დეტალურად გამოერკვიათ, რა უშლიდა ხელს დ. ა-ძეს ჩადენილ დანაშაულში თავის დროზე ემხილებინა თ. ა-ძეც, მითუმეტეს ეს უკანასკნელი იმ პერიოდისათვის არ იყო თავისუფლებაში მყოფი პირი, არამედ უკვე მსჯავრდებული იყო.
წინასწარი და სასამართლო ორგანოები ხაზგასმით მიუთითებენ იმის თაობაზე, რომ დ. და თ. ა-ძეებს შორის იყო ჯანსაღი დამოკიდებულება, რითაც ცდილობენ, უარყონ დ. ა-ძის მხრიდან რაიმე პირადი ინტერესის არსებობის ფაქტი, მაგრამ საქმის მასალებით დადგენილია საწინააღმდეგო, რაც გამორიცხავს დ. ა-ძის ჩვენების, როგორც სწორის და უტყუარის გაზიარების შესაძლებლობას.
თ. ა-ძე ამ არაჯანსაღი ურთიერთობის საფუძვლად ასახელებს დ. ა-ძის იძულებას მამის სასაფლაოს გვერდით მომიჯნავე ადგილიდან, მისი მამის, რ. ა-ძის გადასვენებაზე. აღნიშნული გარემოება არ არის უარყოფილი თვით დ. ა-ძის ჩვენებებით, რომლებიც მიცემულია 1999 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე. ამი-ტომაც მისი ამჟამინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ არავითარი პირადი ინტერესი თ. ა-ძის მიმართ არ გააჩნია, საქმის მასალებს ეწინააღმდეგება, რაც კრიტიკული შეფასების საგანია.
პალატა აღნიშნავს იმის შესახებ, რომ არ შეიძლება თე. ა-ძის მსჯავრდების საფუძვლად დ. ა-ძის იმ ჩვენების გაზიარება, რომელიც შემთხვევიდან ექვსი წლის შემდეგაა მიცემული. იგი დაუფარავად ავლენს მისი შეწყალების ფაქტის გამო უარყოფით დამოკიდებულებას. მითუმეტეს, მტკიცებულების ძალა არ გააჩნია მასთან ერთად მსჯავრდებულ პირთა - მ. მ-ავასა და თ. ჯ-ძის ჩვენებებს, რომ-ლებსაც ფიზიკურად თე. ა-ძე არც კი უნახავთ და მასთან ურთიერთობის თაობაზე იცოდნენ მხოლოდ დ. ა-ძის გადმოცემით. წინააღმდეგობრივია მათი ჩვენებების შინაარსი იარაღის - ავტომატების, საბრძოლო მასალის და ფულის მოთხოვნის და თ. ა-ძის მხრიდან დ. ა-ძისათვის გადაცემის ნაწილში.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეს პირებიც კატეგორიულად მიუთი-თებდნენ დანაშაულში თა. ა-ძის და არა თე. ა-ძის მონაწილეობაზე 1996 წლის 20 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმის განხილვისას.
წინააღმდეგობრივია მტკიცებულებები თ. ა-ძის მიერ დ. ა-ძის ბანდიტურ ჯგუფზე ორი ცალი ავტომატური იარაღის გადაცემის ნაწილში, რაც საბრალდებო დასკვნით და განაჩენით შეფასების გარეშე იქნა დატოვებული და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე - გაზიარებული, თითქოს ორი ცალი ავტომატი თე. ა-ძემ გადასცა დ. ა-ძეს დავალების შესასრულებლად.
საქმის მასალებით და, უპირველესად, დ. და თა. ა-ძეების ბრალდების საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. გ-ძეზე განხორციელებულ თავდასხმამდე დ. ა-ძის ბანდიტურ ჯგუფს ჰქონდა ოთხი ერთეული ავტომატური იარაღი, რომელთა წარმომავლობაც იმ საქმის მასალებით, კერძოდ, მათივე აღიარებითი ჩვენებებით, ამოღების ოქმებით და ა. შ. არის დადგენილი.
აქედან გამომდინარე, დ. ა-ძის, მ. მ-ავას და თ. ჯ-ძის ჩვენება თე. ა-ძის მიერ 2 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მათთვის გადაცემის შესახებ, უსაფუძვლოა, რაც თავისთავად გამორიცხავს დავალების მიცემასაც.
უფრო მეტიც: საბრალდებო დასკვნაში ისე მექანიკურად იქნა ამ პირთა ჩვენებები დაფიქსირებული, რომ მათში არსებული წინააღმდეგობა არც კი გარკვეულა. დ. ა-ძის ჩვენების მიხედვით, დავალების მიცემის შემდეგ თე. ა-ძე შეეკითხა, ხომ არაფერი სჭირდებოდა, რის შემდეგაც მან უპასუხა, რომ იარაღი და ფული სჭირდებოდა.
მ. მ-ავას ჩვენების მიხედვით, თე. ა-ძეს, პირიქით, დ. ა-ძემ სთხოვა ავტომატებისა და ვაზნების მიტანა, ისე, რომ თე. ა-ძეს არაფერი უკითხავს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ერთი შეხედვით, ეს პატარა დეტალიც არადამაჯერებლობის ელფერს სძენს მათ ჩვენებებს და მათ რეალობას ეჭვის ქვეშ აყენებს.
ასევე უსაფუძვლოა მათივე ჩვენებები თე. ა-ძის მიერ 3000 დოლარის გადაცემის შესახებ. დ. ა-ძე, რომელიც თა. ა-ძეს კატეგორიულად ამხელდა დანაშაულში 1996 წლის სექტემბერში, მიუთითებდა, რომ `კოლხიდისათვის~ სჭირდებოდა 3000 დოლარი, რაც სთხოვა თე. ა-ძეს, მაგრამ მან არ მისცა.
ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია დ. ა-ძის და მისი ჯგუფის წევრების განცხადება იმის შესახებ, რომ არ იცოდნენ, თუ რა შედეგი მოჰყვა ვ. გ-ძეზე თავდასხმას და ძმებთან შესახვედრად და ამბის გასაგებად წავიდნენ მახინჯაურში, სადაც ღამის სიბნელეში, ერთ-ერთი სახლის აივანზე, შენიშნეს თა. და თე. ა-ძეები, რომელთა საუბრიდანაც შეიტყვეს ვ. გ-ძის გარდაცვალების შესახებ.
აღნიშნული ფაქტის არარსებობას, გარდა მისი არადამაჯერებლობისა, ამ-ტკიცებს წინა სასამართლო სხდომაზე მიცემული თვით დ. ა-ძის ჩვენება, სადაც იგი განმარტავდა, რომ თა. ა-ძეს არ შეხვედრია ვ. გ-ძეზე თავდასხმის შემდეგ.
ის გარემოება, რომ ამგვარი ფაქტი არ მომხდარა და, მაშასადამე, დ. ა-ძე, მ. მ-ავა და თ. ჯ-ძე ვერც მოსაუბრე ძმებს დაინახავდნენ, გაბათილებულია მოწმე თ. თ-ძის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის ღამეს იგი იმყოფებოდა თე. ა-ძის ოჯახში, ქ. ბათუმში, რა დროსაც ეს უკანასკნელი სახლში იყო და მათ საუბარი ჰქონდათ ვ. გ-ძის მკვლელობის თაობაზე.
ამდენად, თე. ა-ძე ერთდროულად ვერ იქნებოდა ქ. ბათუმშიც და დაბა მა-ხინჯაურშიც. უფრო მეტიც, დ. ა-ძის ბრალდების საქმეზე 1996 წლის 20 სექ-ტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ მან და მისმა ჯგუფმა თა. ა-ძის წაქეზებით სისრულეში მოიყვანეს მისი დავალება ვ. გ-ძის მკვლელობის შესახებ. დადგენილია ისიც, რომ ვ. გ-ძის და მისი დაცვის მხრიდან არავითარ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, აუტეხეს მასიური სროლა და მოკლეს იგი, ე.ი. დ. ა-ძე და მისი ჯგუ-ფი მოქმედებდა რა ვ. გ-ძის მოკვლის განზრახვით, დავალების შესრულების შემ-დეგ დარწმუნებულნი იყვნენ მის სიკვდილში და ამიტომაც საფუძველს მოკლებულია მათი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვ. გ-ძის დაღუპვის ფაქტი ცნობილი გახდა ძმების საუბრიდან და ამდენად, არასწორია მათი ჩვენებები საერთოდ ძმების საუბრის მოსმენის შესახებაც. ამასთან, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია იმის წარმოდგენაც კი, რომ პოლიციის უფროსის თავდასხმაში მონაწილე ძმები ღამის სიბნელეში დაიწყებდნენ საქმის გარჩევას და ამ ფაქტზე საუბარს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული უთითებს იმაზე, რომ საბრალდებო დასკვნა და განაჩენი ემყარება მხოლოდ და მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთა ჩვენებებს და მეტი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ თე. ა-ძეს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
გარდა ზემო თქმულისა, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველს იძლევა წინასწარი და სასამართლო გამოძიების ეტაპზე თე. ა-ძის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მოთხოვნათა უხეში დარღვევების ფაქტების არსებობა, რაც შემდეგში გამოიხატა:
1999 წლის 6 დეკემბერს თე. ა-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვ. გ-ძის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე - სსკ-ის 19,1331 მუხლით.
1999 წლის 11 დეკემბერს თე. ა-ძე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა იმ საფუძვლით, რომ მან ძმასთან, თა. ა-ძესთან ერთად, პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, დაგეგმა და ორგანიზაცია გაუკეთა ხელ-ვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის – ვ. გ-ძის მოტაცებას.
2000 წლის 6 მარტს პროკურატურის გამომძიებელმა არ დააკმაყოფილა თე. ა-ძისა და მისი ინტერესების დამცველის შუამდგომლობა. უსაფუძვლობის გამო უარი უთხრა იმ პირებთან დაპირისპირებაზე, რომლებიც მას დანაშაულის ჩადენაში ამხელდნენ, მიუთითა, რომ ამ მოთხოვნით ბრალდებული და მისი ადვო-კატი მიზნად ისახავენ გამოძიების გაჭიანურებას, მიუთითა ისიც, რომ ამ ბრალდებას არავითარი კავშირი დ. ა-ძისა და სხვათა ბრალდების საქმესთან არ ჰქონდა და არც აჭარის ა/რ ტელევიზიიდან ძმები ა-ძეების და ვ. გ-ძის კონფლიქტურ ურთიერთობაზე არსებული მასალის გამოთხოვა იყო საფუძვლიანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამით წინასწარმა გამოძიებამ დაარღვია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები და გამოიჩინა პიროვნული დაინტერესება თე. ა-ძის საქმისადმი, თავი აარიდა რა წარმოდგენილი ვერსიების სრულყოფილ შემოწმებას.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრალდება ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. 1999 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ თა. ა-ძემ წააქეზა დ. ა-ძე, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზ-ნით, მის სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მოეკლა ვ. გ-ძე, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი.
წინამდებარე ბრალდება მიიჩნევს, რომ თე. ა-ძემ ძმასთან, თა. ა-ძესთან ერთად, პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, დაგეგმა და ორგანიზაცია გაუკეთა ვ. გოგიტიძის მოტაცებას, მაშინ, როცა თა. ა-ძეს ეს ბრალდება წარდგენილი არ ჰქონია. მას ბრალი დაედო მკვლელობის ორგანიზაციაში.
2000 წლის 21 მარტს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა რა საქართველოს გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართვე-ლოს უფროსის მოადგილის 2000 წლის 2 მარტის დადგენილება თე. ა-ძის მი-მართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, გამოიტანა სამართლებრივად აშკარად უკანონო დადგენილება და საბრალდებო დასკვნა კანონიერად მიიჩნია, რისი გადაწყვეტის უფლებაც მას კანონით მინიჭებული არ ჰქონია.
გარდა ზემო თქმულისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენი თე. ა-ძის მიმართ როგორც დაუსაბუთებელი, ისევე უკანონოა, რამდენადაც წინააღმდეგობაშია თავის დასკვნებთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. განაჩენით მიჩნეულია, რომ ეს საქმე, თუმცა, რამდენადმე უკავშირდება 1996 წლის 20 სექტემბერს განხილულ თა. და დ. ა-ძეების ბრალდების საქმეს, მაგრამ არის სულ სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდი. თუმცა, მასვე დადგენილად მიაჩნია, რომ თე. ა-ძის ბრალი, სხვა გარემოებებთან ერთად, დადასტურებულია 1996 წლის 20 სექტემბრის უკვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
განაჩენში საერთოდ არაა ახსნილი, როგორ დასტურდება თე. ა-ძის ბრალი იმ განაჩენით, რომლითაც დ. ა-ძე და სხვები არიან მსჯავრდებულნი, თანაც თა. ა-ძის დავალებით, საქართველოს ხელისუფლების შესუსტების მიზნით, მის სახელმწიფო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის უფროსის – ვ. გ-ძის განზრახ მკვლელობისათვის, მაშინ, როცა თე. ა-ძეს წინამდებარე განაჩენით მსჯავრი დაედო ვ. გ-ძის მოტაცების ორგანიზებაში.
ამდენად, აღნიშნულის თაობაზე ეს დასკვნები განაჩენში ურთიერთსაწინა-აღმდეგოა და, ამ დასკვნებიდან გამომდინარე, განაჩენი უკანონოა, რადგანაც ჩნდება კითხვა: თვით განაჩენს ხომ არ მიაჩნია, რომ ეს საქმე სხვა დანაშაულებრივ ეპიზოდს არ წარმოადგენს.
სხვა ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რეალურადაც რომ ჰქონოდათ მათ ადგილი, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა თე. ა-ძისათვის საბრალდებო დასკვნით ბრალად შერაცხულ ქმედებებს, კერძოდ: მისი მოქმედება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში გადააკვალიფიცირა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილზე, მაგრამ კონკრეტულად არ მიუთითა ამ ნაწილის ქვეპუნქტზე, რის გამოც გაურკვეველია, თუ რომელი დამამძიმებელი გარემოება არის განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 143-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული არც ერთი დამამძიმებელი გარემოება თე. ა-ძეს საბრალდებო დასკვნით შერაცხული არ ჰქონია - არც ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და არც ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ამდენად, თუ სასამართლო კოლეგია საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საკმარისად ჩათვლიდა თე. ა-ძის ბრალდების დასადასტურებლად, მაშინ მას თ. ა-ძის ქმედება უნდა დაეკვალიფიცირებინა არა 143-ე მუხლის მესამე, არამედ ამავე მუხლის მეორე ნაწილით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თე. ა-ძეს 143-ე მუხლის მესამე ნაწილი წარდგენილი აქვს ამავე კოდექსის 24-ე მუხლზე მითითებით, როგორც ამ დანაშაუ-ლის ორგანიზატორი და სასჯელი განსაზღვრული აქვს დამთავრებული დანაშაული-სათვის, მაშინ, როცა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შემადგენლობა არ განხორციელებულა, ე.ი. დავალება არ შესრულებულა და ქმედება განაჩენში მი-თითებულ ფაქტობრივ გარემოებათა მიხედვით, არ გასცდენია მომზადების ან მცდელობის სტადიას. სსკ-ის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, თუ ამ-სრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებასა ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწი-ლეობისათვის. ამ მომენტის ხაზგასმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასჯელის განსაზღვრისას, რამეთუ სსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, დანაშაულის მომზადებისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული, ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის ნახევარს, ხოლო დანაშაულის მცდელობისათვის - სამ მეოთხედს.
სასამართლო კოლეგიამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, უგულველყო თანამონაწილეობის დასჯადობის ისეთი ფუნდამენტური პრინციპი, როგორიცაა თანამონაწილეობის აქცესორული ბუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამონაწილის პასუხისმგებლობა დამოკიდებულია ამსრულებლის პასუხისმგებლობაზე, კერძოდ: საბრალდებო დასკვნამ და სასამართ-ლოს განაჩენმა ისე მიიჩნიეს თე. ა-ძე დანაშაულის თანამონაწილედ, კერძოდ, ორგანიზატორად და განაჩენმა ისე განუსაზღვრა სასჯელი, რომ, ჯერ ერთი, სა-ერთოდ არაა ახსნილი, რაში გამოიხატა მისი როგორც ორგანიზატორის როლი. ამის თაობაზე არც საბრალდებო დასკვნასა და არც განაჩენში არაფერია ნათქვამი და მეორეც, არც დამდგარა საკითხი დანაშაულის ამსრულებლის პასუხისმგებლობის შესახებ თუ ვინ არის ამსრულებელი.
1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენითაც არ დასმულა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ამსრულებლის პასუხისმგებლობის საკითხი, არც განსახილველი სისხლის სამართლის საქმის საბრალდებო დასკვნა ცნობს ვინმეს ამ დანაშაულის ამსრულებლად.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის რა, რომ ამსრულებლის პასუხისმგებ-ლობის გარეშე ვერ დადგებოდა თანამონაწილის პასუხისმგებლობის საკითხი, განაჩენი ამ მხრივაც უკანონოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლო კოლეგიას დადგენილადაც რომ მიეჩნია ბრალდება ამ ნაწილში, იგი სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისითაც უკანონოა, რაც წარდგენილი ბრალდების მოხსნის საფუძველია.
პალატა, ასევე, თვლის, რომ განაჩენმა არასწორად დააკვალიფიცირა თე. ა-ძის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით, ამავე კოდექსის მე-19 მუხლზე მითითებით.
თუ სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება სა-მართლებრივად არასწორია, მაშინ მისი ქმედების 19,78-ე მუხლით დაკვალიფიცირე-ბაც არ იქნება სწორი, ვინაიდან თე. ა-ძეს საქმის მასალების მიხედვით ბანდიტური ჯგუფის მოქმედებასთან აკავშირებს მხოლოდ ერთი ეპიზოდი, რისთვისაც მას სასჯელი განესაზღვრა როგორც ბანდიტიზმის დამხმარეს. თუ თე. ა-ძე არ არის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის თანამონაწილე, მაშინ იგი არც ბანდიტიზმის დახმარებისათვის არ შეიძლება მიცემულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი თე. ა-ძის მიმართ უკანონოა, ის უნდა გაუქმდეს, საქმე წარმოებით შეწყდეს და თე. ა-ძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
საკასაციო პალატა ერთხელ კიდევ აღნიშნავს იმის შესახებ, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიების პროცესში თე. ა-ძის მიმართ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მხრიდან დაუსაბუთებელ და უკანონო მოქმედებებს, რითაც დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები, რის გამოც თე. ა-ძეს აქვს უფლება, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საქართველოს სსსკ-ის 28-ე თავში მითითებული წესით.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის VIII ნაწილით, ამავე კოდექსის 561-ე, 562-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს:
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი თ. ა-ძის მიმართ და საქმე წარმოებით შეწყდეს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
თე. ა-ძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
განემარტოს გამართლებულ თ. ა-ძეს, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.