დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 19კოლ 12 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გვენეტაძე
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორ მ. კ-ძის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც გ. დ-ია, შპს “ვერას” დირექტორი, _ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით და, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ამავე განაჩენით გ. დ-ია 1960 წლის რედაქციის საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო ამავე კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში მის მიმართ საქმე შეწყდა.
საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გ. დ-იას მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საბრალდებო დასკვნით გ. დ-იას ბრალი ედებოდა შემდეგში: 1998 წლის 10 მარტს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდმა და, მეორე მხრივ, შპს “ვერას” გენერალურმა დირექტორმა გ. დ-იამ დადეს საინვესტიციო საქმიანობაზე ხელშეკრულება ¹ 9, რის მიხედვითაც “ინვესტორი” - მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდი განახორციელებდა 75.188 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში 100.000 ლარის ინვესტირებას შპს “ვერა”-ზე, რომლის მიზანი იყო გურჯაანის რაიონის ტერიტორიაზე არსებული თევზსარეწი მეურნეობის ამუშავება. საინვესტიციო თანხის გაცემა უნდა მომხდარიყო ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე - 70.000 ლარი, მეორე ეტაპზე კი - 30.000 ლარი. ხელშეკრულების პირველი ეტაპის განხორციელების ვადად განისაზღვრა 1998 წლის 10 მარტი, ხოლო მეორე ეტაპის განხორციელების ვადად კი - “ინვესტიციის მიმღების” მიერ პირველ ეტაპზე განსაზღვრული სამუშაოების შესრულებაზე “ინვესტორთან” ანგარიშის წარმოდგენის შემდგომი დრო.
ინვესტიციის მიღების მიზნით, გ. დ-იამ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდს წარუდგინა ბიზნეს-გეგმა, რომლის მიხედვითაც ფირმას, ოცწლიანი კონტრაქტის საფუძველზე, და შემდგომ მისი გამოსყიდვის უფლებით, იჯარით აღებული აქვს 10 ჰექტარი ფართის მიწის ნაკვეთი გურჯაანის რაიონში, რომელზეც განლაგებულია სატბორე მეურნეობა. ბიზნეს-გეგმის მიხედვით, შპს “ვერას” სატბორე მეურნეობის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 380.000 ლარი. აქედან შესრულებულია 336.000 ლარის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. მათ შორის, 56.000 ლარი საჭიროა ამ სამუშაოთა დაფარვისათვის, ხოლო ტბორის ექსპლოატაციაში გასაშვებად საჭიროა 44.000 ლარი.
1998 წლის 11 მარტს მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდიდან შპს “ვერას” საბანკო ანგარიშზე, რომელიც გახსნილი ჰქონდა გაერთიანებული ქართული ბანკის თბილისის რეგიონული ფილიალის მეტროპოლიტენის განყოფილებაში, ჩაირიცხა 70.000 ლარი. 1998 წლის 12 მარტს გ. დ-იამ ბანკიდან გამოიტანა 69.650 ლარი, რაც ბიზნეს-გეგმის და საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, უნდა მოეხმარებინა სატბორე მეურნეობის სარემონტო სამუშაოებისათვის, მაგრამ გ. დ-იას არ ჩაუტარებია არავითარი სამუშაოები. მან თანხა გაიტაცა თაღლითობით.
ხელშეკრულებით ინვესტიციის მეორე ეტაპზე 30.000 ლარი შპს “ვერას” ანგარიშზე გადაერიცხებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფირმის დირექტორი გ. დ-ია მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეკრულების ფონდში წარადგენდა სრულ ანგარიშს პირველ ეტაპზე განსაზღვრული სამუშაოების შესრულების თაობაზე. ვინაიდან პირველ ეტაპზე მიღებული თანხა - 70.000 ლარი გ. დ-იას ჰქონდა გატაცებული, მან, წინასწარი შეცნობით, გააკეთა აღნიშნული 70.000 ლარის ხარჯვის ყალბი დოკუმენტები მის მიერ მოგონილ პიროვნებებზე - ვინმე რ. მ-შვილსა და გ. ა-შვილზე. კერძოდ, გ. დ-იამ ყალბად შეადგინა ხელშეკრულება ¹ 9, დათარიღებული 1997 წლის 12 ნოემბრით, რის მიხედვითაც, შპს “ვერა” უკვეთავს ქ. გურჯაანში მცხოვრებ რ. მ-შვილს სატბორე მეურნეობის წყალსადენის მოსაწყობად სამუშაოების შესრულებას, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 56.000 ლარს. ხელშეკრულებას რ. მ-შვილის გვარით ხელი მოაწერა გ. დ-იამ. მან, ასევე, ყალბად შეადგინა შპს “ვერას” სალაროს გასავლის ორდერი ¹ 1, დათარიღებული 1998 წლის 16 მარტით, რომელშიც აჩვენა, რომ თითქოს რ. მ-შვილმა შპს “ვერას” სალაროდან მიიღო 56.000 ლარი. აღნიშნული დოკუმენტი გ. დ-იამ დაადასტურა თავისი ხელმოწერით და ფირმის მრგვალი ბეჭდით, აგრეთვე, ხელი მოაწერა რ. მ-შვილის და მოლარის ნ. დ-იას ნაცვლად. გ. დ-იამ გააკეთა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი ¹ 219, დათარიღებული 1998 წლის 17 მარტით, სამუშაოთა მწარმოებელ რ. მ-შვილის მიერ შესრულებულ სამუშაოზე. აღნიშნული აქტი გ. დ-იამ დაადასტურა ხელმოწერით და ფირმის მრგვალი ბეჭდით, ხოლო რ. მ-შვილის გვარით თვითონ მოაწერა ხელი.
გ. დ-იამ გააკეთა ყალბი ხელშეკრულება ¹ 14, დათარიღებული 1998 წლის 3 თებერვლით, რომლის მიხედვითაც ფირმა უკვეთავს გ. ა-შვილს 2800 კგ. ბრტყელშუბლა ლიფსიტის შეძენას. სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრება 14.000 ლარით. ყალბი ხელშეკრულება გ. დ-იამ დაადასტურა ხელმოწერით და ფირმის მრგვალი ბეჭდით, აგრეთვე გ. ა-შვილის გვარით მოაწერა ხელი. გ. დ-იამ გააკეთა ყალბი ფირმის სალაროს გასავლის ორდერი ¹ 2, დათარიღებული 1998 წლის 17 მარტით, სადაც ყალბად აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების ¹ 3/14 აქტის საფუძველზე, ფირმის სალაროდან 14.000 ლარი მიიღო გ. ა-შვილმა, იქვე მიუთითა გ. ა-შვილის ყალბი საპასპორტო მონაცემები. სალაროს გასავლის ორდერი გ. დ-იამ დაადასტურა ხელმოწერით და ფირმის მრგვალი ბეჭდით, ასევე, გ. ა-შვილის გვარით და მოლარის - ნ. დ-იას მაგივრად მოაწერა ხელი.
გ. დ-იამ გააკეთა რა ინვესტიციის პირველ ეტაპზე მიღებული 70.000 ლარის ხარჯვის ყალბი დოკუმენტები, წარადგინა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდში, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ განხორციელდა ინვესტიციის მეორე ეტაპი.
1998 წლის 25 მარტს მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდიდან შპს “ვერას” საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 29.900 ლარი. იმავე დღეს გ. დ-იამ ბანკიდან მიიღო 29.750 ლარი.
გ. დ-იამ თაღლითური გზით მიიღო რა ინვესტიციის მეორე ეტაპზე 29.750 ლარი, აღნიშნული თანხაც გაიტაცა და გააკეთა თანხების ხარჯვაზე ყალბი დოკუმენტები. კერძოდ, მან გააკეთა თანხების ხარჯვაზე ყალბი დოკუმენტები, ხელშეკრულება ¹ 16, რაც დათარიღებულია 1998 წლის 20 აპრილით. ხელშეკრულებით ფირმა უკვეთავს გ. ა-შვილს სატბორე მეურნეობისათვის 4.250 ლარად ღირებულ, 8 ტონა თევზის საკვებს. აღნიშნული ყალბი ხელშეკრულება გ. დ-იამ დაადასტურა ხელმოწერით და ფირმის მრგვალი ბეჭდით, ასევე, გ. ა-შვილის გვარით. გ. დ-იამ გააკეთა ყალბი სალაროს გასავლის ორდერი ¹ 4, დათარიღებული 1998 წლის 20 აპრილით, სადაც ყალბად ჩაწერა, რომ გ. ა-შვილმა ფირმის სალაროდან მიიღო 4250 ლარი. დოკუმენტი გ. დ-იამ დაადასტურა ხელმოწერით, ასევე, გ. ა-შვილის გვარით და მოლარე ნ. დ-იას მაგივრად თავად მოაწერა ხელი.
გ. დ-იამ გააკეთა ყალბი აქტი, დათარიღებული 1998 წლის 30 მაისით, რომელშიც ჩაწერა, რომ 1998 წლის 28 მაისს სატბორე მეურნეობის ჯებირი გაირღვა, რასაც შედეგად მოჰყვა 2800 კგ. ბრტყელშუბლა ლიფსიტის დაღუპვა. ზარალმა შეადგინა 14.000 ლარი. აღნიშნული ყალბი აქტი გ. დ-იამ დაადასტურა ხელმოწერით და ფირმის მრგვალი ბეჭდით, ხოლო რ. მ-შვილის მაგივრად თვითონ მოაწერა ხელი.
გ. დ-იამ გააკეთა ყალბი ხელშეკრულება ¹ 19, დათარიღებული 29 სექტემბრით (წელი მინიშნებული არ არის), რომლის მიხედვითაც ფირმა უკვეთავს გ. ა-შვილის 2800 კგ. ბრტყელშუბლა ლიფსიტის შეძენას. ღირებულება განისაზღვრა 16.000 ლარით. აღნიშნული ყალბი ხელშეკრულება გ. დ-იამ დაადასტურა ხელმოწერით და ფირმის მრგვალი ბეჭდით, ხოლო გ. ა-შვილის გვარით თვითონ მოაწერა ხელი. გ. დ-იამ გააკეთა ყალბი ფირმის სალაროს გასავლის ორდერი ¹ 5, დათარიღებული 1998 წლის 29 სექტემბრით, სადაც ყალბად ჩაწერა, რომ გ. ა-შვილმა ფირმის სალაროდან 1998 წლის 29 სექტემბერს მიიღო 16.000 ლარი. იქვე ყალბად ჩაწერა გ. ა-შვილის საპასპორტო მონაცემები. დოკუმენტი დაადასტურა თავისი ხელმოწერით, აგრეთვე, გ. ა-შვილის გვარით და მოლარის ნ. დ-იას მაგივრად თვითონ მოაწერა ხელი.
გ. დ-იამ გააკეთა ყალბი ფირმის სალაროს გასავლის ორდერი ¹ 3, დათარიღებული 1998 წლის 27 მარტით, სადაც ყალბად ჩაწერა, რომ რ. მ-შვილმა, მიღება-ჩაბარების ¹ 2/10 აქტის საფუძველზე, ფირმის სალაროდან მიიღო 9.500 ლარი. იქვე ჩაწერა რ. მ-შვილის ყალბი საპასპორტო მონაცემები. დოკუმენტი დაადასტურა თავისი ხელმოწერით, აგრეთვე, რ. მ-შვილის გვარით და მოლარე ნ. დ-იას მაგივრად თვითონ მოაწერა ხელი.
გ. დ-იამ წინასწარი შეცნობით გააკეთა მის მიერ მოგონილ პიროვნებებზე - რ. მ-შვილსა და გ. ა-შვილზე ყალბი დოკუმენტები, მათი გამოყენების მიზნით, რათა მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით მიეღო ინვესტიცია, რაც განახორციელა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფონდიდან მიიღო 99.900 ლარის ინვესტიცია. აღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის, თანხა გ. დ-იამ გაიტაცა.
1999 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, საგამოძიებო ჯგუფის წევრი, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მ. მ-შვილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მივიდა შპს “ვერას” ბუღალტრის თ. ბ-შვილის საცხოვრებელ ბინაში, ქ. თბილისი, ... ქუჩაზე, სადაც თ. ბ-შვილს წარუდგინა პოლიციის მუშაკის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სიტყვიერად განუმარტა, რომ დაბარებული იყო თბილისის პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად, შპს “ვერას” საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებით. თ. ბ-შვილმა გამოთქვა თანხმობა პროკურატურაში გამოცხადებაზე, მაგრამ საჭიროდ ჩათვალა ტელეფონით ეცნობებინა ამის შესახებ ფირმის დირექტორ გ. დ-იასათვის. შეიტყო რა გ. დ-იამ აღნიშნული, გაბრაზდა და სასწრაფოდ მივიდა თ. ბ-შვილის ბინაში, სადაც დახვდა მისთვის ნაცნობი პოლიციის მუშაკი მ. მ-შვილი, რომელსაც მოსთხოვა თ. ბ-შვილის გამოძახების უწყება, რაზეც პოლიციის მუშაკმა განუმარტა, რომ უწყება დარჩა მანქანაში, რომელიც იდგა ეზოში და შეეძლო ეჩვენებინა. ამის შემდეგ გ. დ-იამ დაუწყო პოლიციის მუშაკს დედის გინება, განუცხადა, რომ მის ბუღალტერს ვერსად წაიყვანდა. მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. პოლიციის მუშაკმა თავი აარიდა კონფლიქტს და გავიდა ბინიდან, მაგრამ გ. დ-ია მას უკან გაყვა და სადარბაზოს კიბის უჯრედზე უკანიდან თავში მუშტი ჩაარტყა, რის შემდეგ დაუწყო დედის გინება და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
გ. დ-იას მიერ ატეხილი ჩხუბი და დებოში გაიგონა სადარბაზოსთან მდგომმა მ. მ-შვილის თანმხლებმა - შ. ფ-ძემ, რომელიც შევიდა სადარბაზოში და შეეცადა აღეკვეთა გ. დ-იას ხულიგნური მოქმედება, მაგრამ გ. დ-იამ, იმის მაგივრად, რომ შეეწყვიტა ხულიგნობა, წინააღმდეგობა გაუწია შ. ფ-ძესაც და მას განზრახ მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასეთივე დაზიანება მიაყენა გ. დ-იამ პოლიციის მუშაკ მ. მ-შვილსაც.
პოლიციის მუშაკი შეეცადა გასცლოდა კონფლიქტს და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ გ. დ-ია ჩაჯდა იქვე ეზოში მდგარ თავის კუთვნილ ავტომანქანაში “ვაზ-2107” სახ. ¹ “მომ464” და გაეკიდა მ. მ-შვილს, მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით. გ. დ-იამ, მისდამი დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოიყვანა სისრულეში თავისი განზრახვა - პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფა, ვინაიდან მ. მ-შვილმა მოასწრო ... ქუჩის საცხოვრებელი კორპუსის კედელს ამოფარება, გ. დ-ია კი მანქანით დაეჯახა სადარბაზოსთან არსებულ ღობეს, სადაც ამ დროს იდგნენ მოქალაქეები ნ. ზ-იანი, დ. ზ-იანი და მ. პ-ია. მ. მ-შვილი კვლავ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მას გ. დ-ია კვლავ გამოეკიდა თავისი ავტომანქანით. ... ქუჩის ... კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, სასურსათო მაღაზიასთან (ჯიხურთან), მ. მ-შვილი შეაჩერა გ. დ-იას სიძემ - ზ. ე-ავმა, რომელსაც მ. მ-შვილმა აჩვენა პოლიციის მუშაკის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რა დროსაც მათკენ მანქანით სწრაფად მიმავალმა გ. დ-იამ ვერ შეაჩერა მანქანა და დაეჯახა ჯიხურთან მდგარ რკინის ბოძს. მანქანა გაჩერდა, გ. დ-ია გადმოვიდა და კვლავ გააგრძელა ხულიგნობა, პოლიციის მუშაკს აგინებდა დედას, შემდეგ კი მ. მ-შვილის სხეულის დასაზიანებლად მოიმარჯვა დიდი მოცულობის ქვა, რაც მას დააგდებინა მისმა სიძემ - ზ. ე-ავმა. აღნიშნულით ისარგებლა მ. მ-შვილმა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, გ. დ-ია კი შეკრებილმა ხალხმა წაიყვანა სახლში. როდესაც იგი გაუსწორდა ... ქუჩაზე ... კორპუსს, მას შეხვდნენ ნ. ზ-იანი, დ. ზ-იანი და მ. პ-ია. ამ უკანასკნელმა უსაყვედურა უმსგავსო საქციელის გამო, რაც გ. დ-იამ იუკადრისა და სამივე პიროვნებას დაუწყო დედის გინება, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მ. პ-იას კი - ფიზიკური შეურაცხყოფაც.
წინასწარი გამოძიების მიერ გ.დამენიას ქმედება დაკვალიფიცირდა 1960 წლის რედაქციის საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით, 213-ე მუხლის I ნაწილით, 214-ე მუხლით, 2091-ე მუხლის I ნაწილით, 228-ე მუხლის III ნაწილით და 112-ე მუხლის II ნაწილით.
სასამართლო კოლეგიამ გ. დ-იას ქმედება პოლიციის მუშაკ მ. მ-შვილთან მიმართებაში, რომელიც წინასწარი გამოძიების მიერ დაკვალიფიცირებული იყო როგორც ამ უკანასკნელის სიცოცხლის ხელყოფა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას, მის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სსკ-ის 2091-ე მუხლის I ნაწილიდან (1960 წლის რედაქციით) გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 2071-ე მუხლის II ნაწილზე იმ მოტივით, რომ სახეზეა წინააღმდეგობის გაწევა პოლიციის მუშაკისათვის ამ უკანასკნელის მიერ მასზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას, რასაც თან სდევს ძალადობა და აღნიშნული ბრალდება დააკვალიფიცირა 2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი სსკ-ის 353-ე მუხლის I ნაწილით.
რაც შეეხება გ. დ-იასათვის წინასწარი გამოძიებისას წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 228-ე მუხლის III ნაწილით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ჩადენილი ბოროტი ხულიგნობისათვის, სასამართლომ გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 228-ე მუხლის II ნაწილზე, რადგანაც გ. დ-იას ქმედებაში არ მოიპოვება სსკ-ის 228-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და აღნიშნული ბრალდება დააკვალიფიცირა მოქმედი სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილით.
ამასთან, სასამართლომ გ. დ-ია იმ მოტივით, რომ მას საინვესტიციო თანხის მითვისება არ ჩაუდენია, 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 961-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში გაამართლა, ხოლო ამავე კოდექსის 112-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში მის მიმართ საქმე შეწყვიტა, რადგანაც აღნიშნული ქმედება - სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად - მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დასჯადი აღარ არის.
რაც შეეხება გ. დ-იას ბრალდებას სსკ-ის 213-ე მუხლის I ნაწილითა და 214-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულში, სასამართლომ დააკვალიფიცირა მოქმედი სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილით.
კასატორი საჩივარში მიუთითებს, რომ გ. დ-იას მიმართ განაჩენი უნდა გაუქმდეს სსკ-ის 961-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში, ვინაიდან საინვესტიციო თანხის მიღებისათვის გირაოდ ჩადებული ქონების არსებობა და მატერიალური ზარალის შესაძლო ანაზღაურება არ გამორიცხავს თაღლითური გზით სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის პასუხისმგებლობას. კასატორი საჩივარში განაჩენის გაუქმების საფუძვლად, ასევე, მიუთითებს სასჯელის ლმობიერებაზე, კერძოდ, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების ხერხსა და შედეგს, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ გ. დ-ია მსჯავრდებულია არაერთი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ერთობ ზრდის მის სოციალურ საშიშროებას და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება არასწორია.
პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, რომელიც ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ადვოკატებსა და მსჯავრდებულს, შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ შპს “ვერას” დირექტორმა გ. დ-იამ, 1998 წლის 10 მარტის ¹ 9 ხელშეკრულების საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტროს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდიდან მიიღო ინვესტიციის პირველი ეტაპით გათვალისწინებული თანხა სამუშაოთა საწარმოებლად 70.000 ლარის ოდენობით. იმის გამო, რომ ინვესტიციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული თანხის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ხსენებული ფონდისათვის გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა, შემდგომი გამოყენების მიზნით, შექმნა ყალბი დოკუმენტები, კერძოდ, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები და გასავლის ორდერები, სადაც სამუშაოების შემსრულებლებად მიუთითა არარსებული პირები და დოკუმენტებში, ასევე შეიტანა ყალბი საპასპორტო მონაცემები, ამ დოკუმენტებს ხელი მოაწერა ხსენებული პირების სახელით. შემდგომ, გამოიყენა რა ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტები, ფირმა “ვერას” ანგარიშზე ეკონომიკის სამინისტროს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდიდან მიიღო ინვესტიციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული ფულადი თანხა 30 000 ლარის ოდენობით.
მანვე, 1999 წლის 21 ივლისს, დღისით, ქ. თბილისში, ... ქუჩაზე ... კორპუსში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წინააღმდეგობა გაუწია და ძალადობა იხმარა პოლიციის მუშაკის მ. მ-შვილის მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას, რა დროსაც მიაყენა მას სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასეთივე ხარისხის დაზიანება მიაყენა მ. მ-შვილის მიმართ მისი დანაშაულებრივი ქმედებების აღმკვეთ პირს – შ. ფ-ძეს.
მანვე, ზემოხსენებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმიზეზოდ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, რა დროსაც უშვერი სიტყვებით მიმართა, აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეებს ნ. ზ-იანს, დ. ზ-იანს და მ. პ-იას. ამასთან, ამ უკანასკნელის მიმართ გამოიყენა ძალადობა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 1998 წლის 25 თებერვალს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ მცირე ბიზნესის განვითარების ფონდსა და შპს “ვერას” შორის დაიდო ხელშეკრულება ¹ 8, რომლის თანახმად, თევზსარეწი სატბორე მეურნეობის ბიზნეს-გეგმა გაკეთებულ იქნა თვით ფონდის მიერ ფირმის ხარჯებით 2500 ლარად. შპს ფირმა “საქაუდიტის” 1998 წლის 26 თებერვლის ¹ 3 დასკვნის შესაბამისად, შპს “ვერას” მიერ სოფ. გურჯაანის სატბორე მეურნეობაში შესრულებული სამუშაოს შეფასების შესახებ შესრულებული სამუშაოების მოცულობა “საქმელიორაციის” დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვისა და საპროექტო ბიუროს მონაცემების მიხედვით შეადგენს 336.461 ლარს. მათ შორის, 56.000 ლარი არის ფირმის დავალიანება სამუშაოების შემსრულებლების მიმართ. იმავე ფირმა “საქაუდიტის” 1998 წლის 26 თებერვლის ¹ 4 დასკვნის შესაბამისად, შპს “ვერას” ქონების შეფასების შესახებ შპს “ვერას” კუთვნილი ეთერზეთების წარმოების საწარმოო ხაზი - დანადგარის ღირებულება შეადგენს 166.320 ლარს.
1998 წლის 10 მარტის ¹ 8 გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მცირე ბიზნესის განვითარების ფონდმა, როგორც მოგირავნემ, შპს “ვერასაგან”, როგორც დამგირავებლისაგან, გირაოს სახით მიიღო ზემოხსენებული “საქკრედიტის” ¹ 3 დასკვნით შეფასებული 336.461 ლარად ღირებული შესრულებული სამუშაოები და ¹ 4 დასკვნით 166.320 ლარად შეფასებული ქონება.
ამდენად, აღნიშნულ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ურთიერთობები ფირმა “ვერასა” და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდს შორის ატარებდნენ სამოქალაქო სამართლებრივ ხასიათს. ფირმა “ვერას” დირექტორის მიერ ხსენებული გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გირაოს სახით ჩადებულ იქნა ბევრად მეტი ღირებულების ფასეულობანი, ვიდრე თვით განხორციელებული ინვესტიციის თანხა. ეკონომიკის სამინისტროს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო და შეუძლია დააკმაყოფილოს თავისი მატერიალური ინტერესები ფირმის კუთვნილი ქონების გირაოს ხარჯზე და, შესაბამისად, გ. დ-იას ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სხვისი ქონების მითვისება.
რაც შეეხება გ. დ-იასათვის წინასწარი გამოძიებისას წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 228-ე მუხლის III ნაწილით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულში, თვით დაზარალებულ ნ. ზ-იანის ჩვენებიდან გაირკვა, რომ სხეულის დასაზიანებლად საგანი, ამ შემთხვევაში კი - აგური, ბოროტი ხულიგნური ქმედებების დროს, მას ესროლა არა გ. დ-იამ, არამედ სხვა პირმა. ამდენად, სასამართლო კოლეგია სწორად მოიქცა, როდესაც გ. დ-იას ქმედება გადააკვალიფიცირა სსკ-ის 228-ე მუხლის III ნაწილიდან ამავე მუხლის II ნაწილზე (1960 წლის რედაქციით).
არასწორია საჩივრის ავტორის მითითება იმაზე, თითქოს სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, გ. დ-იასთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია ის, რომ იგი სამართალში არ არის ნამყოფი. გ. დ-იას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები კი საქმეში არ არსებობს.
სასამართლომ გაითვალისწინა გ. დ-იას წარსული ცხოვრება და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, რომ გ. დ-ია ეწევა შრომით საქმიანობას, ავადმყოფობის შედეგად არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხასიათდება დადებითად, ჰყავს ოჯახი, არის ასაკოვანი - 65 წლის პიროვნება, წარსული არაფრით შებღალული არა აქვს, ინანიებს ჩადენილს და მიიჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია პირობითი მსჯავრის შეფარდების შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 13 თებერვლის განაჩენი გ. დ-იას მიმართ დარჩეს უცვლელად.