დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.06.2001
საქმის ნომერი
2კ-41კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 41-კოლ 21 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-იას ინტერესების დამცველ ადვოკატის მ. თ-შვილის, მსჯავრდებულების ზ. დ-იანის და ზ. ა-ძის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 27 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ზ. დ-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (ახალი კოდექსი); 236-ე მუხლის I, II და III ნაწილებით (ახალი კოდექსი); 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტებით (ახალი კოდექსი); 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ახალი კოდექსი); 91-ე მუხლის III ნაწილით (ძველი კოდექსი); 150-ე მუხლის II და III ნაწილებით (ძველი კოდექსი); 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით (ახალი კოდექსი); 154-ე მუხლის I და II ნაწილებით (ძველი კოდექსი) და 150-ე მუხლით (ახალი კოდექსი). საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, შეეფარდა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ამავე განაჩენით გ. ც-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის II და III ნაწილებით (ძველი კოდექსი); 19-379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ახალი კოდექსი) და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ზ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის II ნაწილით (ძველი კოდექსი), 179-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ძველი კოდექსი) და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ტ. მ-ძის, ნ. ქ-შვილის და ი. ჟ-იანის მიმართ განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ზ. დ-იანს ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, 238-ე მუხლის I, II, III და IV ნაწილებით, 152-ე მუხლის I ნაწილით და II ნაწილის I და IV ქვეპუნქტებით, 17-243-ე მუხლის I, II და III ნაწილებით, 104-ე მუხლის IX პუნქტით, 91-ე მუხლის I, II, III და IV ნაწილებით, 150-ე მუხლის I, II და III ნაწილებით, 96-ე მუხლის I და II ნაწილების II და IV ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის I, II ნაწილებით და 135-ე მუხლით (ძველი კოდექსი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

გ. ც-იას ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის I, II და III ნაწილებით, 206-ე მუხლით, 17-203-ე მუხლის II ნაწილით, 2081-ე მუხლით და 110-ე მუხლის I ნაწილით (ძველი კოდექსი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

ზ. ა-ძეს ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის II ნაწილით და 152-ე მუხლის II ნაწილის I ქვეპუნქტით (ძველი კოდექსი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

განაჩენით ზ. დ-იანი სსკ-ის 105-ე მუხლით (ძველი კოდექსი) გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გამართლდა; მას ასევე მოეხსნა სსკ-ის 17-243-ე მუხლის I, II და III ნაწილებით და სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით წარდგენილი ბრალდებები, მისი ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ეპიზოდში დაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლით (ახალი კოდექსი). ზ. დ-იანს ამოერიცხა სსკ-ის 96-ე მუხლის I ნაწილით, 150-ე მუხლის I ნაწილით, 152-ე მუხლის I ნაწილით, 154-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდებები.

ამავე განაჩენით გ. ც-იას მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით (ძველი კოდექსი) წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ეპიზოდში გამართლდა; მას ასევე ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის I ნაწილით (ძველი კოდექსი) წარდგენილი ბრალდება.

გ. ც-ია საქართველოს სსკ-ის 2081-ე მუხლით (ძველი კოდექსი) და 110-ე მუხლის I ნაწილით (ძველი კოდექსი) გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გამართლდა.

განაჩენით ზ. დ-იანს, გ. ც-იას და ზ. ა-ძეს მსჯავრი დაედოთ შემდეგისათვის:

1996 წლის ზამთარში, ზ. დ-იანმა უცნობი პირისაგან 300 000 რუსულ რუბლად უკანონოდ შეიძინა აკ-74 მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდითა და 70 ცალი საბრძოლო ვაზნით, რასაც უკანონოდ ატარებდა და ინახავდა.

1997 წლის სექტემბრის თვეში ზ. დ-იანი ზ. ა-ძესთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ბოლნისში, რ. ვ-ურის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურს და იქ მყოფ ოპერატორ თ. ბ-შვილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით წაართვა ნავაჭრი თანხა 66 ლარის ოდენობით.

1997 წლის აგვისტოს თვეში ზ. დ-იანმა ქ. მარნეულში, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცნობი პირისაგან 250 ლარად უკანონოდ, ე.ი. სათანადო ნებართვის გარეშე, შეიძინა რუმინული წარმოების აკ-74 მარკის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდითა და 10 ცალი საბრძოლო ვაზნით, რასაც უკანონოდ ატარებდა და ინახავდა.

1997 წლის ოქტომბრის თვეში, დ-იანი მიმალვაში მყოფ პირთან ერთად, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით შეიარა ღებული, თავს დაესხა ქ. ბოლნისის შესასვლელში მდებარე რ. ვ-ძის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურს, სადგურის ოპერატორ ე. ა-ოვს იარაღის გამოყენების მუქარით გააღებინა სამუშაო ოთახის კარები, შევიდნენ შიგ და წაართვეს ნავაჭრი თანხა 70 ლარის ოდენობით, რის შემდეგ გამოართვეს მისი კუთვნილი “ოკას” მარკის ა/მანქანის გასაღები, მაგრამ ა/მანქანა ვერ გაიტაცეს, რადგან იგი გაუმართავი იყო.

1998 წლის თებერვლის თვეში ზ. დ-იანს სოფ…..., ბენზინგასამართ სადგურთან, შელაპარაკება მოუვიდა ამავე სადგურის ოპერატორ რ. გ-ოვთან, განაწყენებულმა განიზრახა რა მისი მოკვლა, სახლიდან გამოიტანა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მივიდა გ-ოვთან და მოკვლის განზრახვით ესროლა. სროლის შედეგად გ-ოვმა მარცხენა და მარჯვენა ბარძაყის არეში მიიღო დაზიანებანი, რამაც გამოიწვია ორივე ბარძაყის მოტეხილობა და მარცხენა ბარძაყის არტერიის დაზიანება. გ-ოვი მწვავე სისხლნაკლებობის შედეგად გარდაიცვალა.

1998 წლის მარტის თვეში ზ. დ-იანმა, მიმალვაში მყოფ პირთან ერთად ქ. ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია “XII არხის” შენობიდან ფარულად გაიტაცა სხვადასხვა სახის ტელე-რადიო აპარატურა, სულ ღირებული 6909 ლარად და 20 თეთრად.

1996 წლის 20 აპრილს ზ. დ-იანმა გ. ც-იასთან ერთად ქ. ბოლნისში, ... ქუჩაზე მდებარე ნ. ბ-ძის კომერციული მაღაზიიდან ფარულად გაიტაცა 450 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სასურსათო საქონელი.

1990 წლის 12 მაისს ზ. დ-იანმა, გ. ც-იამ და ტ. მ-ძემ ქ. ბოლნისში, ... მცხოვრებ დ. ხ-ძის ბინიდან ფარულად გაიტაცეს 300 ლარის ღირებულების ქონება და სანადირო თოფი, რაც შემდგომში გადაჭრა და დაამზადა ატიპიური ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც შემდეგ უკანონოდ ატარებდა და ინახავდა.

1998 წლის 26 მაისს ზ. დ-იანმა, გ. ც-იამ და ნ. ქ-შვილმა ქ. ბოლნისში, კულტურის პარკის წინ მდებარე რ. ვ-ძის კუთვნილი ჯიხურიდან, ფარულად გაიტაცეს 453 ლარის ღირებულების საქონელი.

1998 წლის 2 ივნისს ზ. დ-იანმა, გ. ც-იამ, ზ. ა-ძემ და ი. ჟ-იანმა ქ. ბოლნისში, ... მდებარე პურის საცხობში განთავსებული კ. პ-შვილის კუთვნილი კომერციული მაღაზია “მოხვადან”, ფარულად გაიტაცეს 1053 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სასურსათო საქონელი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

1998 წლის 7 ივნისს ზ. დ-იანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ქ. ბოლნისში თავს დაესხა კავშირგაბმულობის განყოფილების მორიგეს და ცდილობდა ფულის წართმევას, რაც ვერ შეძლო, ვინაიდან იქ მყოფმა ხალხმა არ მისცა ამის საშუალება.

1998 წლის 7 ივნისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ. დ-იანი ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. ბოლნისში, ... მდებარე კ. პ-შვილის კუთვნილი საწარმოს პურის საცხობში მყოფ კ. პ-შვილს, რომელსაც გასტაცა 50 ლარი, შემდეგ კი პ-შვილს მუქარით მოსთხოვა ყოველთვიურად მისთვის მიეცა 100 ლარი; ამის შემდეგ ავტომატის გამოყენების მუქარით პ-შვილს ამ უკანასკნელის ავტომანქანით თავი მიაყვანინა ა. ხ-ელის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურთან.

1998 წლის 7 ივნისს, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ. დ-იანი ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. ბოლნისში ოპერატორ ბ. ჩ-იანს და წაართვა 15 ლარი.

1998 წლის 7-8 ივნისს, ღამით, ზ. დ-იანი სოფ. ... მდებარე ზ. ბ-შვილის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე თავს დაესხა ყაჩაღურად და ზ. ბ-შვილს იარაღის მუქარით გასტაცა 10 ლარი და 20 ლარის ბენზინი, თან მეორე დღისთვის მოსთხოვა 200 ლარი.

1998 წლის 7 ივნისს დ-იანმა, ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა, განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა ოპერატორ ზ. დ-შვილზე, რომელსაც გასტაცა 18 ლარი, რის შემდეგ მოსთხოვა ძალადობის გამოყენების მუქარით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა.

განაჩენით გ. ც-ია მსჯავრდებულ იქნა ასევე იმისათვის, რომ იგი იმყოფებოდა რა ბოლნისის რაიონის შს რაიგანყოფილების იზოლატორში, ¹3 საკანში, შეეცადა სხვა პირებთან ერთად გაქცეულიყო საკნიდან კედლის გათხრის გზით.

სასამართლო სხდომაზე ზ. დ-იანის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ზ. დ-იანისათვის ყაჩაღობის ეპიზოდებში შეფარდებული სასჯელის შემცირება. კასატორმა ასევე მოითხოვა გ-ოვის განზრახ მკვლელობის ეპიზოდში, ზ. დ-იანის მსჯავრდება არა მოქმედი სსკ-ის 108-ე მუხლით, არამედ ძველი სსკ-ს რედაქციის 108-ე მუხლით, ე.ი. მსჯავრდება არა განზრახ მკვლელობისათვის, არამედ გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის. კასატორის განმარტებით, დ-იანს გ-ოვის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია; მართალია, ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა ამ უკანასკნელთან, მაგრამ არა მისი მოკვლის განზრახვით, არამედ შესაშინებლად, რათა ამ უკანასკნელს, დ-იანის შეურაცხყოფის გამო, მისთვის ბოდიში მოეხადა.

საკასაციო საჩივრით კასატორმა ასევე ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა ზ. დ-იანს შუამდგომლობაზე მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

კასატორი უთითებს, რომ ზ. დ-იანი 15 დღის განმავლობაში წ/გამოძიებისას იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში; მართალია, მოხდა მისთვის საპატიმრო ვადების გაგრძელება, მაგრამ კანონის უხეში დარღვევით.

გ. ც-იას ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ც-იასათვის განაჩენით შეფარდებული სასჯელის შემცირებას, მისი წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ზ. ა-ძის ინტერესების დამცველი მ. თ-შვილი ითხოვს განაჩენის შეცვლას ზ. ა-ძის სასიკეთოდ, კერძოდ, სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I ქვეპუნქტის (ძველი კოდექსი) ნაცვლად მის მსჯავრდებას მოქმედი სსკ-ის 178-ე მუხლით და მისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას. კასატორის მითითებით, ზ. ა-ძეს ზ. დ-იანთან ერთად თ. ბ-შვილზე ყაჩაღური თავდასხმა არ ჩაუდენია. მათ თ. ბ-შვილს 66 ლარი ისე გასტაცეს, რომ მის მიმართ არც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა და არც ასეთი ძალადობის მუქარა არ გამოუყენებიათ.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულებმა ზ. დ-იანმა, გ. ც-იამ და ზ. ა-ძემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს, მიიჩნია, რომ განაჩენი კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებულია, რამეთუ იგი ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებების ერთობლიობას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა კასატორებს, მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველ ადვოკატებს მ. თ-შვილს, გ. გ-ძეს, მსჯავრდებულებს ზ. დ-იანს, გ. ც-იას, ზ. ა-ძეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ზ. დ-იანს თითოეული ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელი განესაზღვრა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით. პალატას დ-იანის პიროვნების გათვალისწინებით (მას 1997-98 წლებში ჩადენილი აქვს თექვსმეტი სხვადასხვა სახის დანაშაული, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), ასევე მის მიერ ჩადენილი ყაჩაღური ქმედების სახის, ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით, კერძოდ ის, რომ ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდში თან ჰქონდა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, საიდანაც თავდასხმისას ისროლა კიდეც, მიაჩნია, რომ განაჩენით მას სწორად აქვს განსაზღვრული სასჯელი ყაჩაღური თავდასხმებისათვის.

ზ. დ-იანის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით წარმოშობილი საკითხები დაცვის მხარის შუამდგომლობით სასამართლო კოლეგიამ განიხილა 2001 წლის 22 თებერვლის განჩინებით და მისცა სამართლებრივი შეფასება. პალატას მიაჩნია, რომ ზ. დ-იანისათვის წინასწარი პატიმრობის ვადა გაგრძელებულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო ვადის დარღვევით, მიუხედავად ამისა, ეს არ შეიძლება საქმის განხილვის დღევანდელ ეტაპზე საფუძვლად დაედოს მსჯავრდებულის სასჯელისაგან განთავისუფლებას, რადგან მსჯავრდებულ დ-იანის მიერ დანაშაულთა ჩადენა დადგენილია საქმის ერთობლივი მასალებით.

სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა ზ. დ-იანის ჩვენება იმ ნაწილში, სადაც იგი უთითებს, რომ მას რ. გ-ოვის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა გ-ოვისაკენ შესაშინებლად. მისი მიზანი იყო, რომ რ. გ-ოვს ბოდიში მოეხადა მისთვის. სროლით კი ისროლა, არა გ-ოვის, არამედ ჯიხურის მიმართულებით. მისი მოკვლა რომ ნდომებოდა, სიცოცხლისათვის საშიშ ორგანოებში ესროდა და არა ფეხებში.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ ზ. დ-იანმა ჩაიდინა რ. გ-ოვის განზრახ და არა გაუფრთხილებლობით მკვლელობა.

თვით ზ. დ-იანის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ რ. გ-ოვთან შეკამათების შემდეგ, იგრძნო რა თავი შეურაცხყოფილად, სახლიდან გამოიტანა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მივიდა გ-ოვთან, გააღებინა ჯიხურის კარი და მოსთხოვა ბოდიშის მოხდა.

ზ. დ-იანს სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოტანის მომენტიდან უკვე შეგნებული ჰქონდა მისი მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, მას კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და რომ ამ იარაღიდან ჯიხურის მიმართულებით სროლა, სადაც იმყოფებოდა გ-ოვი, საფრთხეს უქმნიდა გ-ოვის სიცოცხლეს და მის ამ მოქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა ამ უკანასკნელის სიკვდილი. სროლის შემდეგ ზ. დ-იანმა გაიგონა რა გ-ოვის სიტყვები “რა მიქენიო”, დარწმუნდა, რომ იგი დაჭრა და შესაძლებლად მიიჩნია რ. გ-ოვის სიკვდილი, მაგრამ ფიქრობდა, რომ გასროლის ხმაზე შეკრებილი ხალხი რ. გ-ოვს გადაარჩენდა. ამდენად, ზ. დ-იანს მთლიანად ჰქონდა შეგნებული მის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან წარმოებული გასროლების შედეგად რ. გ-ოვის სიკვდილის დადგომის შესაძლებლობა.

ზ. დ-იანის ბრალეულობა მის მიერ რ. გ-ოვის განზრახ მკვლელობაში დადგენილია მოწმე თ. შ-ძის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.

სასამართლო კოლეგიამ გ. ც-იას სასჯელი განუსაზღვრა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ. ც-იამ ერთი წლის მანძილზე ოთხჯერ ჩაიდინა პირთა ჯგუფთან ერთად სხვისი ქონების ფარული გატაცება შეღწევით, ხოლო დაკავების შემდეგ წინასწარ გამოძიებაში იგი შეეცადა სხვა დაკავებულებთან ერთად ბოლნისის რაიონის რაიგანყოფილების იზოლატორიდან გაქცევას, პალატას მიაჩნია, რომ მას მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სწორად აქვს განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. თ-შვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზ. ა-ძემ 1997 წლის სექტემბრის თვეში დ-იანთან ერთად ჩაიდინა თ. ბ-შვილზე არა ყაჩაღური თავდასხმა, არამედ მისი ძარცვა; მსჯავრდებულების ზ. ა-ძის და ზ. დ-იანის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ თ. ბ-შვილს გასტაცეს 66 ლარი. ფაქტი იმისა, რომ დაზარალებულ თ. ბ-შვილის მიმართ თავდასხმისას გამოყენებულ იქნა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარა, დადგენილია მსჯავრდებულ ზ. დ-იანის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, სადაც დაადასტურა ა-ძესთან ერთად ღამის 2 საათზე ნიღბებით ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას, ოპერატორ თ. ბ-შვილისათვის მუქარის სიტყვებით “ფული მოგვეცი, თორემ ცუდ დღეში ჩაგაგდებთ” _ მიმართვის ფაქტი. დაზარალებულ თ. ბ-შვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ ღამით ორი ნიღბიანი ადამიანის დანახვაზე შეეშინდა და გაუღო ჯიხურის კარი, რადგან იგრძნო რეალური საფრთხე.

მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულებს იარაღი არ ჰქონიათ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მათი მხრიდან ყაჩაღურ თავდასხმას, ვინაიდან დაზარალებულმა თ. ბ-შვილმა ღამის ორ საათზე, ორი ნიღბიანი ახალგაზრდის დანახვაზე აღიქვა და რეალურად იგრძნო საფრთხე, რაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრებოდა; სწორედ ამის გამო გაუღო მათ ჯიხურის კარები და გადასცა 66 ლარი.

ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რომ ზ. ა-ძის ქმედება ზემოთ მითითებულ ეპიზოდში დაკვალიფიცირებულ იქნეს სსკ-ის 178-ე მუხლით (ახალი კოდექსი).

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 27 აპრილის განაჩენი ზ. დ-იანის, ზ. ა-ძის, გ. ც-იას მიმართ დარჩეს უცვლელად.