შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.07.2001
საქმის ნომერი
2კ-75აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 75-აპ 12 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ მ. უ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აპრილის განაჩენზე, რომლითაც მ. უ-იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 353-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლის და სსკ-ის მე-60 მუხლის I ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით მ. უ-იანი მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის: 2000 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 18 საათზე, ნასვამი მივიდა მეზობლად მცხოვრებ მ. ქ-შვილის ბინაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ გ. გ-ისი და ე. ა-შვილი.

მ. უ-იანმა ბინაში შესვლისთანავე ჩაკეტა კარი, მივიდა გ. გ-ისთან და შესთავაზა სქესობრივი კავშირის დამყარება. მას გახსნილი ჰქონდა შარვლის უბე და უჩანდა სასქესო ორგანო. უარის მიღების შემდეგ მ. უ-იანმა განიზრახა მისი გაუპატიურება. გ. გ-ისმა გაუწია წინააღმდეგობა, მ. უ-იანმა წინააღმდეგობის დასაძლევად სკამი დაარტყა გ. გ-ისს, გ. გ-ისმა ე. ა-შვილის დახმარებით შეძლო მ. უ-იანის მოცილება და ბინიდან გაძევება. აღნიშნულის შედეგად გ. გ-ისმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ პოლიციის თანამშრომლები. მ. უ-იანი არ დაემორჩილა პოლიციელებს და უარი განაცხადა პოლიციაში წასვლაზე, მან პოლიციის მუშაკ ბ. ა-შვილს მოუქნია სკამი, მაგრამ ამ უკანასკნელმა დარტყმა აიცილა. მ. უ-იანი უცენზურო სიტყვებით აგინებდა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს, პოლიციის მუშაკებმა კ. ჟ-იამ, ზ. ბ-ძემ, ბ. ა-შვილმა შეძლეს მ. უ-იანის დამორჩილება და პოლიციაში წარდგენა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობის, ასევე სამშობლოს წინაშე დამსახურების გათვალისწინებით, შეფარდებული სასჯელის შემცირებას.

პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულ მ. უ-იანისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები და სწორედ ამ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მ. უ-იანი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, სადაც იგი დაიჭრა და გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი, მას შეეფარდა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ მოუსმინა რა მსჯავრდებულს, პროკურორს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. უ-იანი 1999 წლის 22 ივნისს გასამართლებულ იქნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 17-92-ე მუხლის მეორე ნაწილით, რისთვისაც შეეფარდა სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი მ. უ-იანს 2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეეცვალა პირობით, ორი წლისა და ექვსი თვის გამოსაცდელი ვადით.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ მ. უ-იანი ცნო რა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, განუსაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე კი სასამართლომ ამ სასჯელს ნაწილობრივ დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ერთი წელი და საბოლოოდ განუსაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ მ. უ-იანი ცნო რა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-137-ე მუხლის I ნაწილით, 352-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად შეუფარდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო პალატამ, რაიონული სასამარ-თლოსMKანალოგიურად, გამოიყენა განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის პრინციპი და მ. უ-იანისათვის მის მიერ შეფარდებულ სასჯელს დაუმატა ასევე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ექვსი თვე, რაც არასწორია; მ. უ-იანს აღნიშნული 6 (ექვსი) თვე სასჯელიდან უნდა ამოერიცხოს, ვინაიდან წინა განაჩენით მ. უ-იანის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული პირობითი მსჯავრი, მას მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. იგი ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პრეზიდენტის განკარგულებით: საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, სსკ-ის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სასჯელის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში ჩაიდენს განზრახ დანაშაულს.

ამდენად, მ. უ-იანს სასჯელის ზომიდან უნდა ამოერიცხოს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დამატებული ექვსი თვე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 23 აპრილის განაჩენი მ. უ-იანის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის I ნაწილის საფუძველზე წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დამატებული სასჯელი - ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.