საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.07.2001
საქმის ნომერი
2კ-22-I-2001
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 221 -2001 17 ივლისი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე)

ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა ბრალდებულ თ. მ-იას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ივნისის განაჩენით თ. მ-ია, ნასამართლობა გაქარწყლებული, გამართლდა ქმედების ჩადენისას მოქმედი სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 211-ე, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის განჩინებით გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ივნისის განაჩენი მისი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში: თ. მ-ია დააკავეს 1996 წლის 9 ივნისს, ჩხრეკის შედეგად მის ბინაში “მაკაროვის” სისტემის ცეცხლმსროლელი იარაღის და საბრძოლო მასალის – 13 ვაზნის აღმოჩენის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქ. თბილისის საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმ დროს მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

1996 წლის 18 ივნისს თ. მ-იას წარედგინა ბრალდება სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ცეცხლმსროლელი იარაღის, საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტაება). 19 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გასცა სანქცია მის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

1997 წლის 22 თებერვალს თ. მ-იას წარედგინა ახალი ბრალდებები საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილით, 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე მუხლის პირველი ნაწილით, 211-ე, 214-ე მუხლებით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით.

1977 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში (სამშობლოს ღალატი) შეწყდა ბრალდების დაუდასტურებლობის მოტივით.

1997 წლის 1 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურორმა დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა და სისხლის სამართლის საქმე თ. მ-იას მიმართ განსახილველად წარიმართა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოში.

საბრალდებო დასკვნით თ. მ-იას ბრალად ედებოდა კონტრაბანდა, ე.ი. ორგანიზებულ პირთა ჯგუფთან ერთად საქართველოს საზღვარზე საბაჟო და სხვაგვარი დოკუმენტების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, საქონლის უკანონოდ გადმოტანა, გადატანა; განმეორებით, მოგების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვა; პირადი მოტივით სახელმწიფო დაწესებულებიდან დოკუმენტის გატაცება; ყალბი დოკუმენტის გაკეთება-გამოყენება; ცეცხლმსროლელი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

1994-1995 წლებში თ. მ-იამ, ახორციელებდა რა კომერციულ საქმიანობას, პირთა ჯგუფთან ერთად, ყალბი დოკუმენტების გაკეთებით და გამოყენებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული გზით გადმოიტანა 18565,700 კგ. ბენზინი, რომლის ღირებულება შეადგენდა 8 მილიონ 869 465 ლარს. აქედან მათ სომხეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადაიტანეს 7 მილიონ 226 ათას 495 ლარის ღირებულების 15327,700 კგ. ბენზინი, ისე, რომ არ გადაუხდიათ 10% ნატურალური გადასახადი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა მიეღო 722649,5 ლარის ღირებულების 1532,77 კგ. ბენზინი. 1995 წლის მაისში თ. მ-იამ ისარგებლა რა დაზვერვის სამმართველოს ზოგიერთ თანამშრომელთან მეგობრული დამოკიდებულებით და ამ სამმართველოში ყოფნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, პირადი მოტივით, შემდგომში შესაძლო გამოყენების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დაზვერვის სამმართველოდან გაიტაცა დაზვერვის განვითარების კონცეფცია გრიფით “სრულიად საიდუმლო”, რომლის დისკეტი საიდუმლო დოკუმენტის ტექსტით, აღმოჩენილ იქნა მის ბინაში. 1989-92 წლებში თ. მ-იამ, იყო რა შეიარაღებული ორგანიზაცია “მხედრიონის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი 13 საბრძოლო ვაზნით, რომელსაც სახლში ინახავდა.

დიდუბის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 15 აგვისტოს გამწესრიგებელი სხდომის განჩინებით თ. მ-ია ზემოთ აღნიშნული ბრალდებებით მიცემულ იქნა სამართალში და მას წინასწარი გამოძიების მიერ შერჩეული აღმკვეთი ღონისძიება _ პატიმრობა შეეცვალა პირადი თავდებობით.

გამწესრიგებელი სხდომის განჩინება თ. მ-იას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის ნაწილში პროკურორმა გააპროტესტა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 1997 წლის 29 სექტემბერს არ დააკმაყოფილა პროკურორის კერძო პროტესტი და მეორე დღეს თ. მ-ია გათავისუფლდა პატიმრობიდან (იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი, 2 თვე და 6 დღე).

დიდუბის რაიონის სასამართლომ თ. მ-იას საქმის განხილვა დაიწყო 1997 წლის 25 დეკემბერს და დაასრულა 1998 წლის 22 ივლისს. სასამართლომ განაჩენით თ. მ-ია გაამართლა სსკ-ის 211-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებებში ცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

სასამართლომ, განჩინებით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 213-ე, 214-ე მუხლით ბრალდებებში დაუბრუნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიებისათვის.

მსჯავრდებულ თ. მ-იას საკასაციო საჩივრის და საქმის განხილვაში მონაწილე პროკურორის კერძო პროტესტის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 1998 წლის 24 ნოემბერს გააუქმა განაჩენი და განჩინება თ. მ-იას მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

დიდუბის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 22 ივნისის განაჩენით თ. მ-ია გაამართლა სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 211-ე, 213-ე და 214-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში; იგი კვლავ ცნო დამნაშავედ სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებთან შესაბამისობაში მოყვანით სასჯელად შეუფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

განაჩენით თ. მ-იას მსჯავრი დაედო მასში, რომ იყო რა შეიარაღებული ორგანიზაცია “მხედრიონის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, სათანადო ნებარვის გარეშე, შეიძინა “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი 13 საბრძოლო ვაზნით, რომელსაც ატარებდა და ინახავდა სახლში, რაც ამოღებულ იქნა 1996 წლის 9 ივლისს მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

განაჩენი თ. მ-იამ და პროცესში მონაწილე პროკურორმა გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 24 აპრილის განჩინებით, პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, გააუქმა განაჩენი თ. მ-იას მიმართ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მსჯავრდების ეპიზოდში და საქმე დაუბრუნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული.

თ. მ-ია კერძო საკასაციო საჩივარში და საკასაციო პალატის სხდომაზე მიუთითებს, რომ მეხუთე წელია უკანონოდ გრძელდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხელოვნურად შექმნილი ბრალდებებით. მისი განცხადებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა, მართალია, იგი სწორად გაამართლეს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულთა ბრალდების ეპიზოდებში, მაგრამ მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ეპიზოდში საქმე კლავ ადუბრუნდა დამატებით გამოძიებას. ამ სასამართლო პროცედურას დასჭირდა 3 წლამდე მეტი და ჯერ კიდევ არა აქვს დასასრული, ვინაიდან გაურკვეველია, თუ კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება დამატებით გამოძიებას და ხელახალ სასამართლო განხილვას. კასატორის აზნით, ეს არის არაგონივრულ ვადებში წარმოებული უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელიც მართალია, საბოლოოდ მისი სრული გამართლებით დამთავრდა, ისე როგორც ეს მოხდა ბრალდების ძირითად ეპიზოდებში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაშ საქმის განხილვის გაჭიანურება მას მიაჩნია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და სხვა საერთაშორისო თუ ევროპული აქტებით გარანტირებული გონივრულ ვადაში საქმის განხილვის, ე.ი. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად. კასატორის თქმით, თბილისის საოლქო სასამართლომ კი ნაცვლად იმისა, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაედგინა, სისხლის სამართლის საქმე კვლავ დააბრუნა დამატებითი გამოძიებისათვის, რითაც საგამოძიებო ორგანოებს საშუალება მისცა, მის მიმართ კვლავ გაურკვეველი ვადით გააგრძელონ სისხლისსამართლებრივი დევნა. კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის შეწყვეტა.

საკასაციო პალატის სხდომაზე მონაწილე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა თ. ქ-შვილმა თ. მ-იას კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, საჩივრის მოტივები მოისმინა მხარეთა პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის განჩინება თ. მ-იას მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლისსამართლებრივი დევნა თ. მ-იას მიმართ აღიძრა 1996 წლის 10 ივნისს და წინასწარი გამოძიება საქმეზე მიმდინარეობდა 1997 წლის 1 აგვისტომდე. სასამართლო განხილვაში საქმე იმყოფებოდა 1997 წლის 11 აგვისტოდან 2001 წლის 17 ივლისამდე. ის ფაქტი, რომ თ. მ-იას მიმართ სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება) წარდგენილი ბრალდებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო განხილვა 1996 წლის 9 ივნისიდან (თ. მ-იას დაკავების დღიდან) 2001 წლის 17 ივლისამდე (საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებამდე) მიმდინარეობდა, რომლის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აშკარად მიუთითებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენის, ტარების და შენახვის ბრალდების ნაწილში, სისხლის სამართალწარმოების ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელება, ვერ აკმაყოფილებს გონივრული ვადის სტანდარტს, რომელიც 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე_6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

თ. მ-იას საქმე წინასწარი გამოძიების სტადიაში იმყოფებოდა 1996 წლის 10 ივნისიდან 1997 წლის 1 აგვისტომდე (ერთი წელი, 1 თვე, 10 დღე), ხოლო სასამართლო წარმოებაში 1997 წლის 11 აგვისტოდან – 2001 წლის 17 ივლისამდე (თითქმის 4 წელი), მაშინ როცა, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული (მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი) დანაშაულისათვის სასჯელის მაქსიმალური ვადა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორჯერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენებით თ. მ-იას შეფარდებული ჰქონდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით – 2 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა, შეძენა ან ტარება) და მისი შესაბამისი ნორმა _ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) როგორც ძველი, ისევე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით არ მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ასეთი ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, წინასწარი გამოძიების წარმოებისას ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს ამ კატეგორიის საქმეებზე რაიმე განსაკუთრებული სირთულეები არ წარმოიშობა. თ. მ-იას სისხლის სამართლის საქმეს არ ახლავს ისეთი განსაკუთრებული სპეციფიკური გარემოებები, რითაც სისლისსამართლებრივი დევნის ორგანოების და სასამართლოს მიერ სამართალწარმოების ვადების ასეთი გაჭიანურება გამართლებული იქნება.

ასევე თ. მ-იას უსაფუძვლოდ წარდგენილი ჰქონდა ისეთი განსაკუთრებით მძიმე და მძიმე ბრალდებები, როგორიცაა სამშობლოს ღალატი (სსკ-ის 65-ე მუხლი), კონტრაბანდა (სსკ-ის 79-ე მუხლი), მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა (შემცირება) (სსკ-ის 160-ე მუხლი) _ ერთ შემთხვევაში პროკურატურის მიერ (თ. მ-იას ბრალდება სამშობლოს ღალატში) მოიხსნა, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდებში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენები (სსკ-ის 160-ე მუხლის მეორე ნაწილით, 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 211-ე, 214-ე მუხლებით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილი).

საქმის მასალების ანალიზით დგინდება, რომ თ. მ-იას ქცევა სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის მთელ ეტაპებზე ვერ იქნება მიჩნეული წარმოების გაჭიანურების საფუძვლად. აღნიშნულზე მეტყველებს წინასწარი გამოძიების პერიოდში (1996 წლის 10 ივნისიდან 1997 წლის 1 აგვისტომდე) თ. მ-იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა საქმის სასამართლოს წარმოებაში მიღებისთანავე (1997 წლის 11 აგვისტოს) უფრო მსუბუქი ღონისძიებით _ პირადი თავდებით, რომელიც შემდგომ სასამართლოს მიერ არ შეცვლილა.

პალატას მიაჩნია რომ, თ. მ-იას საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიუღებლობა სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ბრალდების ნაწილში მიანიშნებს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოსა და სასამართლოს დაინტერესებულობასა და უუნარობაზე _ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. აღნიშნული კი განაპირობებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში განსაზღვრული სამართლიანი სასამართლოს პროცესის ერთ-ერთი ელემენტის _ სამართალწარმოების გონივრულ ვადაში განხორციელების უფლების უგულვებელყოფას.

ამრიგად, ზემოთ მითითებული გარემოებების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ თ. მ-იას მოეხსნა მისთვის წარდგენილი ბრალდებები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულობაში ვერ იქნა დადასტურებული მის მიმართ მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით წარდგენილი ბრალდება, ამიტომ საქმე უნდა შეწყდეს და დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. საქმის დამატებით გამოძიებაში გაგზავნა იმ ვითარებაში, როცა თ. მ-იას მიერ წარმოდგენილი იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შეიარაღების დაჯგუფების სარდლის მოადგილის წერილი იმის შესახებ, რომ თ. მ-იას ბინაში აღმოჩენილი “მაკაროვის” სისტემის იარაღი 1991 წლის სექტემბერში, სხვა იარაღებთან ერთად გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრსობ რომლის დაკარგვაზე, გაჩუქებაზე ან სხვაგვარად სხვისთვის გადაცემაზე არსად არ არის დაფიქსირებული კიდევ ერთხელ წარმოშობს ეჭვს თ. მ-იას მიერ ამ დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. ყოველი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა მოპოვებით. ასეთ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად საქმის ისევ ადმატებით გამოძიებაში დაბრუნება ამ იარაღის წარმომავლობის გასარკვევად, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის ვადების არაგონივრულ გაჭიანურებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირეუბლი სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყლფას. ბრალდების მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და წარმოსადგენად. ამ მიზნით სასამართლოს მიერ მისთვის კიდევ დამატებითი დროის მიცემა იქნება მიზანშეუწონელი და მოუთმენელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

მარეაბილიტირებელი საფუძვლით საქმის შეწყვეტის გამო, გამართლებულ თ. მ-იას უფლება აქვს მოითხოვოს რეაბილიტაცია და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იხემძღვანელა, რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტით, 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტირთ, 562-ე, 568-ე მუხლებით პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბრალდებულ თ. მ-იას კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 აპრილის განჩინება თ. მ-იას მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.

აღმკვეთი ღონისძიება პირადი თავდებობა თ. მ-იას მიმართ გაუქმდეს.