განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 30.07.2001
საქმის ნომერი
2კ-39აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 39აპ 30 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-იას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 2 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 2 მარტის განაჩენით დ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის კოდექსი) თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1999 წლის კოდექსი) 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით 4 წლით, მე-3 ნაწილით 5 წლით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით (1999 წლის კოდექსი) 6 წლით, სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I და V ქვეპუნქტებით (1960 წლის კოდექსი) 10 წლით, სსკ-ის 104-ე მუხლის I და VII პუნქტებით (1960 წლის კოდექსი) 13 წლით; სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე (1960 წლის კოდექსი), საბოლოოდ დ. გ-იას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით დ. გ-იას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება და მათი უკანონო გადაზიდვა; მანვე პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა ქურდობის, ესე იგი, მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცების მცდელობა; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით; მანვე, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა; მანვე, სხვა ქვენაგრძნობით, ჩაიდინა ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ზემოაღნიშნული დანაშაულობები დ. გ-იამ ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

დ. გ-იამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში, ასევე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე, შეიძინა 16 მმ ყალიბის ¹217 ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი მისთვის განკუთვნილი ვაზნებით, 24 მმ ყალიბის საზენიტო ტყვიამფრქვევის ვაზნის ასაფეთქებელი პაკეტი, “ფ-1” და “რგდ-5” ტიპის ორი ხელყუმბარა, რომელთაც სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა და პერიოდულად დანაშაულთა ჩადენისა და გამოყენების მიზნით ატარებდა.

1993 წლის 26 ივლისს დ. გ-ია დაუკავშირდა თ. და გ. ნ-შვილებს, მ. და გ. გ-ძეებს, მ. თ-ძესა და შ. წ-ძეს, მოელაპარაკა მათ, რომ ჩაედინათ წყალტუბოს ზონის სოფ. ... მცხოვრები ჯ. წი-ძის კუთვნილი ავტომანქანიდან საბურავებისა და საქარე მინების ფარული გატაცება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფითა და მისთვის განკუთვნილი ვაზნით შეიარაღებული დ. გ-ია 1993 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 02 საათზე, თავის თანამზრახველებთან, ასევე, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფით შეიარაღებულ თ. და გ. ნ-შვილებთან, მ. და გ. გ-ძეებთან, მ. თ-ძესთან და შ. წ-ძესთან ერთად მივიდა ჯ. წი-ძის სახლთან. განაწილებული როლების მიხედვით მ. გ-ძე და მ. თ-ძე მეთვალყურედ ჭიშკართან დარჩნენ, ხოლო დანარჩენები შევიდნენ ეზოში და მივიდნენ ჯ. წი-ძის ბინის შესასვლელთან მდგარ მის კუთვნილ “ვაზ-2106” მოდელის ავტომანქანასთან. ამ დროს ძაღლის ყეფის მიზეზის გასარკვევად, ბინიდან გამოვიდა ჯ. წ-ძე და მისგან მათი შესაძლო მხილებისა და ადგილზე დაკავების თავიდან ასაცილებლად, ანგარებით, ჩადენილი ქურდობის მცდელობის დაფარვის მიზნით, დ. გ-იამ განიზრახა მისი მოკვლა. ამ მიზნით მომარჯვებული, ლულაგადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით ჯ. წი-ძეს მარცხენა თვალბუდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ. გ-ია, თანამზრახველებთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამის შემდეგ, 1995 წლის 4 ივლისს, დ. გ-ია დაუკავშირდა ქ. უთაისში მცხოვრებ ი. ბ-ძესა და კ. ს-ძეს და მოელაპარაკა მათ, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ მარტვილის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ჯ. წ-იას ოჯახს, მისი პირადი ქონების დაუფლების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დ. გ-იამ ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი, მისთვის განკუთვნილი ვაზნებით, საზენიტო ტყვიამფრქვევის პაკეტი და ხელყუმბარები მოათავსა ხელჩანთაში და თანამზრახველებთან ერთად ქ. ქუთაისიდან მარტვილის რაიონის სოფ. ... ავტობუსით უკანონოდ გადაზიდა. იმავე დღეს, დაახლოებით 24 საათზე, მივიდნენ ჯ. წ-იას სახლთან. შემუშავებული გეგმის მიხედვით, დ. გ-ია ლულაგადაჭრილი სანადირო თოფით, ი. ბ-ძე ხელყუმბარით, კ. ს-ძე დანით, ნიღაბაფარებულნი, შესასვლელი კარის შემტვრევის გზით, შეიჭრნენ წ-იას ბინაში, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა მარტო, მის მიმართ გამოიყენეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, გახურებული უთო დაადეს ხელის მტევანზე და სცემეს, რითაც მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, შემდეგ კი იარაღის გამოყენებით, მოკვლის მუქარით, აიძულეს გადაეცა მათთვის 1.800.000 რუსული რუბლი (811,80 ლარი). ფულის მიცემის შემდეგ განაგრძეს დანაშაულებრივი ქმედება და ფულისა და მათთვის სასურველი ნივთების ძებნის გაადვილების მიზნით, აგრეთვე, დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის თავიდან ასაცილებლად, ჯ. წ-იას ხელ-ფეხი გაუკოჭეს თოკით და პირი ნაჭრით აუკრეს, რის შემდეგ მის კუთვნილ ორ ჩემოდანში მოათავსეს მისივე სახლიდან ამოღებული სხვადასხვა დასახელების სულ 2.000.000 რუსულ რუბლად (1.000 ლარად) ღირებული ნივთები. ამის შემდეგ დ. გ-იამ და მისმა თანამონაწილეებმა, დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით, დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, მიაბეს იგი საძინებლის კიდეზე და ბინიდან მისი გამოსვლის შემთხვევაში ხელყუმბარით სახლის აფეთქებით დაემუქრნენ, შესასვლელი კარი გასაღებით გარედან გადაუკეტეს და დაუფლებული ქონება გაიტაცეს. ის ღამე გაათიეს მარტვილის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ი. ბ-ძის ბიძის, ე. ბ-ძის, ბინაში, სადაც გადამალეს ჯ. წ-იას ბინიდან წამოღებული ქონება და მასზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გამოყენებული იარაღები. ფული და გატაცებული ნივთების ნაწილი ურთიერთშორის გაინაწილეს, დანარჩენი კი დ. გ-იამ გაასაღა დაუდგენელ გარემოებებში.

მსჯავრდებული დ. გ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ იგი არის უკანონო და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზიდან.

სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი მ. ა-ია ითხოვს დ. გ-იას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არც ერთი დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა არ მიუღია. ჯ. წი-ძის ავტომანქანის გატაცების მცდელობისა და მისი მკვლელობის ეპიზოდში, მართალია, მას ამხელს 6 კაცი, მაგრამ ისინი თავად არიან აღნიშნული დანაშაულის თანამონაწილენი და ცდილობენ ჭუჭყიანი ხელების დ. გ-იაზე შეხოცვას. მ. ახალაია, ასევე, მიუთითებს, რომ საქმეზე უტყუარ მტკიცებულებად ცნობილი წერილები ,,შავი სამყაროს” მიმართ, სსსკ-ის 111-ე მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებებად და, შესაბამისად, უარყოფილ უნდა იქნეს საქმის მასალებიდან. რაც შეეხება ჯ. წ-იას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს, აღნიშნული, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პრეიუდიციულ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც, ასევე, არასწორია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა მოწმე მ. გ-იას (დ. გ-იას მამის) ჩვენება, რომ ამ პერიოდში მისი ცოლიც და შვილიც იმყოფებოდნენ რუსეთში და არ შეამოწმა მითითებული ალიბის სისწორე.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. გ-იამ შეცვალა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მოითხოვა მის მიმართ საქმის შეწყვეტა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

დაზარალებულის წარმომადგენელმა შ. წ-ძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია მსჯავრდებული დ. გ-ია არ არის მამამისის მკვლელი, რადგან მთავარი დამნაშავენი დღესაც გარეთ დათარეშობენ, მაგრამ იმის დამადასტურებელი, რომ სხვა არის მკვლელი, არ გააჩნია.

პროკურორი ა. ს-შვილი არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა დ. გ-იას მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დ. გ-იას მსჯავრი ედება ორ დანაშაულებრივ ეპიზოდში მონაწილეობისათვის. იგი არც წინასწარი გამოძიების და არც საქმის სასამართლოში განხილვის არც ერთ სტადიაზე თავს არ ცნობს დამნაშავედ და გამორიცხავს მის მონაწილეობას დანაშაულთა ჩადენაში, მაგრამ არ უარყოფს, რომ ჯ. წი-ძის ავტომანქანის გატაცების მცდელობის ფაქტზე თანამონაწილენი მისი მეზობლები არიან და მათთან კარგი მეზობლური ურთიერთობა აქვს. ამასთან, იგი ვერ ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ადებენ ხელს მას თავისი თანასოფლელები და საქმის როგორც პირველი, ისე საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს აღნიშნავს, რომ ეს, ალბათ, განპირობებულია იმით, რომ მას რუსი ეროვნების დედა ჰყავს. რაც შეეხება ჯ. წ-იას ოჯახზე თავდასხმის ფაქტს, იგი უარყოფს ამ დანაშაულში თანამონაწილეებთან ნაცნობობას.

ჯ. წი-ძის პირადი ქონების ფარული გატაცების მცდელობისა და ამ უკანასკნელის განზრახ მკვლელობის ეპიზოდში ბრალდება ემყარება 6 მოწმის ჩვენებას, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ დ. გ-იას მონაწილეობაზე 1993 წლის 27 ივლისს ჯ. წი-ძის კუთვნილი ავტომანქანიდან ნაწილების ფარული გატაცების მცდელობაში და მის ექსცესზე ჯ. წი-ძის მკვლელობის ნაწილში.

სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა და არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ მოწმეები თ. და გ. ნ-შვილები, მ. და გ. გ-ძეები, მ. თ-ძე და შ. წ-ძე არიან დაინტერესებული პირები და ფაქტობრივად ჯ. წი-ძის ოჯახზე განხორციელებული ქურდობის მცდელობის თანამონაწილენი. წინასწარი გამოძიების მიერ აღნიშნული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ იქნა აღძრული საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 ივნისის “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე (მ. თ-ძისა და მ. გ-ძის მიმართ _ სსკ-ის 17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით 1998 წლის 17 ოქტომბრის დადგენილებით; გ. ნ-შვილისა და გ. გ-ძის მიმართ სსკ-ის 17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო თ. ნ-შვილისა და შ. წ-ძის მიმართ სსკ-ის 17,150-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 1998 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით). აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატას მითითებული მოწმეების ჩვენებები სადავოდ მიაჩნია.

საქმეში მოთავსებულია წყალტუბოს სასამართლოს 1999 წლის 23 თებერვლის განაჩენის ასლი, რომლითაც დადგენილია, რომ თ. და გ. ნ-შვილებს, თ. და მ. გ-იებს, შ. წ-ძეს და დ. გ-იას ჩადენილი აქვთ ქურდობა, რაც გამოიხატა წყალტუბოს ზონის სოფ. ... კულტურის სახლიდან “ბელარუსის” მარკის პიანინოს ფარულ დაუფლებაში. აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 1993 წლის 17 ივლისს. საქმეში არ მოიპოვება მასალა, თუ ვინ არის ეს დ. გ-ია და ხომ არაფერი კავშირი ჰქონდა მას 10 დღის შემდეგ მომხდარ მკვლელობასთან. მით უფრო, რომ იგი ამ განაჩენით მოიაზრება დანარჩენ მსჯავრდებულთა თანამონაწილედ. დანაშაულის ჩადენის ხერხიც, როგორც 17 ივლისის, ასევე 27 ივლისის ეპიზოდებში, ერთმანეთს ჰგავს.

თ. ნ-შვილმა ეჭვმიტანილად დაკითხვისას პიანინოს ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით მიუთითა ვინმე დ. გ-იაზე და იგი მოიხსენია თავის სკოლელად, რომელთანაც ერთ კლასში სწავლობდა, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულმა დ. გ-იამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას სკოლაში არ უსწავლია, იგი სწავლობდა სკოლა-ინტერნატში. თ. ნ-შვილი დაბადებულია 1976 წელს, ხოლო დ. გ-ია _ 1973 წელს, ე.ი. ის ვერ იქნება თ. ნ-შვილის კლასელი. რაც შეეხება დ. გ-იას, ის დაბადებულია 1975 წელს.

წინასწარი გამოძიება არ არკვევს, არის თუ არა ერთი და იგივე პიროვნება პიანინოს ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით მსჯავრდებული დ. გ-ია და ჯ. წი-ძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით გაბუნია.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჯ. წი-ძის მკვლელობისა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დანაშაულის ჩადენის დღესვე, 1993 წლის 27 ივლისს. იმავე წლის 27 სექტემბერს, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემ პირთა დაუდგენლობის გამო, საქმეზე წინასწარი გამოძიება შეჩერდა და იგი განახლდა 1997 წლის 15 მაისს, მაგრამ იმავე წლის 10 დეკემბერს საქმეზე წინასწარი გამოძიება იმავე მოტივით, პასუხისგებაში მისაცემი პირის დაუდგენლობის გამო, ისევ შეჩერდა. საქმეზე წინასწარი გამოძიება საბოლოოდ მხოლოდ 1998 წლის 4 ოქტომბერს განახლდა, მას შემდეგ, რაც 1998 წლის 4 ოქტომბერს ეჭვმიტანილის სახით დაკითხულმა თ. გ-იამ თავის ჩვენებაში მიუთითა ლ. წ-ძისა და თ. ნ-შვილის მიერ ჯ. წი-ძის მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე. აღნიშნულ ჩვენებაში თ. გ-ია უთითებს, რომ ჯ. წი-ძის მკვლელობის დღეს მას სახლში მიაკითხეს ლ. წ-ძემ და თ. ნ-შვილმა, რომლებმაც შესთავაზეს “საქმეზე” წასვლა, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, რა საქმეზე, რაზეც მან უარი უთხრა. მაშინ მათ სთხოვეს იარაღი. აღნიშნულზე უარი არ უთქვამს და მან ლ. წ-ძეს გადასცა თავისი დეიდაშვილის პ. კ-ძის მიერ მისთვის შესანახად მიბარებული ლულაგადაჭრილი სანადირო თოფი. ვინაიდან იმ ღამეს მოხდა ჯ. წი-ძის მკვლელობა, მან ეჭვი მიიტანა მათზე.

თ. გ-ია თ. ნ-შვილთან დაპირისპირებისას, 1998 წლის 7 ოქტომბერს, პირდაპირ მიუთითებს, რომ ჯ. წ-ძის მკვლელობაზე ეჭვი მიტანილი ჰქონდა ლ. წ-ძესა და თ. ნ-შვილზე.

რაც შეეხება პატიმარ თ. გ-იას საკნიდან ამოღებულ წერილს, რომელიც გამიზნული იყო ვინმე ბაჩუკისათვის და მასში მოხსენიებულია თვალება დ. გ-ია, იგი დასახელებულია მის თანამზრახველად სხვადასხვა დანაშაულობების ჩადენაში და არა ჯ. წი-ძის მკვლელობაში. აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით თ. გ-ია წერს, რომ ჯ. წი-ძის მკვლელობა მოხდა მისგან ნათხოვარი გადაჭრილი თოფით. წერილში ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხსენიებული არიან ლ. წ-ძე და თ. ნ-შვილი, ხოლო დღევანდელი მსჯავრდებული დ. გ-ია მასში მოხსენიებული არ არის. საინტერესოა ის დეტალიც, რომ აღნიშნულ წერილს ერთვის მიმართვა იმერეთის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებლის ნ. ჯ-იას სახელზე, რომელსაც ხელს აწერს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ოდბ და სსს სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი გ. დ-ძე და რომელიც დათარიღებულია 1998 წლის 7 ოქტომბრით, ხოლო იმერეთის საოლქო პროკურატურაში შესულია იმავე წლის 12 ოქტომბერს. მიმართვაში მითითებულია, რომ ¹2 იზოლატორიდან მიღებული პატიმარ გ-იას წერილი და მისი ამოღების ოქმი ეგზავნებათ მოთხოვნის შესაბამისად.

რამდენიმე დღის შემდეგ ქუთაისის ¹2 საგამოძიებო იზოლატორიდან ამოღებულ იქნა თ. ნ-შვილის წერილი, სადაც ჯ. წი-ძის მკვლელად პირდაპირ დასახელებულია დ. გ-ია, ანუ ზედმეტ სახელად “იუზიჩი”. შემდეგ თ. ნ-შვილი 1998 წლის 14 ოქტომბერს ბრალდებულის სახით დამატებითი დაკითხვის ოქმში აზუსტებს მკვლელობაში მონაწილე პირს.

რაც შეეხება ქ. ქუთაისის ¹2 საგამოძიებო იზოლატორის საავადმყოფოდან მსჯავრდებულ დ. გ-იას შარვლის ჯიბიდან ამოღებულ წერილს, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ იგი დაწერილია თავად მსჯავრდებულის მიერ, მაგრამ საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ. გ-იას განმარტებით, იგი შესრულებულია მუქარის ქვეშ. მართალია, წერილში დ. გ-ია მიუთითებს მის მიერ ჯ. წი-ძის მკვლელობას, მაგრამ მასში არსებული წინააღმდეგობების გათვალისწინებით, ალბათ, ვერ იქნება ის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უდავოდ მიანიშნებს მსჯავრდებულის მიერ ჯ. წი-ძის მკვლელობის ფაქტზე.

გარდა ამისა, წინასწარ გამოძიებას არ გადაუმოწმებია დ. გ-იას ვერსია შემთხვევის დღეს მისი საქართველოში არყოფნის შესახებ. შესაძლოა, იგი იმ პერიოდში იმყოფებოდა რუსეთში.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენლის შ. წ-ძის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ მამამისის მკვლელი იყო დ. გ-ია, ვინაიდან მთავარი დამნაშავეები დღესაც გარეთ დათარეშობენ.

დამატებითმა გამოძიებამ, გარდა საქმეზე მოწმედ დაკითხული 6 დაინტერესებული პირისა, რომლებიც კატეგორიულად მიუთითებენ დ. გ-იას მონაწილეობაზე ჩადენილ დანაშაულში, უნდა მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები; გადაამოწმოს დანაშაულის ჩადენის დროს დ. გ-იას რუსეთში ყოფნის საკითხი; გაარკვიოს 1999 წლის 23 თებერვლის წყალტუბოს სასამართლოს განაჩენში პიანინოს ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით მოხსენიებული და. გ-ია სად იმყოფებოდა 1993 წლის 27 ივლისს, მკვლელობის დღეს; გაირკვეს წყალტუბოს რაიონის სოფ. ... რამდენი დ. გ-ია ცხოვრობს და დაზუსტდეს მათი ადგილსამყოფელი მკვლელობის დღეს, 1993 წლის 27 ივლისს; კრიტიკულად შეფასდეს თ. გ-იას ჩვენებები ლ. წ-ძისა და თ. ნ-შვილის მონაწილეობაზე ჯ. წი-ძის მკვლელობაში.

რაც შეეხება განაჩენით დ. გ-იასთვის შერაცხულ მსჯავრდებას 1995 წლის 4 ივლისს მარტვილის რაიონის სოფ. ... მოქალაქე ჯ. წ-იას ოჯახის დაყაჩაღების თაობაზე, რომელიც სასამართლომ დ. გ-იას თანამონაწილეების კ. ს-ძისა და ი. ბ-ძის მიმართ მარტვილის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 4 დეკემბრისა და 1996 წლის 6 სექტემბრის განაჩენების პრეიუდიციული ძალით დაადგინა, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მარტვილის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ი. ბ-ძის მიმართ დადგენილ იქნა ის ფაქტი, რომ მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით. ასევე, იმავე სასამართლოს 1996 წლის 6 სექტემბრის განაჩენით კ. ს-ძის მიმართ დადგენილ იქნა, რომ მან ბ. ბ-ძესთან და წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მცოვრებ დ. გ-იასთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა ჯ. წ-იას ოჯახზე, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია მსჯავრდებულ დ. გ-იას მონაწილეობაზე ამ ყაჩაღურ თავდასხმაში და არც დაუდგენია ეს ფაქტი.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კ. ს-ძეს ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმში დ. გ-ია მოხსენიებული ჰყავს თავის მეგობრად, ხან დ. თ-უად, ხან _ დ. გ-იად, ვისთან ერთადაც მარტვილის რაიონში დააყაჩაღა წ-იების ოჯახი.

ი. ბ-ძის ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ დ. თ-უა, რომელიც მათთან ერთად მონაწილეობდა წოწორიების ოჯახზე თავდასხმაში, იყო მის თანამზრახველ კ. ს-ძის მეგობარი და მოხსენიებულია როგორც წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მცხოვრები დ. თ-უა. ი. ბ-ძე ეჭვმიტანილად დაკითხვის ოქმში, ასევე, უთითებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მათთან ერთად იყო დ. თ-უა.

იგივეა დაფიქსირებული ი. ბ-ძის შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმში, კერძოდ, მითითებულია, რომ იგი კ. ს-ძესთან და დ. თ-უასთან ერთად თავს დაესხა სოფ. ... მცხოვრებ გ. წ-იას ოჯახს. ასევე, დ. თ-უა თავის თანამზრახველად ჰყავს მოხსენიებული ი. ბ-ძეს ბრალდებულად დაკითხვის დროსაც _ 1995 წლის 16 ივლისს. თუმცა წყალტუბოს შს საქალაქო განყოფილების გეგუთის პოლიციის უფროსის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით დგინდება, რომ დ. თ-უა ჩაწერა-ამოწერის წიგნში რეგისტრირებული არ არის და, ამდენად, იგი სოფ. ... მაცხოვრებელი არასდროს ყოფილა.

საინტერესოა გამომძიებელ ნ. ჯ-იას მიერ შედგენილი 2000 წლის 5 იანვრის დადგენილება ბრალდებულის ვინაობის დაზუსტების შესახებ, რომლითაც საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოშველიებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადგენს, რომ საქმეზე დ. თ-უად და მეტსახელად “იუზიჩად” წოდებული პიროვნება არის ერთი და იგივე პირი და იგი არის დ. გ-ია.

საქმის გამოყოფის შესახებ 1996 წლის 5 მაისის დადგენილებაში ჯ. წ-იას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილედ მითითებულია იმ დროისთვის მიმალვაში მყოფი დ. გ-ია. ამავე დადგენილებით მის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი. მსჯავრდებულ დ. გ-იას დაკავების შემდეგ წინასწარი გამოძიების მიერ არ არის დადგენილი, რომ დ. გ-ია და და. გ-ია არის ერთი და იგივე პიროვნება.

ამის შემდეგ საქმეში მოთავსებულია სოფ. ... გამგეობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობები დ. გ-იას შესახებ. გამოძიებას არ გადაუმოწმებია, რამდენი დ. გ-ია ცხოვრობდა სოფ. ... და რა მონაცემების საფუძველზე იქნა კონკრეტულად დ. გ-ია ბრალდებული ამ დანაშაულში.

დ. გ-იას მიმართ ძებნა გამოცხადდა და დაპატიმრების სანქცია გაიცა 1996 წლის 10 მაისს. მხოლოდ 1998 წლის 1 აპრილს წყალტუბოს შს საქალაქო განყოფილების უფროსის ი. ი-ძის წერილის საფუძველზე გაირკვა, რომ ძებნილი დ. გ-ია 1998 წლის 6 თებერვალს გასამართლდა ქ. კრასნოდარის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

უნდა აღინიშნოს 1999 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული ... გამგეობის თავმჯდომარის ვინმე გ-იას ორწინადადებიანი დახასიათების თაობაზეც, რომლითაც დ. გ-ია ხასიათდება უარყოფითად, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რაში გამოიხატება იგი. აღნიშნული დახასიათება გამოძიებას არ გადაუმოწმებია.

გამოძიებას არ გადაუმოწმებია, ასევე, 1997 წლის 15 თებერვალს მოწმის სახით დაკითხულ დ. გ-იას მამის მ. გ-იას ჩვენება იმის თაობაზე, რომ მისი შვილი უკვე მეორე წელიწადია, რაც წასულია რუსეთში, ქ. კუიბიშევში.

დ. გ-იამ სასამართლოში საქმის განხილვისას წამოაყენა ალიბი, რომ 1995 წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში იგი წავიდა რუსეთში, სადაც ჩასვლისთანავე გაიარა რეგისტრაცია ქ. კრასნოდარის ლენინის რაიონის პოლიციაში. ამის შემდეგ იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა, ე.ი. დანაშაულის ჩადენის დროს საქართველოში არ ყოფილა. დ. გ-იამ ითხოვა მისი ალიბის შემოწმება, რაც სასამართლომ არ გააკეთა.

მსჯავრდებული დ. გ-ია ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიუთითებს, რომ ი. ბ-ძისა და კ. ს-ძის ვინაობები მას არაფერს ეუბნება, იგი საერთოდ არ არის ნამყოფი მარტვილის რაიონში, არათუ მონაწილეობა მიეღოს ჯ. წ-იას ოჯახზე თავდასხმაში. მიუხედავად დ. გ-იას ასეთი განცხადებისა, წინასწარ გამოძიებას მასსა და ზემოთ მითითებულ პირებს შორის დაპირისპირება არ ჩაუტარებია. ი. ბ-ძე და კ. ს-ძე არც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაკითხულან.

აღნიშნული გარემოებების არსებობისას, როცა საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დ. გ-ია მონაწილეობდა ჯ. წ-იას ოჯახზე თავდასხმაში, არ შეიძლება დადგენილად იქნეს მიჩნეული მის მიერ დანაშაულის ჩადენა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მარტვილის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 4 დეკემბრისა და 1996 წლის 6 სექტემბრის განაჩენებით, რომელთა პრეიუდიციული ძალაც გამოიყენა სასამართლომ დ. გ-იას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, ი. ბ-ძე და კ. ს-ძე ცნობილი არიან დამნაშავეებად მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I და V ქვეპუნქტებით და არა აქვთ შერაცხული სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით (1960 წლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 133-ე მუხლით) გათვალისწინებული დანაშაულობების ჩადენა, რაც სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, დამატებით შეურაცხა მსჯავრდებულ დ. გ-იას, რისი სამართლებრივი საფუძველიც მას არ ჰქონდა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დამატებითმა გამოძიებამ ყურადღება უნდა მიაქციოს განჩინებაში დასმულ საკითხებს; ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მოახდინოს დამნაშავე პირისთვის ზემოაღნიშნული დანაშაულობების შერაცხვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 562-ე, 563-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. გ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 2 მარტის განაჩენი დ. გ-იას მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად გაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.