განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
6041-13 20 მარტი, 2013 წელი
გ-ე პ, 6041-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. ვ-ას
მსჯავრდებულ _ პ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. გ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, პ. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა, გ“და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით; სსკ–ის 226–ე მუხლით – 1 წლით, ხოლო სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნაწილობრივი შეკრების წესით, პ. გ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 დეკემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენი პ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით პ. გ-ის ქმედება სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2005 წლის 11 ოქტომბრიდან იმავე წლის 24 ოქტომბრამდე დაკავებაში ყოფნის დრო (13 დღე).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით პ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ პ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით პ. გ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: პ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა, გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 226–ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე გაუნახევრდა სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პ. გ-ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 დეკემბრიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე პ. გ-ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გამოტანის დროს იყო არასრულწლოვანი, ნასამართლობის არმქონე, რის გამოც უნდა გათავისუფლებულიყო სსკ-ის 226-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა, გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი უნდა განახევრებოდა. ამასთან, მას სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულებისა, რომელთა სრული ჩამონათვალი მითითებულია ამავე მუხლში და არ ეხება სსკ-ის 226-ე მუხლს.
ამავე კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პირზე, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პ. გ-ე (როგორც ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული) უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 226-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის მოხდისგან.
ამასთან, პ. გ-ეს (როგორც ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული) უნდა გაუნახევრდეს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 3 წელი და 5 თვე და უნდა განესაზღვროს 1 წელი, 8 თვე და 15 დღე.
საბოლოოდ, პ. გ-ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 8 თვისა და 13 დღის ვადით, რომლის მოხდაც უნდა დაეწყოს 2007 წლის 24 ოქტომბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
პ. გ-ე გათავისუფლდეს სსკ-ის 226-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის მოხდისგან.
პ. გ-ეს გაუნახევრდეს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 1 წელი, 8 თვე და 15 დღე.
საბოლოოდ პ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 8 თვისა და 13 დღის ვადით, რომლის მოხდაც დაეწყოს 2007 წლის 24 ოქტომბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე