დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.03.2013
საქმის ნომერი
2კ-631-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6311-13 20 მარტი, 2013 წელი

ო-ი ზ, 6311-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ის

ადვოკატ – ლ. მ-ის

მსჯავრდებულ _ ზ. ო-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ო-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის განაჩენით ზ. ო-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეუპუნქტით და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10.000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ზ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით; სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ო-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ო-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით – საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ზ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 15 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით მსჯავრვდებულ ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ზ. ო-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ზ. ო-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 15 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე ზ. ო-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 და მე-8 მუხლების საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლება.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა განთავისუფლება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელებისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, ხოლო იმავე კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით. იმავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, რადგან ზ. ო-ი დრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირია, საქალაქო სასამართლომ მასზე კანონიერად ვერ გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 და მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები. რაც შეეხება სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს, საქალაქო სასამართლომ კანონიერად ისარგებლა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით და მსჯავრდებული გაათავისუფლა ამ მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით და პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება, საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი კანონიერად შეუმცირა ¼-ით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–19 მუხლის თანახმად: „პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მე–8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“ და რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანაშაულის ჩადენის დროს ზ. ო-ი უკვე იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, მას კანონიერად არ აღუდგა ზემოაღნიშნული უფლებები.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნით, სადაც აღნიშნულია, რომ „ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე და დამატებით სასჯელად შეფარდებული ჯარიმა დატოვა უცვლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე