განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№12611-13 10 აპრილი, 2013 წელი
ზ-ე ვ., 12611-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ჯ. უ-ს
ადვოკატ - მ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 23 მაისის განაჩენით ვ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის „ა“, „ი“ პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 28 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ზ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ვ. ზ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ზ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული.
ამდენად, მსჯავრდებული ვ. ზ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს იმ პირების მიმართ, ვისზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება და მათ მხოლოდ ერთი მეოთხედით უმცირდებათ დანიშნული სასჯელი. ცხადია, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება შეუძლებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ვ. ზ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს.
საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ი“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე