დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1281-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№12811-13 11 აპრილი, 2013 წელი

ბ-ი ლ.-12811-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ის

ადვოკატ – კ. ც-ის

მსჯავრდებულ _ ლ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლსი 5 მაისის განაჩენით ლ. ბ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით; სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“ და თ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით; სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 5 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით; იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, ლ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2004 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 თვე და მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 9 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 26 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ლ. ბ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე, 143-ე, 353-ე , 187-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით წარდგენილი ბრალდებები. ლ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 2 წელი და 6 თვე – პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, 2 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი.

ლ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 აგვისტოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 2231 - ე მუხლის 1-ლი ნაწილით –7 წლით, ხოლო სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ლ. ბ-ს მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 23 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ლ. ბ-ს, ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 თვის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ლ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 10 თვისა და 8 დღის ვადით, 2 წელი, 5 თვე – პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 6 თვის გამოსცდელი ვადით.

ლ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 აგვისტოდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის დადგენილებით ლ. ბ-ს სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით:

მსჯავრდებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 9 წელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 4 თვითა და 3 დღით, პირობითი მსჯავრი – 2 წელი, 5 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 17 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, 2 წელი და 5 თვე – პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 6 თვის გამოსცდელი ვადით.

ლ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 9 თებერვლიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №… დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქოს სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით ლ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელი – 9 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; პირობითი მსჯავრი – 2 წელი და 5 თვე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა – 1 წელი, 9თვე, 22 დღე, ხოლო გამოსაცდელი ვადა – 2 წელი 6 თვე შეუმცირდა ასევე ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 1 წელი, 10 თვე, 15 დღე.

მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 3 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 339-ე მუხლის 1ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი, 9თვე, 22 დღე – პირობითი მსჯავრი, 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

ლ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 26 ოქტომბრიდან.

რუსთავის საქალაქოს სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების თაობაზე ლ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება და შესაბამისად – სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, 1/4-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

იმავე კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე კი: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ, მართალია, კანონიერად იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული კანონის მე-16, მე-17 მუხლებით და მსჯავრდებულ ლ. ბ-ს 1/4-ით ცალ–ცალკე შეუმცირა დანიშნული სასჯელები, ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-18 მუხლით და მსჯავრდებულს ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირა როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, მაგრამ მან არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, სადაც აღნიშნულია: ,,განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან“ და შესაბამისად, სასჯელის ათვლა დაიწყო 2005 წლის 26 ოქტომბრიდან.

ამასთან, საკასაციო პალატამ სასჯელთა პროპორციული წილის სწორად დაანგარიშებით, მართალია, მიიღო მსჯავრდებულ ლ. ბ-ისათვის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულ სასჯელზე ნაკლები სასჯელი, მაგრამ მსჯავრდებულს, სასჯელის ვადის ათვლის ახალი თარიღის გათვალისწინებით – დაუმძიმდებოდა მდგომარეობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მიზნით, რომ არ გაუარესდეს მსჯავრდებულის მდგომარეობა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი