დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№413აგ-13 18 დეკემბერი, 2013 წელი
კ-ი კ.- 413აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განაჩენით კ. კ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
კ. კ-ს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე მოხდილად ჩაეთვალა 2009 წლის 6 ოქტომბრიდან 2009 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა და კ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა - 3 წლით, 2 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 29 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 20 აგვისტოდან 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა კ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენის თაობაზე კ. კ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა, 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა (სასჯელის შემცირება).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ კ. კ-ისათვის სასჯელის შემცირება ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი კ. კ-ნის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი