დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.12.2013
საქმის ნომერი
428აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№428აგ-13 18 დეკემბერი, 2013 წელი

ხ-ი გ.- 428აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენით გ. ხ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით;

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 4500 ლარის ოდენობით.

გ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 6500 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა გ. ხ-ის მიმართ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს განაჩენით დანიშნული (სსკ-ის 388-ე მუხლის მე-3 ნაწილი) პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 6500 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2009 წლის 27 აპრილიდან 2009 წლის 1 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 5 დღე.

ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებულნი არიან მ. მ-ე, გ. რ-ი, ლ. ხ-ი, რ. ფ-ი, დ. გ-ი, გ. ტ-ი, თ. ხ-ი, ბ. მ-ე (გარდაცვალების გამო სასჯელის დაუნიშნავად), ხოლო სსკ-ის 375-ე მუხლით - გ. ფ-ი და ი. ნ-ე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ:

გ. ხ-ი გათავისუფლდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 388-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან; ასევე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) დანიშნული - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;

მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 1 აგვისტოდან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით დაზუსტდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება, კერძოდ:

გ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა, რის შედეგადაც საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 1 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა გ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 3 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილს - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 1 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2009 წლის 27 აპრილიდან 2009 წლის 1 მაისამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 5 დღე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენის თაობაზე გ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საბოლოო სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით (სასჯელის მინიმუმამდე შემცირება).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ გ. ხ-ი 2009 წელს გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მან ახალი დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც პალატა მიიჩნევს, რომ გ. ხ-ისათვის სასჯელის შემცირება, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენი გ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი