შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.01.2014
საქმის ნომერი
569აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№569აგ-13 20 იანვარი, 2014 წელი

მ-ი მ.- 569აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განაჩენით მ. მ-ი, ნასამართლევი (თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. პირობითი მსჯავრის პერიოდში კვლავ ჩაიდინა დანაშაული), - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე, 59-ე მუხლების საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და მ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 19 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განაჩენი მ. მ-ის მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე, 59-ე მუხლების საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 თვე, 20 დღე და მ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით, 8 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2006 წლის 19 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით, 5 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 4 დეკემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განაჩენში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის განაჩენი, შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ მ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი, 5 თვე, 5 დღე და მ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 5 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 4 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მ. მ-ი გათავისუფლდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა სრული შეკრებით, მ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 4 დეკემბრიდან.

2013 წლის 14 მაისს მ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელთა შეკრება უნდა მოხდეს არა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არამედ – იმავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რადგან მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განაჩენის გამოტანამდე (2006 წლის 26 ივლისს).

ამდენად, მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (2007 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით) – 3 წელი, 2 თვე, 15 დღე და მ. მ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც უნდა დაეწყოს 2007 წლის 4 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (2007 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით) – 3 წელი, 2 თვე, 15 დღე და მ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყოს 2007 წლის 4 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი