დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.01.2014
საქმის ნომერი
597აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№597აგ-13 14 იანვარი, 2014 წელი

გ-ე ი.- 597აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ი. გ-ე, ნასამართლევი (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ი. გ-ის მიმართ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. ი. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 29 მაისიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული ი. გ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთისა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და 6 თვე - შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წელი, 1 თვე და 15 დღე, ასევე 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და 9 თვე - შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წელი და 22 დღე. საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 29 მაისიდან.

მსჯავრდებულ ი. გ-ისათვის დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა - 10.000 ლარი - დარჩა უცვლელად. მასვე აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ი. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წელსა და 22 დღეს – დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. გ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ი. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 29 მაისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სამეთა პალატას. კასატორმა ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. მან აღნიშნა, რომ, რადგან ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლით დადგენილი სასჯელისაგან, მის ქმედებაში ადგილი არა აქვს დანაშაულის რეციდივს; ასევე, იმის გამო, რომ მის მიმართ წარმოებული საქმე სიმართლეს არ შეესაბამება, ითხოვა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული ნასამართლევია განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის, ამასთანავე, მას ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების საფუძველზე მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა და მიაჩნია, რომ ი. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება.

იმის გამო, რომ ი. გ-ე ადრე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სსკ-ის 260-ე მუხლით დადგენილი სასჯელისაგან გათავისუფლების შემდეგ მის ქმედებაში ადგილი აღარა აქვს დანაშაულის რეციდივს. რაც შეეხება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს, რითაც იგი უარყოფს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ითხოვს უკვე გამოკვლეული და სამართლებრივად შეფასებული მტკიცებულებების ხელახლა შემოწმებას, ანუ ფაქტობრივად, საქმის ხელახლა განხილვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან მსჯავრდებული არ მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც ადრე არ იყო ცნობილი და რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი