დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№863აგ-13 13 იანვარი, 2014 წელი
ნ-ი ი, 863აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 მარტის განაჩენით ი. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის I ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით _ 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ი. ნ-ი საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლევი, მცხოვრები რ-ს -ე მ/რაიონის -ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის II ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის III ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 9 თვით (მ. ხ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდი), ხოლო 177-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 5 წლითა და 3 თვით (შპს ,,ს» ქურდობის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, ი. ნ-ს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ი. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 19 მარტიდან _ 1 აპრილის ჩათვლით. იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 27 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ნ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ი. ნ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 მარტის განაჩენით (რომელიც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან;
მსჯავრდებულ ი. ნ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით: საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით - შეუმცირდა ¼-ით – 6 თვით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; მ. ხ-ს ბინის ქურდობის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 9 თვით - შეუმცირდა ¼-ით - 1 წლით, 2 თვითა და 8 დღით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 6 თვითა და 22 დღით;
ქურდობის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼-ით - 1 წლით, 3 თვითა და 23 დღით და მოსახდელად დარჩა 3 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ი. ნ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 აპრილიდან, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 19 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ი. ნ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ნ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს, 6 თვესა და 21 დღეს;
მსჯავრდებულ ი. ნ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს, 11 თვესა და 7 დღეს;
საბოლოოდ მსჯავრდებულ ი. ნ-ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 7 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 19 მარტიდან _ 1 აპრილის ჩათვლით. ი. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 აპრილიდან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ნ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ი. ნ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (მ. ხ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) დაენიშნა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ს“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 19 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ი. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში, ი. ნ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ნ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი