დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№721აგ-13 18 თებერვალი, 2014 წელი
თ-ე ხ.- 721აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენით ხ. თ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ხ. თ-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ხ. თ-ეს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3.500 ლარი. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 4 თებერვლიდან იმავე წლის 2 მარტის ჩათვლით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც ხ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 7 მარტის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით;
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 10 მარტის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ხ. თ-ეს სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი და საბოლოოდ ხ. თ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
ხ. თ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 12 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 4 თებერვლიდან იმავე წლის 2 მარტის ჩათვლით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით ხ. თ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელებისაგან;
მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 7 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 10 მარტის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ხ. თ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. თ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 12 მარტიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 23 მაისს ხ. თ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ხ. თ-ის შუამდგომლობა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 7 მარტის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის ნაწილს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 10 მარტის ეპიზოდი) დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან - 1 წელი და საბოლოოდ ხ. თ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. თ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 12 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ხ. თ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ცნობილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით ხ. თ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელებისაგან და მოსახდელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2010 წლის 10 მარტის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელები.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ხ. თ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი ხ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი