დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.02.2014
საქმის ნომერი
733აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№733აგ-13 12 თებერვალი, 2014 წელი

ქ-ა გ.- 733აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის განაჩენით:

გ. ქ-ა, ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 11 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2.000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3.000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მას მიესაჯა 18 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5.000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წელი და გ. ქ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5.000 ლარი.

გ. ქ-ას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2006 წლის 9 იანვრიდან 2006 წლის 11 იანვრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2007 წლის 14 მაისიდან.

იმავე განაჩენით ლ. გ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 18,179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა - 2.000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა - 3.000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ლ. გ-ს მიესაჯა 15 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5.000 ლარი.

ლ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ. ქ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ქ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გ. ქ-ა გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე გ. ქ-ას ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელები: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 11 წელი, 8 თვე და განესაზღვრა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ქ-ას მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2006 წლის 9 იანვრიდან 2006 წლის 11 იანვრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2007 წლის 14 მაისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის განჩინებით აღმოიფხვრა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობები, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე გ. ქ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ გ. ქ-ას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელები: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე გაუნახევრდა სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ლ. გ-ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 5.000 ლარი.

ლ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 მაისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განჩინებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. ქ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

2013 წლის მაისში მსჯავრდებულებმა - გ. ქ-ამ და ლ. გ-მა შუამდგომლობებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ქ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ ლ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 30 იანვრის განჩინებებში შევიდა შემდეგი ცვლილება:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ლ. გ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წელმა და 2 თვემ შთანთქა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა - 2.000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა - 3.000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 2 წელი, 6 თვე და ლ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2007 წლის 14 მაისიდან.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. ქ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 8 წელს დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2.000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3.000 ლარი. საბოლოოდ გ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5.000 ლარი. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 მაისიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 30 იანვრის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ქ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.

როგორც საქმის მასალებითაა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით გ. ქ-ა ამნისტიის საფუძველზე მთლიანად გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულები მან ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში. ამასთან, ამნისტიის საფუძველზე მას მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გ. ქ-ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, მთლიანი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი გ. ქ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი