დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.02.2014
საქმის ნომერი
749აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№749აგ-13 25 თებერვალი, 2014 წელი

ვ-ე კ.- 749აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის კრწანისი–მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 მაისის განაჩენით კ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 400 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით კ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით, ხოლო სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა – 400 ლარი და კ. ვ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ძირითად სასჯელად ჯარიმა – 400 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის განაჩენით კ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 5 წელი, რაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ვ-ეს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი;

კ. ვ-ეს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 27 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული კ. ვ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელისაგან;

იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ კ. ვ-ეს ¼-ით შეუმცირდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე – პირობითი მსჯავრი, 1 წლის, 9 თვისა და 22 დღის გამოსაცდელი ვადით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ვ-ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი და 6 თვე – პირობითი მსჯავრი, 1 წლის, 9 თვისა და 22 დღის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ კ. ვ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 27 სექტემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე კ. ვ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში კ. ვ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი. ამასთან, საბოლოო სასჯელის დადგენისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მისი პიროვნება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ვ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ანდა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი კ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი