დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.02.2014
საქმის ნომერი
977აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№977აგ-13 6 თებერვალი, 2014 წელი

ა-ი რ.- 977აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით რ. ა-ი, ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ რ. ა-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 თვე, 20 დღე და რ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 31 მარტიდან.

რ. ა-ს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით რ. ა-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე–4, სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისაგან;

მასვე ¼-ით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 13 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

2013 წლის 19 ივლისს მსჯავრდებულმა რ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და არსებობს მოწმე, რომელიც ამას დაადასტურებს. ამდენად, ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ხელახლა გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ა-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არის ყალბი და არსებობს მოწმე, რომელიც ამას დაადასტურებს; მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. ამდენად, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ხელახლა გადასინჯვას

.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლში ჩამოთვლილია ის ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის არსებობა, რომელიც დაადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, არ წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნება, რადგან მტკიცებულების სიყალბე, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, დადგენილი არ არის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის ხელახლა გადასინჯვის თაობაზე, რადგან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა რ. ა-ის მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ასევე კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ რ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს ძალაში.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი