დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1060აგ-13 24 თებერვალი, 2014 წელი
გ-ე პ., 1060აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით პ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, 226-ე მუხლით – 1 წლით, ხოლო 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი წესის გამოყენებით მას საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით პ. გ-ის მიმართ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შეიცვალა: პ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე; პ. გ-ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2005 წლის 11 ოქტომბრიდან 2005 წლის 24 ოქტომბრამდე – 13 დღე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით პ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 1 თვე, 15 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ოქტომბრიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე პ. გ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო დანარჩენი მუხლებით განსაზღვრული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 22 დეკემბრიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით შეიცვალა: პ. გ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 8 წლით, 8 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ოქტომბრიდან.
2013 წლის 27 მაისს მსჯავრდებულმა პ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის შედეგად შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 1 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა ამავე განაჩენით სსკ-ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ამ განაჩენით პ. გ-ეს განესაზღვრა 1 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით პ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ოქტომბრიდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული პ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ივლისის განაჩენის გაუქმებას, სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით და სასჯელის ვადის ათვლას 2005 წლის 22 დეკემბრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. სააპელაციო პალატის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი – სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიით შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით განესაზღვრა 1 წლით, 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად.
მსჯავრდებულ პ. გ-ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა აეთვალა 2007 წლის 24 ოქტომბრიდან, რაც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან კანონიერი და დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განაჩენი პ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე