დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.03.2014
საქმის ნომერი
1187აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1187აგ-13 21 მარტი, 2014 წელი

ჩ-ა ლ.- 1187აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით ლ. ჩ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის განაჩენით ლ. ჩ-ა, - ძებნილი, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 14 ივლისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ლ. ჩ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2010 წლის 14 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს.

იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და 6 თვე და მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 14 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 მარტის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 6 წელს - დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ჩ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 14 ივლისიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ლ. ჩ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში ლ. ჩ-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი. ამასთან, საბოლოო სასჯელის დადგენისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მისი პიროვნება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ლ. ჩ-ას მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება ან სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენი ლ. ჩ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი