დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1239აგ-13 28 მარტი, 2014 წელი
ხ-ე ო.- 1239აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ო. ხ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ო. ხ-ეს სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა – 2005 წლის 5 იანვრიდან 8 იანვრამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ხ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 16 მარტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ო. ხ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით ო. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 378–ე მუხლის მე–4 ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, შეკრების წესით, ო. ხ-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და 27 დღე და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ხ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ხ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2007 წლის 19 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განაჩენით ო. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 378–ე მუხლის მე–5 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის გამოყენებით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ო. ხ-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ო. ხ-ეს განესაზღვრა 16 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის გამოყენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ხ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 31 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის დადგენილებით ამნისტიის აქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ო. ხ-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (6 თვე - 3 თვემდე) და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ხ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 31 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ხ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ო. ხ-ეს გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 2 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა (აღნიშნული სასჯელი მსჯავრდებულს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენამდე მოხდილი აქვს);
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ო. ხ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული – 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;
მასვე იმავე კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული – 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებული ო. ხ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული – 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.
მასვე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული – 7 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა იმავე სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 21 დღე და ო. ხ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ხ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 31 მარტიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ:
ო. ხ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული მოუხდელი სასჯელიდან - 4 წლით, 10 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 2 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ო. ხ-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 31 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის განაჩენები, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ო. ხ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვინაიდან არის წამების მსხვერპლი, რის გამოც ცნობილია დაზარალებულად. ამასთან, ყველა დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში ო. ხ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი განესაზღვრა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაულები ჩადენილი აქვს სასჯელის მოხდის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ო. ხ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უმეტეს - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენი ო. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი