დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.07.2014
საქმის ნომერი
66აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№66აგ-14 14 ივლისი, 2014 წელი

მ-ი მ, 66აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109–ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 264–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მას განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 20 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 58–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის დადგენილებით მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ოქტომბრის განაჩენებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა. მ. მ-ს საბოლოოდ ორივე განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მოცემული დადგენილების მიღების დღიდან - 2009 წლის 23 აპრილიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ს ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 12 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

,,მსჯავრდებულ მ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის დადგენილებით მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 6 თვისა და 18 დღის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 23 აპრილიდან“.

2013 წლის 14 მაისს (განმეორებით 20 ივნისს) თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. მ-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 აპრილის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის (10 ივნისის) განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2014 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. პ-ა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მ. მ-ს მიმართ გამოტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისისა და თბილისის საპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენების გადასინჯვა.

წარმოდგენილი შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ განცხადებას თან ერთვის პრეზიდენტის 2002 წლის 12 თებერვლის № განკარგულება მსჯავრდებულ მ. მ-ს შეწყალების შესახებ, რომლის მიხედვითაც, იგი მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან და აქვე აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი თავის დროზე და მასზე არ უმსჯელია არც სააპელაციო და არც საკასაციო პალატას. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი, საქართველოს სსკ–ის 310–314-ე მუხლებისა და 3321–ე მუხლის შესაბამისად, ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გაუქმებას და ახალი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მისი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის განხილვა გამოიწვევს სსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მსჯავრდებულ მ. მ-ს მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან პრეზიდენტის № განკარგულების თანახმად, მსჯავრდებული მ. მ-ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან და, შესაბამისად, იგი 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენის დადგენის დროისათვის არ იყო ნასამართლობის მქონე. აქედან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს შთანთქმის პრინციპი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული გარემოებების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საქმის მასალები სამართლებრივად სწორად შეაფასა.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინება მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე