დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.10.2014
საქმის ნომერი
45აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.10.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №45აგ-14 15 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ-ე ს/- 45აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ს. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე ს. ქ-ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისის ჩათვლით.

2. ახალციხის რაიონული სასამართოლს 2012 წლის 7 ივნისის განაჩენით ს. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 373–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს. ქ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს. ქ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2012 წლის 20 აპრილიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 ნოემბრის განაჩენი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ამოირიცხა მითითება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ. ს. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 373–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. მცხეთის რაიონულის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ქ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი – 6 წლით, 4 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, 4 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ს. ქ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განჩინების გამოტანის დღიდან - 2012 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე.

7. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ქ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განაჩენით სსკ–ის 239–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ამ განაჩენით ს. ქ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განაჩენით სსკ–ის 373–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ს. ქ-ეს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ს. ქ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში და მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინებაში, კერძოდ:

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის განაჩენით სსკ–ის 373–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს (ამნისტიის გათვალისწინებით) - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 3 წლით, 2 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ ს. ქ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

- მსჯავრდებულ ს. ქ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2010 წლის 21 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე.

- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება და მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

10. მსჯავრდებულმა ს. ქ-ემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ 2010 წლის 1 ნოემბრის განაჩენი არის უკანონო; პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობა არის ყალბი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით ს. ქ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. მსჯავრდებული ს. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დაშვებას არსებითად განსახილველად, რა დროსაც იგი სასამართლოს წარუდგენს თავისი უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ქ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ს. ქ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი