შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 18.12.2014
საქმის ნომერი
2კ-218აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№218აპ-14 18 დეკემბერი, 2014 წელი

ქ-ე კ.- 218აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების არსი:

2013 წლის 18 მაისს, დაახლოებით 11.30 საათზე, ქ. ქუთაისში, წ-ის ქუჩის №...–ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქ-ში“ განთავსებულ ი/მეწარმე მ. მ-ის კუთვნილ მაღაზიაში, კ. ქ-ე ფარულად დაეუფლა მ. ლ-ის კუთვნილ, 61 ლარად ღირებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს და მ. მ-ის კუთვნილ ორ ქამარს, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 30 ლარს.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების შესაბამისად, კ. ქ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ასევე, კ. ქ-ე 2013 წლის 17 ივლისიდან 20 ივლისამდე დროის მონაკვეთში, წყალტუბოში, კ-ის ქუჩის მე–2 შესახვევის №...–ში მდებარე ნ. ქ-ის საცხოვრებელი ბინიდან ფარულად დაეუფლა 1467 ლარად ღირებულ პერსონალურ კომპიუტერს.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების შესაბამისად, კ. ქ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.

2. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით კ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა, ე.ი. სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ე.ი. სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და კ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა კ. ქ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული და 2013 წლის 12 მარტის ამნისტიის საფუძველზე შემცირებული - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა (პირობითი მსჯავრი) და სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. ქ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ქ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 6 ივნისამდე, ხოლო სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2013 წლის 26 ივლისიდან.

გაუქმდა კ. ქ-ის მიმართ სისხლის სამართლის №... საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის - 5000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით პ. ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ თ-ში, ფართი 168 კვ.მ, საკადასტრო კოდი №...) – 5000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული CD დისკი - სავაჭრო ცენტრ „ქ-ის“ ვიდეოთვალის ჩანაწერი; СD დისკი– სავალუტო ჯიხურის ვიდეოთვალის ჩანაწერი; კომპიუტერის და საბანკო დოკუმენტაციის ასლები „06“ ფურცლად, დაერთო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნა საქმის შენახვის ვადით.

ნივთმტკიცება – სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის კოლოფი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ მ. ლ-ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება - კ. ქ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მაისური, ქუდი და ჯინსის შარვალი უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ კ. ქ-ეს ან მისი ნდობით აჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

2.2. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. ქ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-ემ. მათ ითხოვეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლება, სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპით.

2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საკასაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. ქ-ემ და მისმა ადვოკატმა ი. ჯ-ემ.

კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და კ. ქ-ის გამართლებას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კომპიუტერის მოპარვის ფაქტს; პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია, რომ კომპიუტერი მოიპარა კ. ქ-ემ, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს; მოწმე ი. ჩ-ემ კატეგორიულად გამორიცხა კ. ქ-ის მიერ მისი კომპიუტერის მოპარვის შესაძლებლობა; გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; აქვს მძიმე ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: კ. ქ-ე უნდა გამართლდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. (ნ. ქ-ის ბინის ქურდობის ეპიზოდი)

4.1.1. დაზარალებულ ნ. ქ-ის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენების თანახმად, დედამთილის გარდაცვალების გამო ოჯახი იმყოფებოდა სოფელ ძ-ში, სადაც 2013 წლის 20 ივლისს მის შვილს დაურეკა მეზობელმა და აცნობა, რომ მათი ბინა იყო გატეხილი, ხოლო კომპიუტერი - წაღებული. სახლში მისვლისას ნახა, რომ კარი მართლაც გატეხილი იყო, გარეთ განთავსებულ მაგიდაზე იდო რკინის ნაჭერი, ხოლო კომპიუტერი ბინაში აღარ იყო.

4.1.2. ანალოგიური გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - თ. კ-მა (მეზობელი) და ი. ჩ-ემ (დაზარალებულის შვილი). ამასთან, მოწმე ი. ჩ-ის ჩვენების თანახმად, კ. ქ-ეს იცნობს, მასთან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა. მათ სახლში კ. ქ-ე დაახლოებით სამჯერ არის ნამყოფი, ასევე უსარგებლია მათი კომპიუტერით.

4.13. მოწმე გ. ბ-ის (ინსპექტორ-გამომძიებელი) ჩვენებით 2013 წლის 26 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ. ქ-ის სახლიდან კომპიუტერი, სავარაუდოდ, მოპარული იყო კ. ქ-ის მიერ და ინახებოდა მისსავე საცხოვრებელ სახლში, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას. მან მ. ჭ-ასა და გამომძიებელ გ. ც-ასთან ერთად ჩაატარა კ. ქ-ის სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა კომპიუტერი, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. კ. ქ-ემ მათ განუცხადა, რომ კომპიუტერი მას გამოუგზავნა მეუღლემ.

4.1.4. მოწმე ბ. ხ-ის (კ. ქ-ის მეზობელი) ჩვენების თანახმად, ა. ხ-თან ერთად ესწრებოდა კ. ქ-ის სახლის ჩხრეკას, საიდანაც ამოღებულ იქნა კომპიუტერი.

4.1.5. 2013 წლის 24 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. წყალტუბოში, კ-ის ქუჩა, მე-2 შესახვევი №...-ში. ბინაში შესასვლელი კარი არის ხის ორფრთიანი, საკეტი არის შეღუნული, ხოლო ჩარჩო - შეზნექილი. იქვე განთავსებულ მაგიდაზე დევს რკინის არმატურის 42 სმ. ნაკეციანი ნაჭერი, რაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს და დაილუქა დადგენილი წესით. ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებმა საძინებელ ოთახში განთავსებული მაგიდიდან ამოიღეს თითის კვლები. ჩატარდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ვ. ჩ-ემ.

4.1.6. 2013 წლის 24 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა დაზარალებულ ნ. ქ-ის მიერ წარმოდგენილი კომპიუტერის დოკუმენტაცია (პასპორტები), განვადების ხელშეკრულება და საბანკო ქვითრები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დასტურდება მოწმე ვ. ჩ-ის ჩვენებით.

4.1.7. 2013 წლის 26 ივლისის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2013 წლის 26 ივლისს გამომძიებელმა გ. ც-ამ ჩაატარა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...-ში კ. ქ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები - გ. ბ-ე და მ. ჭ-ა, ასევე დამსწრეები, წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალში მცხოვრები - ბ. ხ-ე, ა. ხ-ი და თავად კ. ქ-ე, რა დროსაც კ. ქ-ის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს: 1. შავი ფერის „asus“ ფირმის მონიტორი, რომელიც მარჯვენა მხარეს გახაზულია და რომლის ქვემოთაც იკითხება ნომერი B1LMIZO..., ხოლო მარცხენა მხარეს ქართული ასოებით ამოჭრილი აქვს ინიციალი „ი.ჩ“; 2. ,,Unicom“ ფირმის შავი კეისი, რომელსაც უკანა კორპუსზე შავი ფერის კედელთან აქვს სამი ხაზი და ქართული ასოებით ამოტვიფრულია „ი.ჩ“, ხოლო ქვედა ძირზე აქვს შემოკრული თეთრი ფერის პენოპლასტი; 3. მაუსი ე.წ. „თაგუნა“, რომელსაც მარცხენა თითის ღილაკთან აქვს სტაფილოსფერი ღილაკი; 4. „ATECH“ ფირმის კლავიატურა; 5. „ATECH“ ფირმის ვიდეოთვალი; 6. ორი ცალი შავი ფერის დინამიკი. ამოღებული ნივთები აღწერის შემდეგ შეიფუთა და დაილუქა ლუქის ბეჭდით №33/6 პაკეტებისათვის. ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ, მათ შორის - კ. ქ-ის მიერ. აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ. ც-ამ.

4.1.8. ნ. ქ-ის ბინის ქურდობის ეპიზოდთან მიმართებით სასამართლოს მიერ დასაშვებად იქნა ცნობილი კომპიურეტისა და საბანკო დოკუმენტაციის ასლები, განჩინებები, ნასამართლობის ცნობები და სხვა საპროცესო დოკუმენტაცია, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებებად.

4.1.9. ბრალდებულ კ. ქ-ის ჩვენებით კომპიუტერი, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს, არ მოუპარავს. იგი შეიძინა ქ. წყალტუბოში. 2013 წლის 20 ივლისს ბავშვისათვის ტელეფონის და კომპიუტერის საყიდლად სოფლიდან მარტო წავიდა ქ. წყალტუბოში, სადაც ბაზართან არსებულ მაღაზიაში გამყიდველ გოგოს ჰკითხა, თუ სად იყიდებოდა კომპიუტერები და მან მიასწავლა, რომ კომპიუტერი ქ. ქუთაისში უნდა ეყიდა. როდესაც გამოვიდა აღნიშნული მაღაზიიდან, მას დაუძახა იქვე მდგომმა უცხო პირმა, რომელიც გოგოსთან ერთად იყო და უთხრა, რომ კომპიუტერის ყიდვა თუ უნდოდა, მათ ჰქონდათ გასაყიდი, რადგან მამამისი იწვა საავადმყოფოში და ფული სჭირდებოდა, რის შემდეგაც იგი წავიდა და მოიტანა კომპიუტერი. შეთანხმდნენ ფასზე და მან გადასცა შვიდასი ლარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ საბუთები არ ჰქონდათ, რაზედაც გოგომ მას განუმარტა, რომ არაფერი პრობლემა არ იყო, კომპიუტერი მისი დის გამოგზავნილი იყო თურქეთიდან, ერთ თვეში უნდა ჩამოსულიყო და მისცემდნენ საბუთებს, თან მათ ჩაიწერეს მისი ტელეფონის ნომერი. აღნიშნულის შემდეგ ის სამარშრუტო ტაქსით წამოვიდა სახლში და თან წამოიღო კომპიუტერი, ააწყო და ინტერნეტშიც ჩართო. ამის შემდეგ ის თბილისში იყო წასული. როდესაც უკან ბრუნდებოდა სამარშრუტო ტაქსით, ჩამოსვლისთანავე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა ავტოგასამართ სადგურთან. იმ პირებს, ვისგანაც კომპიუტერი იყიდა, არ იცნობდა და არც სახელი და გვარი უთქვამთ. ი. ჩ-ე მისი ახლობელია, რომელთანაც სახლში დაკავებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე იყო, სადაც მან ნახა კომპიუტერი.

4.1.10.საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ ნ. ქ-ის, მოწმეების - თ. კ-ის, ი. ჩ-ის, ბ. ხ-ისა და ვ. ჩ-ის ჩვენებებით იკვეთება და დგინდება მხოლოდ კომპიუტერის ქურდობასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია და ადასტურებენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს, თუმცა მათ იმის თაობაზე, თუ ვის შეეძლო მოეპარა ნ. ქ-ის სახლიდან კომპიუტერი, არ იციან. აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებები (მათ შორის მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ).

4.1.11.საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია და სადავო არ არის, რომ ნ. ქ-ის კუთვნილი კომპიუტერი ამოღებულ იქნა ბრალდებულ კ. ქ-ის ბინიდან, რაც დასტურდება, როგორც ბინის ჩხრეკის ოქმით, ასევე მოწმეების - გ. ბ-ის, ბ. ხ-ისა და გ. ც-ას ჩვენებებით, თუმცა სადავოა კ. ქ-ის მიერ ხსენებული კომპიუტერის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი.

4.1.12.სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ. ქ-ის მიერ ნ. ქ-ის ბინიდან კომპიუტერის ფარულად დაუფლების ფაქტი დასტურდება მხოლოდ მოწმე გ. ბ-ის ირიბი ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, კომპიუტერი მოიპარა კ. ქ-ემ.

საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს...“. ამავე კოდქსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,ირიბია ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, გ. ბ-ის ჩვენება კ. ქ-ის მიერ კომპიუტერის მოპარვის ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან წარმოდგენილი ინფორმაციის წყარო არის ოპერატიული ინფორმაცია. ამასთან, გ. ბ-ის ირიბი ჩვენების გადამოწმება შეუძლებელია ინფორმაციის თავდაპირველ წყაროსთან.

4.1.13.საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. იმავე შინაარსის მატარებელია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, საკასაციო პლატა მიუთითებს, რომ ნ. ქ-ის ბინის ქურდობის ეპიზოდთან მიმართებით, კ. ქ-ის მიერ კომპიუტერის მოპარვა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპიუტერი ამოღებულ იქნა კ. ქ-ის ბინიდან, არ ადასტურებს მის მიერ ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რა გარემოებებში და ვინ დაეუფლა კომპიუტერს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც სსკ-ის 177-ე მუხლის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია. ამდენად, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, კ. ქ-ე ნამდვილად დაეუფლა თუ არა ფარულად ნ. ქ-ის ბინიდან კომპიუტერს ან მართლაც კანონიერად ან უკანონოდ (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა) ხომ არ შეიძინა მან მოპარული ნივთი. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი კ. ქ-ის მიერ კომპიუტერის ფარულად დაუფლების ფაქტის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

4.1.14.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. ქ-ე, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ნ. ქ-ის ბინის ქურდობის ეპიზოდი).

4.2. (მ. მ-ისა და მ. ღ-ის ნივთების დაუფლების ეპიზოდი)

4.2.1. რაც შეეხება კ. ქ-ის მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მან ამ ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო. ამასთან, წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება: მოწმების - მ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. გ-ას, ა. ს-ის, ა. ღ-ის, ო. შ-ის, ზ. თ-ის, ბ. დ-ის, კ. რ-ის, გ. ნ-ისა და თ. კ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სავალუტო ჯიხურის ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, მობილური ტელეფონის კოლოფის დათვალიერების ოქმით, კ. ქ-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ქამრის ამოცნობის ოქმით, სავაჭრო ცენტრ ,,ქ-სა“ და სავალუტო ჯიხურების ვიდეოკამერების ჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე უდავო მტკიცებულებების სახით.

4.2.2. რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კ. ქ-ის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, ასევე ქმედების განხორციელების სახისა და დანაშაულის ჩადენის შემდგომ მისი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.

4.2.3. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. ქ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენი სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ კ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განაჩენში, კერძოდ:

კ. ქ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში;

კ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ–ის 177–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს კ. ქ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული და 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ამნისტიის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. ქ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. კ. ქ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 18 მაისიდან იმავე წლის 6 ივნისის ჩათვლით და სასჯელის ათვლა დაეწყოს 2013 წლის 26 ივლისიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განაჩენი აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ყადაღის მოხსნისა და ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი