გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№483აპ-14 23 აპრილი, 2015 წელი
თ-ე ო.- 483აპ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – მ. ტ-ის
მსჯავრდებულ – ო. თ-ის
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ო. თ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1. 2014 წლის 8 იანვარს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ...-ში მდებარე შპს ,, ...-ის” ეზოდან ქურდობისათვის ნასამართლევი ო. თ-ე ფარულად დაეუფლა ხსენებული საწარმოს კუთვნილი ელექტროშემდუღებელი აპარატის 50 ლარად ღირებულ ელექტროსადენს.
1.2. ო. თ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა ქურდობად, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განაჩენით ო. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ო. თ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ო. თ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადა აეთვალა 2014 წლის 2 თებერვლიდან.
2.2. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. თ-ემ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საკასაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. თ-ემ, რომელმაც ითხოვა მის მიმართ გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; მას ელექტროსადენი არ მოუპარავს, იგი პირველად ნახა პოლიციის განყოფილებაში, სადაც აჩვენეს რამდენიმე ელექტროსადენი და ჰკითხეს, რომელიმე ხომ არ ეცნობოდა, რაზეც უპასუხა, რომ ერთ-ერთი ჰგავდა იმ სადენს, რომელსაც სამსახურში იყენებდა; როდესაც წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, თან არ ჰქონია არანაირი ელექტროსადენი; ეგონა, რომ ეხმარებოდა პოლიციას დაკარგული ნივთის ძებნაში და სწორედ ამიტომ, ისე რომ არ წაუკითხავს ოქმი, მოაწერა ხელი, სწორედ ეს არის მისი შეცდომა, რითაც ისარგებლეს პოლიციის თანაშრომლებმა და უკანონოდ წაუყენეს ბრალი; სასამართლო პროცესზე ითხოვდა, რომ დაედგინათ და დაეკითხათ ის პოლიციელები, რომლებმაც იგი გააჩერეს ქ. სამტრედიაში, მაგრამ ასე არ მოხდა, არც ერთი მათგანი არ დაკითხულა და საქმეში არ ფიგურირებენ. საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ თითქოსდა მან მოიპარა აღნიშნული ელექტროსადენი და თავისი ნებით მიიტანა სამტრედიის პოლიციაში, რაც არარეალურია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების დასაბუთება:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ო. თ-ის მიერ ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
3. ბრალდებულმა ო. თ-ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სასამართლომდე მას არავინ აცნობა და განუმარტა, თუ რაში ან რატომ ედებოდა ბრალი. საგამოძიებო მოქმედების ყველა ოქმს - ჩვენებას, დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს ისე მოაწერა ხელი, რომ არც წაუკითხავს, რადგან პოლიციის თანამშრომლებს ენდობოდა და ეგონა, რომ მათ ეხმარებოდა დაკარგული ნივთის ამოცნობაში, რომელიც სამტრედიის პოლიციის მუშაკებმა მას წარუდგინეს. ო. თ-ემ ასევე განმარტა, რომ მაშინ, როდესაც ის მოძრაობდა ქალაქ სამტრედიაში და შეაჩერეს პოლიციის მუშაკებმა, ხელში რაიმე ნივთი არ ეკავა. ამიტომ როგორ აღმოჩნდა ასფალტბეტონის ქარხნის კუთვნილი ელექტროსადენი ამ პოლიციელებთან, მისთვის უცნობია.
4. ვ. ხ-ის 2014 წლის 9 იანვრის მიმართვის (პატაკის) თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, ქ. სამტრედიაში, ...-ის ქუჩაზე მოძრაობდა სამტრედიის რაიონის სოფელ ...-ში მცხოვრები ო. თ-ე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...-ის ასფალტის ქარხნიდან ფარულად დაუფლებული ელექტროშესადუღებელი აპარატის სადენი.
5. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის - ფორმა #1-ის მიხედვით, 2014 წლის 9 იანვარს დაიწყო გამოძიება წყალტუბოს რაიონის ს. ...-ის ასფალტის ქარხნიდან შესადუღებელი აპარატის სადენის ქურდობის ფაქტზე - სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
6. საკასაციო პალატა ყურდღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქრონოლოგიურად, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის - ფორმა #1-ისა და ვ. ხ-ის მიმართვის (პატაკის) შემდეგ ბრალდების მხარის მიერ ნაწარმოებ სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებულია 2014 წლის 9 იანვრით დათარიღებული (დაკითხვის დაწყების დრო - 03:15, დასრულების დრო - 03:50, დაკითხვის ადგილი - საგამოძიებო ორგანო) ო. თ-ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი. ოქმში მითითებულია, რომ ო. თ-ემ დაკითხვისას წარადგინა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...-ში მდებარე ასფალტის საამქროდან მოპარული ელექტროსადენი, სიგრძით 16 მეტრი და 50 სანტიმეტრი, რომელიც მოთავსებულია პოლიეთილენის ტომარაში. ბრალდებულ ო. თ-ის ჩვენების თანახმად, ქ. სამტრედიაში შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს პოლიციაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ ვინ შეაჩერა (პოლიციელთა ვინაობა) ო. თ-ე და ვინ გადაიყვანა პოლიციაში, როგორც ამას თავად ბრალდებული უთითებდა. ჰქონდა თუ არა მას ხელში რაიმე ნივთი, რომლის არსებობა/არარსებობის ფაქტის დადგენა სწორედ მათი დაკითხვით იქნებოდა შესაძლებელი. იმ მოცემულობაში, როდესაც პოლიციელებმა იცოდნენ, რომ ქ. სამტრედიაში, ...-ის ქუჩაზე მოძრაობდა ო. თ-ე, რომელსაც თან ჰქონდა მოპარული ელექტროსადენი (დასტურდება ვ. ხ-ის მიმართვით - პატაკით), რასაც ისინი, ნივთის მოცულობიდან გამომდინარე, ადგილზე მისვლისასაც მარტივად შეამჩნევდნენ, პასუხგაუცემელია კითხვა - რატომ ადგილზევე, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, არ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა ო. თ-ეს და არ იქნა მისგან ამოღებული მოპარული ნივთი - ელექტროსადენი - ასეთის არსებობის შემთხვევაში, რის საშუალებასაც პოლიციელებს აძლევდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებული რეგულაცია. თუ პოლიციელებმა გადაიყვანეს ო. თ-ე პოლიციაში, რა სამართლებრივი რეგულაციის საფუძველზე განხორციელდა ეს მოქმედება და აღნიშნული ხომ არ წარმოადგენდა მის ფაქტობრივ დაკავებას. ეს კითხვები ფაქტობრივად პასუხგაუცემელია, თუმცა ფაქტია და საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ო. თ-ე ნებაყოფლობით, ბრალის აღიარებით, მოპარული ელექტროსადენით ხელში, პოლიციაში თვითონ არ გამოცხადებულა. შესაბამისად, დასაწყისშივე მთლიანობაში ეს გარემოებები დასაბუთებულ ეჭვს აღძრავს ო. თ-ის ხელში მოპარული კაბელის არსებობა-არარსებობის თაობაზე, რაზეც თავად კასატორიც არაერთხელ მიუთითებს.
7. მოწმე ტ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სამტრედიის რაიონის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. მან ბრალდებული ო. თ-ე გაიცნო 2014 წლის 9 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც გამოცხადდა პოლიციის მუშაკებთან ერთად მის სამუშაო კაბინეტში და წარმოადგინა პოლიეთილენის ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო 16 მეტრი სიგრძის ელექტროსადენი. მოწმის განმარტებით, დაკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ო. თ-ემ დაადასტურა ელექტროსადენის მოპარვის ფაქტი.
8. 2014 წლის 9 იანვრის ნივთის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ტ. გ-ემ ო. თ-ის მონაწილეობით ჩაატარა ამავე სამმართველოში ო. თ-ის მიერ წარმოდგენილი შესადუღებელი აპარატის ელექტროსადენის დათვალიერება, რომელიც არის შავი ფერის, სპილენძის, 16 მეტრი და 50 სანტიმეტრი სიგრძის, თავში აქვს ელექტროშესადუღებელი ჩარხის დასამაგრებელი და შესადუღებელ აპარატთან მისამაგრებელი.
9. 2014 წლის 9 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ო. თ-ემ მიუთითა შპს ,, ...-ის“ ასფალტის დამამზადებელი აგრეგატის უკან დაყრილ ქვის ღორღზე და განაცხადა, რომ ამ ღორღზე იდო ელექტროშესადუღებელი აპარატის ელექტროსადენი, რასაც ფარულად, უნებართვოდ დაეუფლა.
10. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - თ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის შპს ,, ...-ის“ ასფალტბეტონის საამქროს ხელმძღვანელი. მან დაახლოებით 3-4 წლის წინ შეიძინა ელექტროსადენი, რომელიც დაიკარგა საწარმოს ტერიტორიიდან. მოგვიანებით, მასთან მისული პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ქალაქ სამტრედიაში დააკავეს ო. თ-ე, რომლისგანაც ამოიღეს ელექტროსადენი. მოწმის განმარტებით, მან ამოიცნო დაკარგული ელექტროსადენი ფერით, სიგრძით, ხელმოსაჭიდი დგარით, სპილენძის მრავალწვერიანი გამტარით, რის შემდეგაც დაუბრუნდა კუთვნილი ნივთი და ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
11. 2014 წლის 13 იანვრის საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ. კ-ს ამოსაცნობად წარედგინა ელ. შესადუღებელი აპარატის სამი ერთეული ელექტროსადენი #1. შავი ფერის, სპილენძის, შესადუღებელი ჩარხის დგარით და აპარატზე დასამაგრებელი ალუმინის დგარით; #2 ელ. სადენი თეთრი ფერის შესადუღებელი დგარით; #3 ელ. სადენი ყვითელი ფერის შესადუღებელი დგარით, რომელთაგან მან ფერით, სიგრძით, ხელმოსაჭიდი დგარითა და სპილენძის მრავალწვერიანი გამტარით ამოიცნო #1 ელექტროსადენი. საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედების - საგნის ამოცნობისას არსებითად დაირღვა სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად წარდგენის თაობაზე, კერძოდ: თ. კ-ს შავი ფერის ელექტროსადენთან, შესადუღებელი ჩარხის დგარსა და აპარატზე დასამაგრებელ ალუმინის დგართან ერთად (#1) ამოსაცნობად წარედგინა მისგან ფერით განსხვავებული - თეთრი და ყვითელი ელექტროსადენები, მხოლოდ შესადუღებელი დგარით, იმ პირობებში, როდესაც შავი ფერის ელექტროსადენს ასევე ჰქონდა აპარატზე დასამაგრებელი ალუმინის დგარი. პალატას მიაჩნია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთები ვერ მიიჩნევა ერთგვაროვან საგნებად, ვინაიდან ამომცნობის განმარტებით, მოპარეს შავი ფერის ელექტროსადენი, ხოლო წარდგენილ ამოსაცნობ ობიექტებს შორის მხოლოდ ერთი იყო შავი ფერის, დანარჩენი ორი კი მისგან მკვეთრად განსხვავებული - თეთრი და ყვითელი. ამასთან, ამომცნობს არ მიუთითებია ამოსაცნობი საგნის ისეთ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც მის იდენტიფიკაციას დამაჯერებელს გახდიდა. მოცემულ შემთხვევაში ნივთის ამოცნობა მხოლოდ ფერით, სიგრძით, ხელმოსაჭიდი დგარითა და სპილენძის მრავალწვერიანი გამტარით არ მიუთითებს მისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც გამოარჩევს მას სხვა ასეთივე ელექტროსადენებისაგან, რიგორიც არაერთი არსებობს. ამდენად, საგამოძიებო მოქმედება - ნივთის ამოცნობა ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, რის გამოც შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, ამოცნობილი ელექტროსადენი ნამდვილად ეკუთვნის თუ არა დაზარალებულ ორგანიზაციას. შესაბამისად, ამ ფორმით ჩატარებული ნივთის ამოცნობა ვერ დაედება საფუძვლად სასამართლოს განაჩენს, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.
12. ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო. თ-ის მიერ შპს ,, ...-ის“ კუთვნილი ელექტროსადენის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების ფაქტს, სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ო. თ-ის მიერ მოპარული ელექტროსადენის ნებაყოფლობით წარდგენა დასტურდება მხოლოდ მოწმე ტ. გ-ის ჩვენებით და მის მიერ ნაწარმოები საგამოძიებო მოქმედების ოქმებით. მათ სისწორეს, გარდა თავად ტ. გ-ისა, არ ადასტურებს ბრალდებული ო. თ-ეც. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო. თ-ის მიერ მოპარული ელექტროსადენის პოლიციისათვის წარდგენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამდენად, მოწმე ტ. გ-ის ჩვენება ელექტროსადენის ფარულად დაუფლების ფაქტის დასადგენად არის ირიბი ჩვენება და არ არის საკმარისი ამ ფაქტის უტყუარად დასადგენად. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ გამოკვლეული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება ო. თ-ის მიერ შპს ,,...-ის“ კუთვნილი ელექტროსადენის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების ფაქტი.
14.საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. იმავე შინაარსის მატარებელია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, საკასაციო პლატა მიუთითებს, რომ ო. თ-ის მიერ ელექტროსადენის მოპარვა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპარული ელექტრო სადენი ო. თ-ემ თითქოსდა ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციას, რაც თავის მხრივ, ვერ დგინდება უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, არ ადასტურებს მის მიერ სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტს, რაც სსკ-ის 177-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. ამდენად, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
15.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ო. თ-ე, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
16. გამართლებულ ო. თ-ეს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენი ო. თ-ის მიმართ; ო. თ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ო. თ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ ო. თ-ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი