გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი

სისხლის სამართლის 16.04.2015
საქმის ნომერი
2კ-510აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №510აპ-14 ქ. თბილისი

მ-ე გ, 510აპ-14 16 აპრილი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ლ. კ-ს

მსჯავრდებულ - გ. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 მაისის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 3 სექტემბრიდან.

2. გ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის განაჩენით გ. ძ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. გ. ძ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 3 სექტემბრიდან.

3. განაჩენით მსჯავრდებულების - გ. მ-ა და გ. ძ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას, ქ. თ-ი, წ-ს გამზირზე, სამთო ქიმიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას, გ. მ-ე და გ. ძ-ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ა. ა-ს კუთვნილ საფულეს, მასში არსებული 160 ლარით და პირადი ნივთებით, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აპრილის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2009 წლის 11 თებერვლიდან.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის შემდგომ მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლისა და „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 6 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2010 წლის 14 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 1999 წლის 4 დეკემბრიდან 1999 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2000 წლის 14 ივნისიდან 2000 წლის 16 ივნისის ჩათვლით და 2000 წლის 31 მაისს დაკავებაში ყოფნის პერიოდი, ანუ სულ 7 დღე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. მ-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის განაჩენითა და 2009 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ გ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 8 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2010 წლის 14 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 1999 წლის 4 დეკემბრიდან 1999 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2000 წლის 14 ივნისიდან 2000 წლის 16 ივნისის ჩათვლით და 2000 წლის 31 მაისს დაკავებაში ყოფნის პერიოდი, ანუ 7 დღე.

8. მსჯავრდებული გ. მ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოხდის შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 11 მარტს.

9. მიუხედავად ამისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განაჩენით გ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ გ. ძ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2008 წლის 28 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 26 იანვრიდან 2008 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განაჩენი გ. ძ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ძ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 15 ოქტომბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 27 ნოემბერს გაცემულია # სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გ. ძ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი, ხოლო მისი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მას თბილისის სააღსრულებო ბიუროში არ წარუდგენია და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

13. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ძ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ შეიცვალა, კერძოდ:

14. გ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 3 სექტემბრიდან.

15. გ. ძ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის განაჩენით გ. ძ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. გ. ძ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 3 სექტემბრიდან.

16. გ. ძ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამი ათლარიანი და ორი ხუთლარიანი კუპიურები, ასევე ერთი ორლარიანი, ერთი ერთლარიანი და ერთი ორმოცდაათთეთრიანი მონეტები (ინახება ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ. ძ-ს ოჯახის წევრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17. გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული მეტრომანის პლასტიკური ბარათით, ნომრით , სს „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათით - „express card“, ერთი ათ თეთრიანი მონეტით, ერთი აზერბაიჯანული მონეტით, წარწერით „“, ერთი თურქული მონეტით, წარწერით „“, ერთი თურქული მონეტით, წარწერით „“, ასევე, „სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით -, მასში მოთავსებული ,,ჯეოსელის“ სიმბარათით, ნომრით:, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით - და, მასში მოთავსებული სიმბარათით, ნომრით:. მოთეთრო ფერის პლასტმასის წამლის აბების სათავსი, ეტიკეტზე წარწერით „“, მასში მოთავსებული 12 ცალი თეთრი ფერის აბით (ინახება ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ. მ-ს ოჯახის წევრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

18. მსჯავრდებული გ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

19. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. მ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

20. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ლ. კ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე მსჯავრდებულებმა - გ. ძ-ა და გ. მ-მ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვეს მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სადავოდ არ გახადა მსჯავრდებულმა გ. ძ-ა.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მას არ აღმოაჩნდა არანაირი ნივთმტკიცება, რის გამოც უნდა გამართლდეს, საკასაციო პალატა ეთანხმება მას საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ურთიერთანალიზისა და შეფასების საფუძველზე.

5. მსჯავრდებულ გ. მ-ს მსჯავრდებას 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით საფუძვლად დაედო შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ა. ა-ს ჩვენება, მოწმეების - ზ. ს-ს, ზ. ლ-ს, ე. ჯ-ს, ბ. გ-ს, გ. ქ-ა და ვ. ო-ს ჩვენებები, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მ. ს-ს ჩვენება, პირადი ჩხრეკის ოქმები.

6. დაზარალებულ ა. ა-ს ჩვენებით დადგენილია მხოლოდ ის გარემოება, რომ ის 2013 წლის 3 სექტემბერს ნამდვილად მგზავრობდა ქ. თ-ი, #117 მიკროავტობუსით, სადაც იყო ხალხმრავლობა. მიკროავტობუსში ყოფნის გარკვეულ პერიოდში მოისინჯა საფულე, მაგრამ იგი ვერ აღმოაჩინა.

7. მოწმე ზ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 3 სექტემბერს პირად საქმესთან დაკავშირებით მგზავრობდა #117 მიკროავტობუსით, სადაც სხვა მგზავრებთან ერთად იმყოფებოდნენ მსჯავრდებულებიც. მან დაინახა, რომ გ. მ-მ მისთვის უცნობ მოქალაქეს ჯიბიდან ფარულად ამოაცალა საფულე და გადასცა გ. ძ-ს. შემდეგ ორივენი მალევე ჩავიდნენ მიკროავტობუსიდან წ-ს გამზირზე, სამთო ქიმიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითონ, იყო რა პოლიციის თანამშრომელი, მომხდარი ფაქტი არ დატოვა რეაგირების გარეშე, ჩაჰყვა მათ და იმის გამო, რომ მარტო ვერ შეძლებდა ორივეს ადგილზე დაკავებას, აედევნა და თან პარალელურად მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას, რომლის თანამშრომლები მალევე მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ მისი მითითების საფუძველზე ორივე პირი დააკავეს. მოწმემ აღნიშნა, რომ ბოროტმოქმედები არ გასულან მისი თვალთახედვის არედან. ორივე მათგანს ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და გ. ძ-ნ ამოღებულ იქნა დაზარალებულის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით.

8. მოწმეების - ზ. ლ-ს, ე. ჯ-ა და ბ. გ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2013 წლის 3 სექტემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაუკავშირდათ ხელმძღვანელი და აცნობათ, რომ წ-ს გამზირზე, სამთო ქიმიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი იყო ქურდობა. ისინი მაშინვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ზ. ს-მ მიუთითა ორ პირზე და უთხრა, რომ ერთმა მათგანმა მოქალაქეს ფარულად ამოაცალა საფულე და გადასცა მეორეს. ზ. ს-ს მითითების საფუძველზე დააკავეს გ. მ-ე და გ. ძ-ი. მათ ადგილზევე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ. ძ-ნ ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი საფულე მასში მოთავსებული ნივთებით.

9. მოწმეების - გ. ქ-ა და ვ. ო-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2013 წლის 3 სექტემბერს ზ. ს-მ დაურეკა მათ თანამშრომელს და აცნობა, რომ შეესწრო ქურდობის ფაქტს და ითხოვდა დახმარებას. ისინი თავიანთ თანამშრომლებთან ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომელი ზ. ს-ე, რომლის უშუალო მითითების საფუძველზე დააკავეს გ. მ-ა და გ. ძ-ი. უშუალოდ მათ დააკავეს გ. ძ-ი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დაზარალებულის კუთვნილი საფულე მასში მოთავსებული ა. ა-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობითა და სხვა ნივთებით. დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შედგა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.

10. გ. ძ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ. ძ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ყავისფერი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ერთი ასლარიანი, ერთი ორმოცდაათლარიანი, ორი ხუთლარიანი, ორი ერთდოლარიანი და ერთი ათრუბლიანი კუპიურებით, ორი ოცთეთრიანი მონეტით, ა. ა-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, ა. ა-ს სახელზე გაცემული ლიბერთი ბანკის VISA ბარათით, მეტრომანითა და ორი სურათით. ამოღებულ იქნა სამი ათლარიანი და ორი ხუთლარიანი კუპიურები, ასევე ერთი ორლარიანი, ერთი ერთლარიანი და ერთი ორმოცდაათთეთრიანი მონეტები.

11. გ. მ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ. მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე მასში მოთავსებული მეტრომანის პლასტიკური ბარათით, სს „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათით - „express card“, ერთი ათთეთრიანი მონეტით, ერთი აზერბაიჯანული მონეტით, წარწერით „“, ერთი თურქული მონეტით, წარწერით „“, ერთი თურქული მონეტით, წარწერით „“, ასევე, „სამსუნგის“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით - , მასში მოთავსებული ჯეოსელის სიმბარათით, ნომრით:, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით - და მასში მოთავსებული სიმბარათით, ნომრით: . მოთეთრო ფერის პლასტმასის წამლის აბების სათავსი, ეტიკეტზე წარწერით „“, მასში მოთავსებული 12 ცალი თეთრი ფერის აბით.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება მოწმე ზ. ს-ს ჩვენების სახით. მხოლოდ ამ მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ გ. მ-მ მისთვის უცნობ მოქალაქეს ჯიბიდან ფარულად ამოაცალა საფულე და გადასცა გ. ძ-ს.

13. თავად მსჯავრდებული გ. ძ-ი როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე უარყოფს არათუ გ. მ-ნ რაიმე ნივთის მიღებას, არამედ საერთოდ მასთან ნაცნობობასაც კი.

14. მოწმე ზ. ს-ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ მან დაინახა გ. მ-ს მიერ ჩადენილი ქურდობა, რომელმაც ფარულად ამოაცალა მისთვის უცნობ მოქალაქეს ჯიბიდან საფულე და გადასცა გ. ძ-ს, არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი სხვა მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ:

15. მოწმეების - ზ. ლ-ს, ე. ჯ-ს, ბ. გ-ს, გ. ქ-ა და ვ. ო-ს ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, თუ როდის გამოიძახა ისინი ზ. ს-მ და რა მოქმედებები განხორციელდა შემდეგ.

16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეების - ზ. ლ-ს, ე. ჯ-ს, ბ. გ-ს, გ. ქ-ა და ვ. ო-ს ჩვენებებზე სასამართლო ვერ იმსჯელებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების (ირიბ ჩვენებათა გამოყენების შესახებ) გათვალისწინებით.

17. რაც შეეხება გ. ძ-ს პირადი ჩხრეკის ოქმს, ოქმით დასტურდება მხოლოდ დაზარალებულ ა. ა-ს საფულის ამოღების ფაქტი გ. ძ-ს ჩხრეკის შედეგად და ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს გ. მ-ს მიერ საფულის ქურდობის ფაქტს.

18. თავად გ. მ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი არ შეიცავს ისეთი ხასიათის ინფორმაციას, რაც შეიძლება გ. მ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტის დადგენის საშუალება იყოს. პირადი ჩხრეკის დროს მისგან არ ამოღებულა არანაირი სახის საეჭვო ნივთმტკიცება ქურდობაში მისი ბრალეულობის დასადასტურებლად.

19. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

20. გ. მ-ს მიერ ჩადენილი ქურდობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება მოწმე ზ. ს-ა ჩვენების სახით.

21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ-ს დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ის უნდა გამართლდეს.

22. ამასთან, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გ. მ-ს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენაში, ჯგუფში მეორე თანაამსრულებელია მსჯავრდებული გ. ძ-ი.

23. საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე მის სასარგებლოდ აუქმებს ან ცვლის განაჩენს იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის კანონის გამოყენებისას დაირღვა კანონი და ეს სამართლებრივი შეცდომა განაჩენით ამ საქმეში მსჯავრდებულ სხვა პირსაც ეხება, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს ამ მსჯავრდებულის მიმართაც.

24. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან გ. მ-ე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და მას გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ქურდობის ჩადენაში ჯგუფურად, შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ძ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მას უნდა ამოერიცხოს ჯგუფურად ქურდობის ჩადენის ბრალდება, ხოლო განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, 309-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. გ. მ-ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

4. გ. მ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. გამართლებულ გ. მ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

6. გ. ძ-ს ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

7. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი