საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №91აგ-14 1 აპრილი, 2015 წელი
ც-ი ს.- 91აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ს. ც-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - 18 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1.000 ლარი, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2.000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ს. ც-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3.000 ლარი.
ს. ც-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 22 მარტიდან.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედო ი. ზ-ს.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე ს. ც-ი გათავისუფლდა:
საქრთველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან;
ს. ც-ს იმავე კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“, მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 18 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. 2014 წლის 27 აგვისტოს მსჯავრდებულმა ს. ც-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. მ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
აპელანტების განმარტებით, კვლევითმა ცენტრმა გასცა ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ: „აღებულ ანაწმენდებზე ნიტრონაერთების (მათ შორის N02) არსებობა არ ადასტურებს, რომ ს. ც-ს აღნიშნული წვის მიკროკვლევები მიღებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შემდეგ, რადგან აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ ანაწმენდი დენთის არსებობაზე (ნიტრონაერთებზე) ექსპერტის მიერ აღებულ უნდა იქნას არა უმეტეს ხუთი საათის შემდეგ და აუცილებლად, ყველა შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს სტიბიუმისა და ბარიუმის არსებობაზე მიკროსკოპული ან ანალიზიური კვლევით“. შსს–ს წერილით კი დგინდება, რომ 2009 წელს, როდესაც საქმეზე ჩატარდა ექსპერტიზები დენთის ნარჩენებზე, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ქიმიურ ელემენტებზე – სტიბიუმსა და ბარიუმზე კვლევა არ წარმოებდა.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ცნობილი არ იყო 2009 წლის განაჩენის გამოტანისას, დასტურდება, რომ საქმეში არსებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები დენთის კვალთან დაკავშირებით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ს. ც-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები ითხოვენ ახლად გამოვლენილი მტკიცებულებისა (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასამართლო ექსპერტიზისა და კრიმინალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დასკვნა №..., შს სამინისტროს წერილი №... ქიმიურ ელემენტებზე კვლევასთან დაკავშირებით) და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტისა და იმავე კოდექსის 312–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას და ს. ც-ის გამართლებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ს. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ადვოკატი შ. მ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებას იმავე საფუძვლებით, რაზეც შუამდგომლობაში უთითებდა და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოსადმი იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ უთითებს რაიმე ობიექტურ მიზეზზე, ან ხელისშემშლელ ფაქტორზე, თუ რატომ ვერ წარადგინა სისხლის სამართალწარმოების დროს მითითებული მტკიცებულებები, რომლებიც, მათივე მტკიცებით, ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, რისი შესაძლებლობაც მათ კანონმდებლობის თანახმად ჰქონდათ. აღნიშნული მოცემულობა კი ფაქტობრივად უკარგავს მათ მიერ მითითებულ გარემოებასა და მტკიცებულებებს ახალი ფაქტის ან მტკიცებულების მნიშვნელობას, სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაშვებობის სხვა სავალდებულო კრიტერიუმების გარეშეც.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ს. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ს. ც-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. მ-ი შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი