დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.12.2015
საქმის ნომერი
70აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№70აგ-15 10 დეკემბერი, 2015 წელი

ო-ე გ, 70აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - გ. ო-ა და შ. რ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივლისის განაჩენით:

გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით გ. ო-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და გ. ო-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

შ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აპრილის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ო-ა და შ. რ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით გ. ო-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 თებერვლის განაჩენით გ. ო-ს საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–12 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით გ. ო-ს საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–3 მუხლის თანახმად, გ. ო-ე გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ო-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულების - გ. ო-ს, შ. რ-ა და მათი ადვოკატის - ლ. ა-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

2015 წლის 24 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულებმა - გ. ო-მ და შ. რ-მ, რომლებმაც წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვეს მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 6 ივლისს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა და ამავე კოდექსის 72–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემდეგ გარემოებათა გამო:

შუამდგომლობის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამოცნობის ოქმები დაუშვებელი მტკიცებულებებია, ვინაიდან გამოძიების დროს დაზარალებულებმა თავდამსხმელთა გარეგნობა ისე დეტალურად აღწერეს, რომ ამოცნობის ჩატარებას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ნებისმიერი პირი შეძლებდა მათ ამოცნობას, თუმცა გამოძიებამ მაინც ჩაატარა ამოცნობა. ფ. ი-მ ისინი იმ ნიშნით ამოიცნო, რაც მას ჩვენებაში ჩააწერინეს;

სასამართლოს განაჩენი ემყარება ამ ამოცნობის ოქმებს, ეს ოქმები კი დაუშვებელი მტკიცებულებებია, ვინაიდან აუარესებენ მსჯავრდებულთა მდგომარეობას;

შუამდგომლობაში ასევე მითითებულია, რომ არ ეთანხმებიან განაჩენის მოსაზრებას, თითქოს შ. რ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, რადგან საქმეში წარმოდგენილია როგორც შ. რ-ს, ასევე გ. ო-ს დახასიათებები, რომლებიც გაცემულია სამსახურის, ეკლესიისა და მეზობლების მიერ;

შუამდგომლობის ავტორები აღნიშნავენ, რომ გაყალბებულია ფ. ი-ს განცხადება, ვინაიდან განცხადებაში არსებული ციფრი „2“ გადასწორებულია „3-ად“., დაზარალებული ხან მიუთითებს, რომ მასთან 3 ახალგაზრდა მივიდა, ხან კი უთითებს, რომ 2 ახალგაზრდა სთხოვდა ფულს. არ არის დადგენილი დაზარალებულთა ვინაობა, რადგან დაზარალებულ ი. დ-ს დაკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ის დასაოჯახებელია, მაშინ, როდესაც დაზარალებული ფ. ი-ე ი.დ-ს მეუღლეა, ხოლო თავად დ-ი ხან „ი-დ“ მოიხსენიება, ხან კი - „ი-დ“. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ თავდამსხმელები ფულს სთხოვდნენ ფ. ი-ს, თავად ი-ე კი მიუთითებს, რომ თავდამსხმელები ფულს სთხოვდნენ არა მხოლოდ მას, არამედ - მის მეუღლესაც, შესაბამისად, არ არის დადგენილი თავდამსხმელები ვის სთხოვდნენ ფულს. ამასთანავე, დაზარალებულთა ჩვენებები ერთიმეორისაგან გადაწერილი და ფალსიფიცირებულია, რის გამოც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი; შუამდგომლობის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ გაურკვეველია, რატომ არის ადგილის დათვალიერების, მსჯავრდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაშინ, როდესაც არც ადგილის დათვალიერების და არც მსჯავრდებულთა პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ; დაზარალებულის გარდა, საქმეში დაკითხული სხვა მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ როდესაც პოლიციელები მივიდნენ, მსჯავრდებულებს გაქცევა არც უცდიათ, რაც მიუთითებს, რომ მსჯავრდებულები თვითონ არიან დაზარალებულნი. მათ სახეზე ძალადობის კვალი ეტყობოდათ, მაგრამ გამოძიებამ არ შეამოწმა ისინი დაზიანების დასადგენად, ასევე გამოძიებამ დაზარალებულები არ შეამოწმა ალკოტესტზე, მაშინ, როდესაც ისინი აღიარებენ, რომ ქუჩაში გამოსვლამდე მათ იქეიფეს და არც სამედიცინო შემოწმება არ ჩაუტარდათ, რათა დადგენილიყო, რაიმე დაზიანება ხომ არ აღენიშნებოდათ სხეულზე; არც იმ ქურთუკის ამოღება მომხდარა, რომელიც თავდამსხმელებმა დაუზიანეს ი. დ-ს. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორები ითხოვენ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას, მათ მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მეორე ნაწილზე და სასჯელად მათ მიერ უკვე მოხდილი სასჯელის ჩათვლას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების - გ. ო-ა და შ. რ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულები - გ. ო-ე და შ. რ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა, იმავე მოტივებით, რაზეც მათ მითითებული ჰქონდათ შუამდგომლობაში. კერძოდ ითხოვენ: ზემოაღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას; მათ მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მეორე ნაწილზე და სასჯელად მათ მიერ უკვე მოხდილი სასჯელის ჩათვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ გადასასინჯ განაჩენს საფუძვლად დაედო კანონის დარღვევით მოპოვებული და გაყალბებული მტკიცებულებები, რადგან აღნიშნული გარემოება დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ ახალ გარემოებებს, რომლებიც საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი სასამართლოსთვის და რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - გ. ო-ა და შ. რ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების - გ. ო-ა და შ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განჩინება მსჯავრდებულების - გ. ო-ა და შ. რ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე