დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.02.2016
საქმის ნომერი
97აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№97აგ-15 18 თებერვალი, 2016 წელი

ა-ე ზ, 97აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 აგვისტოს განაჩენით ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად, ზ. ა-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მსჯავრდებულ ზ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 17 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ირაკლი იმერლიშვილისა და მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ქ-ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 აგვისტოს განაჩენში ზ. ა-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ: ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით, 353–ე მუხლის პირველი ნაწილით, 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად, ზ. ა-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 17 იანვრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით - საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ა-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა: სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 27 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ზ. ა-ე გათავისუფლდა სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებითა და სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელებისაგან. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 17 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება:

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“,„გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 17 იანვრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ა-ს გაუნახევრდა სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2009 წლის 17 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ა-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ა-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“,„გ“ და „დ“, 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ზ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 17 იანვრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის დეკემბრის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2015 წლის 28 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. ა-მ, რომელმაც წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო:

შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ პროკურატურის მიერ „შეთითხნილ“ ბრალდებას. დ. მ-ს მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარები კონტროლდებოდა შსს შესაბამისი დანაყოფის მიერ. სწორედ ამის საშუალებით გახდა ცნობილი „სოდისათვის“ მისი და მ-ს შეხვედრის შესახებ და არა აგენტების მეშვეობით, როგორც ისინი მიუთითებენ.

შუამდგომლობის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ მის პირად ჩხრეკას მ-ე არ ესწრებოდა, ხოლო მეორე გამომძიებელი რ. ხ-ი, რომელიც ხელს აწერს პირადი ჩხრეკის ოქმს, გამოძიებაში საერთოდ არ არის დაკითხული. როდესაც მისი პირადი ჩხრეკა დაიწყეს, მის მარცხნივ მდგომმ სოდის თანამშრომელმა ჩაუყო ხელი ქურთუკის გარეთა, მარცხენა ჯიბეში და ამოუღო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ეყარა თეთრი აბები. შესაბამისად, მსჯავრდებულის განმარტებით, ნარკოტიკი მისი არ ყოფილა და იგი მას ჩაუდო შსს–ს თანამშრომელმა. დაკავების ოქმის შედგენისას მან გამომძიებელს უკარნახა არასწორი მისამართი. ამის შემდეგ 2009 წლის 16 იანვრის თარიღით შედგა ცნობა იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ, რომლის გადამოწმების შედეგად დადგინდა ვითომდა მისი მონაწილეობა დანაშაულებრივ საქმიანობაში, სადაც მიუთითეს მის მიერ არასწორად ნაკარნახევი მისამართი. მსჯავრდებულის განმარტებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ გამომძიებლებს არანაირი ოპერატიული ინფორმაცია არ ჰქონდათ და არც მისი საცხოვრებელი მისამართი იცოდნენ,რის დასადასტურებლადაც მსჯავრდებულს წარმოდგენილი აქვს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტი.

მსჯავრდებული ასევე მიუთითებს მისი მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარების დეტალურ ამონაწერზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის მობილურ ტელეფონზე შემოსული ზარები ფიქსირდება 14.07– 14.25 საათებში, მაშინ, როდესაც გამომძიებელმა მისი პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა ვითომდა 13.30 საათზე. ამავე დროს 13.24 საათზე მას ესაუბრა მ-ე იმის შესახებ, რომ ვერ პოულობდა იმ მისამართს, სადაც უნდა ენახა. გამომძიებელს კი დაკავების ოქმში მისი ფაქტობრივი დაკავების დროდ უწერია 13.20 საათი. შესაბამისად, მსჯავრდებულის განმარტებით, საქმეში არსებული ყველა ოქმი გაყალბებულია, რადგან ისინი შეადგინეს ქალაქის სამმართველოში.

მსჯავრდებული ასევე მიუთითებს იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ეზოში შეესწრნენ მომხდარ ფაქტს და განმარტავს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ის გარემოება, რომ მისი დაკავების შემდეგ არანაირი საგამოძიებო მოქმედება მის მიმართ არ ჩატარებულა. მოწმეების ჩვენებებით დასტურდება ასევე ის ფაქტი, რომ მ-ე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ვითომდა იარაღს ართმევდა ხელიდან მას და თითქოსდა მისი მიმართულებით ისროდა ტყვიებს, ცრუობენ ასევე მოწმეები - ე-ა და გ-ე, როდესაც განმარტავენ, რომ ის და მ-ე ისე მჭიდროდ ჩხუბობდნენ, რომ ვერ გაბედეს მისთვის იარაღის სროლა, რათა ტყვია მ-ს არ მოხვედროდა. მსჯავრდებულის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იარაღზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და მასზე არ არსებობს თითის ანაბეჭდები, ვინაიდან „არანაირ ამოღებას ადგილი არ ჰქონია“. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იარაღი მას არ ეკუთვნოდა და იგი მან წაართვა გარდაცვლილ პოლიციელს, რაც ასევე დასტურდება გამომძიებელ ე-ს და გარდაცვლილის მამის ჩვენებებით. მსჯავრდებული ასევე მიუთითებს, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა მან შს სამინისტროს, რათა გაეგო, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს ტაბელური იარაღი, მაგრამ შს სამინისტროდან აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე მას უარი განუცხადეს, რაზეც მათ შორის სასამართლოში მიმდინარეობს დავა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ასევე მსჯავრდებულის განმარტებით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს.

შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოში წარადგინა შემდეგი სახის მტკიცებულებები:

დ. ა-ს, ა. ა-ს, ნ. კ-ს, ს. კ-ს გამოკითხვის ოქმები, სასამართლო უწყება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისატრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება, 2009 წლის 17 იანვრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების შესახებ, დადგენილება ბინის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, სააპელაციო საჩივარი, წერილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და ქვითარი, ცნობა, ეჭვმიტანილის დაკავების ოქმი, ჩხრეკისა და ამოღების ოქმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 3 თებერვლის წერილი, დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი, სატელეფონო ზარების ამონაწერი, 2009 წლის 16 თებერვლის წერილი საქართველოს შს სამინისტროდან, საქართველოს შს სამინისტროს 2009 წლის 19 იანვრის წერილი, შემომავალი ზარების ამონაწერი, 2009 წლის 15 ივლისის სხდომის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - გ. კ-ს, ნ. ლ-ა და ლ. კ-ს დაკითხვის ოქმები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა ზ. ა-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითება, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ხოლო სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, გამოვლენილი არ ყოფილა.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან იმ მტკიცებულების სიყალბე, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

საკასაციო პალატას თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ზ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე